პრერაფაელიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ოფელია“, ჯ. ე. მილე, პრერაფაელიტების ერთ-ერთი ყველაზე ნოცბილი ნახატი.
1852 წელი, ტეიტი, ლონდონი

პრერაფაელიტები (ინგლ. Pre-Raphaelites) — მიმდინარეობა ინგლისურ პოეზიასა და ფერწერაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. შეიქმნა 1850-იანების დასაწყისში ვიქტორიანული ეპოქის პირობითობების, აკადემიური ტრადიციებისა და კლასიკური ნიმუშების ბრმა მიბაძვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

სახელწოდება „პრერაფაელიტები“ ადრეული აღორძინების ეპოქის, ანუ რაფაელისა და მიქელანჯელოს პერიოდამდელ ფლორენციელ მხატვრებთან სულიერ ნათესაობას უნდა აღნიშნავდეს. ესენი არიან: პერუჯინო, ფრა ანჯელიკო, ჯოვანი ბელინი. პრერაფაელიტური მიმდინარეობის ყველაზე გამოჩენილი წევრები იყვნენ პოეტი და ფერმწერი დანტე გაბრიელ როსეტი, მხატვრები უილიამ ჰოლმან ჰანტი, ჯონ ევერეტ მილე, ფორდ მედოქს ბრაუნი, ედვარდ ბერნ-ჯონსი, უილიამ მორისი, არტურ ჰიუზი, უოლტერ კრეინი და ჯონ უილიამ უოტერჰაუსი.

წარმოქმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრერაფაელიტების საძმო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრერაფაელიტიზმის განვითარების პირველი ეტაპი იყო, ეგრეთ წოდებული, „პრერაფაელიტების საძმოს“ შექმნა, რომელშიც თავდაპირველად ერთიანდებოდა შვიდი „ძმა“: ჯონ ევერეტ მილე, უილიამ ჰოლმან ჰანტი, დანტე გაბრიელ როსეტი, მისი უმცროსი ძმა, უილიამ მაიკლ როსეტი, ტომას ვულნერი, ფრედერიკ სტივენსი და ჯეიმზ კოლინსონი.

„ქალწული მარიამის სიყმაწვილე“, დ. გ. როსეტი
1848—1849 წლები, ტეიტი, ლონდონი

საძმოს ისტორია იწყება 1848 წელს, როდესაც ხელოვნებათა სამეფო აკადემიის გამოფენაზე ერთმანეთი გაიცნეს აკადემიის სტუდენტებმა — უილიამ ჰოლმან ჰანტმა და დანტე გაბრიელ როსეტიმ, რომელსაც ჰქონდა ნანახი ჰანტის ნახატები და მათით აღფრთოვანებული იყო. ჰანტი ეხმარება როსეტის დასრულებაში ნახატისა „ქალწული მარიამის სიყმაწვილე“ (ინგლ. Girlhood of Mary Virgin, 1848-49), რომელიც გამოიფინა 1849 წელს. ისვე აცნობს როსეტის ჯონ ევერეტ მილეს, ახალგაზრდა გენიოსს, რომელიც აკადემიაში 11 წლისა ჩაირიცხა. ისინი არა მხოლოდ მეგობრები გახდნენ, არამედ აღმოაჩინეს, რომ იზიარებენ ერთმანეთის შეხედულებებს თანამედროვე ხელოვნებასთან დაკავშირებით: კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ თანამედროვე ინგლისური ხელოვნება ჩიხში შევიდა და კვდება, და რომ მისი აღორძინების საუკეთესო ხერხი იქნება ადრეული იტალიური ხელოვნების გულწრფელობასა და სიმარტივესთან დაბრუნება (ანუ რაფაელის პერიოდამდელი ხელოვნება. რაფაელს პრერაფაელიტები აკადემიზმის ფუძემდებლად მიიჩნევდნენ).[1]

