ხუნანის საერისთავო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნანი.
იბერიის სამეფოს საერისთავოები ფარნავაზ I-ის ეპოქაში.

ხუნანის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული იბერიის სამეფოში. ამ სახელწოდების ტერიტორიული ერთეული პირველად ძვ. წ. III საუკუნის 80-70-იან წლებში ჩნდება — ქართლის ცხოვრების თანახმად — ის იყო ერთ-ერთი ფარნავაზ I-ის მიერ დაწესებულ საერისთავოთა შორის.[1] საერისთავოს ცენტრი იყო ხუნანი. მდებარეობდა მტკვრის სამხრეთით. მოიცავდა ალგეთის ხეობას.[2] გარდაბანი/ხუნანი და სამშვილდე/გაჩიანი ერთად ქმნიდნენ ქვემო ქართლის პროვინციას, რომელსაც ხშირად ტაშირსაც უწოდებდნენ. სომხური გეოგრაფიის — აშხარჰაცუიცის თანახმად საერისთავო მოიცავდა: პარუარს (თბილისის შემოგარენი), მანგლიაცფორს (მანგლისისხევი) და ხუნანს.[2] ქართული ისტორიული ტრადიციის თანახმად მდინარე ბერდუჯი ხუნანი საერისთავოსა და ამასთანავე იბერიის სამეფოს აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენდა. ლეონტი მროველის - მეფეთა ცხოვრების თანახმად მირიან მეფემ ფეროზს მისცა „ქუეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკუარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერის-თავად მუნ“. შემდეგ ბაქარ მირიანის ძემ „გაუცვალა ქვეყანა... რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა“. ჯუანშერ ჯუანშერიანის თანახმად V საუკუნეში ვახტანგ მეფის დროს ხუნანის ერისთავად იხსენიება ნერსარანი. 485 წლის შედეგ იბერიის მეფემ აგარაკთან ხუნანის საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა. 505/506 წლის სომხურ წყაროებში ხუნანის ეპისკოპოსი იბერიის ერთ-ერთი პრელატია.[3] ხუნანის საერისთავო სამშვილდისა და კახეთის საერისთავოსთან ერთად იბერიის სამეფოს აღმოსავლეთ საერისთავოებს წარმოადგენდა.

მოგვიანებით საერისთავოს ტერიტორია არაბთა ბატონობის ქვეშ მოექცა. თბილისის საამიროს (736) დაარსების შემდეგ ხუნანის ამირა თბილისის ამირას დაემორჩლა, რომელიც ფაქტიურად ქართლის გამგებელი იყო.[4] გარდაბნელები აქტიურად მონაწილეობდნენ კახეთის სამთავროს შიდა პოლიტიკაში, რასაც მოწმობს დონაურების მიერ კახეთის სამთავროში ძალაუფლების მოპოვება. კახეთის სამთავრო უშუალოდ კახეთის გარდა, მოიცავდა გარდაბანს და კუხეთს. XII-XIII საუკუნეებში ყოფილი ხუნანის ტერიტორია გაგის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ ხუნანი წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე, მიხეილ (2004). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თსუ. თბილისი. 
  • Hewsen, Robert H. (1992) The Geography of Ananias of Širak. Wiesbaden: Ludwig Reichert Verlag. 
  • Cyril Toumanoff (1963). "The Armeno-Georgian Marchlands", Studies in Christian Caucasian History. Georgetown University Press. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“. თავი მესამე.
  2. 2.0 2.1 Hewsen 1992, pp. 202.
  3. Toumanoff 1963, pp. 482.
  4. Ლორთქიფანიძე, Მარიამ; Მეტრეველი, Როინ; Მუსხელიშვილი, Დავით (2012). საქართველოს ისტორია : 4 ტომად : ტომი II. თბილისი : პალიტრა L, გვ. 174, 306. ISBN 978-9941-19-406-1.