ქართლის სასპასპეტო
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქართლის სასპასპეტო — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში, მოიცავდა შიდა ქართლს, დაარსდა ფარნავაზ მეფის დროს.
„მეფეთა ცხოვრების“ ცნობით, ქართლის სამეფოს დამაარსებელმა და მისმა პირველმა მმართველმა ფარნავაზ მეფემ (ძვ. წ. IV საუკუნის ბოლო — ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარი) თავისი სამფლობელო გაყო ცხრა სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად, აქედან რვა იყო საერისთავო (ერისთავით სათავეში) და ერთი სასპასპეტო (სპასალარით („სიფაჰსალარ“)/სპასპეტით („ერან სპაჰპატ“) სათავეში). სასპასპეტოს ტერიტორია, როგორც ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული ერთეულისა, მთლიანად მოიცავდა ისტორიული შიდა ქართლის რეგიონებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონს. ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილმა სამხედრო-ადმინისტრაციულმა მოწყობამ პრაქტიკულად უცვლელი სახით იარსება მთელი ელინისტური ხანის (ძვ. წ. IV-ძვ. წ.I სს.) და გვიანანტიკური პერიოდის (ახ. წ. I-IV სს.) განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ტერიტორია, რომელიც ქართლის სასპასპეტოში შედიოდა, ქართლის სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თავდაპირველად ფარნავაზ მეფემ შემოიღო სპასპეტის წოდება, რომელმაც იხელმძღვანელა სპარსული ტრადიციებით და შიდა ქართლის ტერიტორიაზე დააარსა ერთი სასპასპეტო.
„ | მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.
ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა. და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი. მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი. მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი. მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი. მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა. მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა. ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო. ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა. |
“ |
მეორე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოგვიანებით, თამარ მეფის დროს მოხდა შიდა ქართლის სამ სასპასპეტოდ დაყოფა.
„ | ხოლო ტაშის-კარსა და ლიხის მთას ქვეითი არაგვ-ტფილისამდე სამნი ესე სასპასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯვენე ქართლისა მეფისა თანა მყოფი, ტფილისს ზეით მტკვრის სამხრეთისა და თრიალეთი ფანავრამდე არნ წილი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა და უფლოსისაგან ეწოდა ზენა სოფლები შიდა-ქართლს, და ესენი პირველ იყო ერთ სასპასპეტო და ყოველთა ერისთავთა და სპასპეტთა ზედამხედველი. შემდგომად თამარ მეფისა, ქართლის ერისთავი სხვა, ქსნისა სხვა, და შემდომად განყოფისა ესრეთ სამ სადროშოდ იქმნა. | “ |
—ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ., გვ. 125 |
აღნიშნულმა დაყოფამ იარსება ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე, რომელსაც თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ აღწერილი აქვს სამივე სასპასპეტოს ტერიტორიული მოწყობა.
ერთი სასპასპეტო მდებარეობდა მტკვარსა და თრიალეთის ქედს შორის, ტაშისკარიდან თბილისამდე.
ქართლის სპასპეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფარნავაზ სპასპეტი — მოღვაწეობდა ფარსმან ქველის დროს.
- მაეჟან სპასპეტი — მოღვაწეობდა IV საუკუნეში, ასფაგურ მეფის დროს.
- საურმაგ სპასპეტი — მოღვაწეობდა V საუკუნეში, მირდატ მეფისა და ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს.
- ჯუანშერ სპასპეტი — მოღვაწეობდა V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს.
- ევაგრე სპასპეტი — მოღვაწეობდა VII საუკუნეში, შიო მღვიმელისა და ფარსმან მეფის დროს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 509.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1-2 (ნაკვ 1), ტფ., 1928. დაარქივებული 2019-04-14 საიტზე Wayback Machine.
- სპასალარი
|