ასე ჩაისახა იდეა საიდუმლო საზოგადოების შექმნისა, რომლის სახელიც იქნებოდა „პრერაფაელიტების საძმო“ — საზოგადოება, რომელიც ხელოვნების ყველა ოფიციალური მიმდინარეობის მიმართ ოპოზიციაში იქნებოდა. ჯგუფში თავდაპირველად მოიწვიეს აგრეთვე ჯეიმზ კოლინსონი (აკადემიის სტუდენტი და კრისტინა როსეტის საქმრო), მოქანდაკე და პოეტი თომას ვულნერი, ახალგაზრდა 19 წლის მხატვარი და მოგვიანებით კრიტიკოსი ფრედერიკ სტივენსი და როსეტის უმცროსი ძმა, უილიამ მაიკლ როსეტი, რომელმაც, ძმის კვალდაკვალ, სამხატვრო სკოლაში ჩააბარე, თუმცა ხელოვნებისადმი განსაკუთრებული მოწოდებით არ გამოირჩეოდა და, საბოლოოდ, ცნობილი სამხატვრო კრიტიკოსი და მწერალი გახდა[2]. მედოქს ბრაუნი გერმანელ ნაზარეველებთან[3] ახლოს იყო, ამიტომ მან, მიუხედავად იმისა, რომ საძმოს იდეებს იზიარებდა, ჯგუთში გაწევრიანეაზე უარი განაცხადა.

როსეტის ნახატზე „ქალწული მარიამის სიყმაწვილე“ პირველად ჩნდება სამი პირობითი ასო P. R. B. (ინგლ. Pre-Raphaelite Brotherhood), ამავე ინიციალებითაა აღნიშნული მილეს „იზაბელა“ და ჰანტის „რიენცი“ (ინგლ. Rienzi).[4] საძმოს წევრებმა ასევე შექმნეს თავიანთი ჟურნალი სახელწოდებით „როსტოკი“, თუმცა მან მხოლოდ 1850 წლის იანვრიდან აპრილამდე იარსება. მისი რედაქტორი იყო უილიამ მაიკლ როსეტი (დანტე გაბრიელ როსეტის ძმა).

პრერაფაელიტები და აკადემიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრერაფაელიტების საძმოს გამოჩენამდე ბრიტანული ხელოვნების განვითარება უმეტესწილად ხელოვნებათა სამეფო აკადემიის მოღვაწეობით ისაზღვრებოდა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოფიციალური დაწესებულება, მასაც საკმაოდ ეჭვიანი და ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა ახალწვეულებთან[1] და ინარჩუნებდა აკადემიზმის ტრადიციებს. ჰანტმა, მილემ და როსეტიმ ჟურნალ „როსტოკში“ განაცხადეს, რომ არ სურთ, გამოსახონ ადამიანები და ბუნება განყენებულად ლამაზებად, მოვლენები კი — რეალობისგან დაშორებულად, და რომ, საბოლოოდ, მათ მობეზრდათ ოფიციალური, „სამაგალითო“ მითოლოგიური, ისტორიული და რელიგიური ნამუშევრების პირობითობა.

პრერაფაელიტებმა მუშაობის აკადემიურ პრინციპებზე უარი თქვეს. მათ მიაჩნდათ, რომ ყველაფერი აუცილებლად ნატურიდან უნდა დახატულიყო. მოდელებად ისინი მეგობრებსა და ნათესავებს ირჩევდნენ.[5] ამგვარად, მაგალითად, ნახატზე ქალწული მარიამის სიყმაწვილე როსეტიმ გამოსახა საკუთარი დედა და და, ხოლო „იზაბელას“ შემყურე თანამედროვეები ცნობდნენ მილეს მეგობრებსა და ნაცნობებს. ეს უკანასკნელი ნახატ ოფელიას შექმნისას ელისაბედ სიდალს წყლით სავსე აბაზანაში საათობით წოლას აიძულებდა. ზამთარი იყო, ამიტომ სიდალი სერიოზულად გაცივდა და მოგვიანებით მილეს ექიმებისგან გამოუგზავნა 50 ფუნტის ღირებულების ქვითარი.[6] უფრო მეტიც, პრერაფაელიტებმა შეცვალეს მხატვრისა და მოდელის ურთიერთობა — ისინი თანაბარუფლებიანი მეწყვილეები გახდნენ. თუკი ჯოშუა რეინოლდსს ნახატების გმირებს ყოველთვის მათი სოციალური სტატუსის შესაბამისად აცვიათ, მაშინ როსეტის შეეძლო, დედოფლის მოდელად გამყიდველი გამოეყენებინა, ქალღმერთის მოდელად კი — მეჯინიბის ქალიშვილი.[7] მნემ და საყვარელმა ფანი კორნფორტმა მას უპოზიორა ნახატისთვის „ლედი ლილითი“.

