ევაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევაგრე ქართველი.
შიო მღვიმელი, იოანე ზედაზნელი და ევაგრე. ახტალის ტაძრის ფრესკა

ევაგრე, VI საუკუნის II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში — ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ევაგრემ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები — სოფ. სხალტბა მიმდგომი გოროვანით. ევაგრე გამოსახულია შიოსთან ერთად ამავე მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (VI საუკუნის II ნახევარი) ქვის კანკელის რელიეფზე (XI ს.). მოხსენებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდელ წარწერაში. შემონახულია შიოს და ევაგრეს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია. პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათალიკოს არსენ დიდს (IX ან X ს.), მეორე წარმოადგენს აქედან გადაკაზმულს — მეტაფრასს, შედგენილია XII საუკუნეში. ევაგრეს შესახებ ცნობები დაცულია აგრეთვე ბასილი კათოლიკოსის მიერ შიოს „სასწაულთა“ შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წლის სიგელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., შიომღვიმე, თბ., 1953;
  • საქართველოს სიძველენი, ტ. 3, დამატება, ტფ., 1926;
  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 4, გვ. 29, თბ., 1979