შინაარსზე გადასვლა

სპასპეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპასპეტი (საშუალო სპარსული spāhbed — „მხედართმთავრი“) — უმაღლესი რანგის სამხედრო მოხელე ძველ საქართველოში.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სპასპეტის სახელო ქართლის სამეფოს იერარქიაში პირველ მეფეს ფარნავაზს შემოუღია. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირს წარმოადგენდა და საერთო სარდლობას უწევდა ერისთავებს, მისი სამოხელეო ტერიტორია კი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი რეგიონი — შიდა ქართლი იყო. ამავე სტატუსით იხსენიებს სპასპეტს ჯუანშერის „ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა“: „მპყრობელი შიდა ქართლისა და მპყრობელი ყოველთა ერისთავთა“.

გვიანანტიკურ და ადრეფეოდალურ ქართლში სპასპეტები სამეფო ოჯახთან ბუნებრივი ან ხელოვნური („მამამძუძეობით“) ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი. ისინი, მხედართმთავრობასთან ერთად, ითავსებდნენ მსაჯულისა და უფლისწულის აღმზრდელის მოვალეობებს (მაგალითად, ვახტანგ გორგასლის მამამ, მეფე მირდატმა თავისი ძე სპასპეტ საურმაგს მისცა აღსაზრდელად). მომდევნო საუკუნეებში ქართლში სამეფო ხელისუფლების დასუსტების და ერისთავთა გამთავრების პირობებში სპასპეტის ინსტიტუტი დაკნინდა. საქართველოს გაერთიანების შემდგომ (XI საუკუნე) იგი შინაარსობრივად ანალოგიურმა სპასალარის სახელომ ჩაანაცვლა.

  • კლდიაშვილი დ., ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2017, გვ. 302.