საძმოს წევრებს თავიდანვე აღიზიანებდათ თანამედროვე ხელოვნებაზე ისეთი მხატვრების გავლენა, როგორებიც არიან სერ ჯოშუა რეინოლდსი, დეივიდ უილკი და ბენჯამინ ჰეიდონი. სერ ჯოშუას (ხელოვნებათა სამეფო აკადემიის პრეზიდენტს) მათ „სერ სლოშუაც“ (სიტყვიდან ინგლ. slosh — „ტალახზე ტყაპუნი“) კი შეარქვეს თავისი უწესრიგო ფერწერული ტექნიკისა და სტილის გამო, რომელიც, როგორც ისინი მიიჩნევდნენ, მთლიანად ნასესხები იყო აკადემიური მანიერიზმისგან. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ იმ დროს მხატვრები ხშირად იყენებდნენ ბიტუმს, ის კი გამოსახულებას ბურუსიანსა და ბნელს ხდის. ამის საპირისპიროდ პრერაფაელიტებს კვატროჩენტოს ეპოქის ფერმწერების მაღალ დეტალიზაციასა და ღრმა ფერებთან დაბრუნება სურდათ. მათ უარი თქვეს „კაბინეტურ“ ფერწერაზე და დაიწყეს ბუნებაში ხატვა,[8] აგრეთვე ცვლილებები შეიტანეს ფერწერის ტრადიციულ ტექნიკაში. დაგრუნტულ ტილოზე პრერაფაელიტები აგეგმარებდნენ კომპოზიციას, ზედ დაჰქონდათ მინერალური საღებავების შრე და მას ზეთს აშორებდნენ საშრობი ქაღალდის მეშვეობით, შემდეგ კი მინერალური საღებავების ზემოდან ხატავდნენ ნახევრადგამჭვირვალე საღებავებით. მოცემული ტექნიკა ნათელი, სუფთა ტონების მიღწევის საშუალებას იძლეოდა. იგი იმდენად გამძლე გამოდგა, რომ პრერაფაელიტთა ნამუშევრები დღემდე თავდაპირველი მდგოამრეობითაა შემორჩენილი.[5]

კრიტიკასთან ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად პრერაფაელიტების ნამუშევრებს საკმაოდ თბილად დახვდნენ, თუმცა მალევე მათ თავს დაატყდათ მკაცრი კრიტიკა და დაცინვები. მილეს ზედმეტად ნატურალისტურმა ნახატმა „ქრისტე მშობლების სახლში“, რომელიც 1850 წელს გამოიფინა, აღშფოთების ისეთი ტალღა გამოიწვია, რომ დედოფალმა ვიქტორიამ მისი ბაკინგემის სასახლეში მოტანა ბრძანა, რათა საკუთარი თვალით ენახა.

საზოგადოებრივი აზრის შემოტევები გამოიწვია აგრეთვე როსეტის ნახატმა „ხარება“, რომელიც ქრისტიანული კანონისგან გადახვევით შესრულდა.[9] 1850 წელს სამეფო აკადემიაში გამოფენაზე როსეტიმ, ჰანტმა და მილემ ვერცერთი ნახატის გაყიდვა ვერ მოახერხეს. ყოველკვირეულ ატენეუმში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში კრიტიკოსი ფრენკ სტოუნი წერდა:

ყველაფერ იმ დიდებულის იგნორირებით, რაც ძველ ოსტატებს შეუქმნიათ, ეს სკოლა, რომელსაც როსეტი მიეკუთვნება, გაუბედავი ნაბიჯებით მიიზლაზნება თავისი ადრეული წინამორბედებისკენ. ეს არის არქეოლოგია, რომელსაც დაკარგული აქვს ყოველგვარი სარგებელი და დოქტრინიორობადაა ქცეული. ადამიანები, რომლებიც ამ სკოლას მიეკუთვნებიან, აცხადებენ, რომ ისინი მისდევენ ბუნების სიმართლესა და სიმარტივეს. სინამდვილეში ისინი მონურად განასახიერებენ მხატვრულ უნიჭობას.[2]

საძმოს პრინციპები კრიტიკას დაექვემდებარა მრავალი პატივსაცემი ფერმწერის მხრიდანაც: ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტის, ჩარლზ ისტლეიკის, მხატვართა ჯგუფ „კლიკასგან“, რომელსაც თავკაცობდა რიჩარდ დადი. შედეგად ჯეიმზ კოლინსონი საძმოდან გავიდა და კრისტინა როსეტისთან ჯვრისწერაც კი გააუქმა.[10] საბოლოოდ მისი ადგილი დაიკავა ფერმწერმა უოლტერ დევერელმა.

არსებული მდგომარეობა გარკვეულწილად იხსნა ჯონ რესკინმა, ხელოვნების გავლენიანმა ისტორიკოსმა და ინგლისის სამხატვრო კრიტიკოსმა. მიუხედავად იმისა, რომ 1850 წელს რესკინი მხოლოდ ოცდათორმეტი წლისა იყო, იგი უკვე გვევლინებოდა ხელოვნების შესახებ არსებული მრავალი ცნობილი ნამუშევრის ავტორად.[2] „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატიაში რესკინმა პრერაფაელიტების ნამუშევრები დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ პირადად არავის იცნობდა საძმოდან. მან განაცხადა, რომ მათი ნამუშევრები „შეიძლება საფუძვლად დაედოს სამხატვრო სკოლას, უფრო დიადს, ვიდრე არის ყველაფერი, რასაც მსოფლიო გასული 300 წლის განმავლობაში იცნობდა“.[11] გარდა ამისა, რესკინმა როსეტის მრავალი ნახატი იყიდა, რითიც მას მატერიალურად დაუჭირა მხარი, და მფარველობის ქვეშ აიყვანა მილე, რომელშიც თავიდანვე დაინახა გამორჩეული ნიჭი.

ჯონ რესკინი და მისი გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ რესკინი ჯ. ე. მილეს პორტრეტზე, 1853—1854 წლები

ინგლისელმა კრიტიკოსმა ჯონ რესკინმა პრერაფაელიტების იდეები ხელოვნებასთან დაკავშირებით მოაწესრიგა და ლოგიკური სისტემით გააფორმა. მის ნამუშევრების შორის ყველაზე მეტად ცნობილია „მხატვრული მონაგონი: მშვენიერი და უგვანო“ (ინგლ. Fiction: Fair and Foul), „ინგლისის ხელოვნება“ (ინგლ. The Art of England), „თანამედროვე მხატვრები“ (ინგლ. Modern Painters). ისაა ავტორი სტატიისა „პრერაფაელიტიზმი“ (ინგლ. Pre-Raphaelitism), რომელიც 1851 წელს გამოიცა.

„ახლანდელი მხატვრები, — წერდა რესკინი „თანამედროვე მხატვრებში“, — გამოსახავენ [ბუნებას] ან ზედმეტად ზედაპირულად ან ზედმეტად შელამაზებულად; ისინი არ ცდილობენ [მის] არსში ჩაწვდომას“. იდეალის სახით რესკინმა წამოაყენა შუა საუკუნეების ხელოვნება, ადრეული აღორძინების ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან პერუჯინო, ფრა ანჯელიკო, ჯოვანი ბელინი, და მოუწოდებდა მხატვრებს, „ეხატათ სუფთა გულით, არაფრის გარშემო არ ეტრიალათ, არაფერი არ აერჩიათ და არაფერი არ უგულებელეყოთ“.[11] ანალოგიურად მედოქს ბრაუნი, რომელმაც პრერაფაელიტებზე გავლენა იქონია, წერდა თავისი ნახატის, „ინგლისთან გამომშვიდობების“ (ინგლ. The Last of England, 1855 წელი), შესახებ: „მე შევეცადე, დამევიწყებინა ყველა არსებული მხატვრული მიმდინარეობა და ამესახა ეს სცენა ისეთად, როგორადაც ის უნდა გამოიყურებოდეს“. მედოქს ბრაუნმა სპეციალურად დახატა ეს ნახატი სანაპიროზე, რათა მიეღო „ყველა მხრიდან განათების“ ეფექტი, რომელიც ზღვისპირას იქმნება მოღრუბლულ დღეებში[12]. ნახატის შექმნის პრერაფაელიტური ტექნიკა ითვალისწინებდა ყოველი დეტალის დამუშავებას.

რესკინმა აგრეთვე შემოიღო „ბუნებისადმი ერთგულების პრინციპი“: „საკუთარი ქმნილებები რომ უფრო გვიყვარს, ვიდრე „მისი“, სწორედ მაგის გამოა, რომ ჩვენ ვაფასებთ ფერად მინას და არა ნათელ ღრუბლებს... „მის“ პატივსაცემად საბანელების დამზადებითა და სვეტების აღმართვით,.. წარმოვიდგენთ, რომ გვეპატიება სამარცხვინო უგულებელყოფა მთებისა და დინებების, რომლებითაც „მან“ ჩვენი საცხოვრებელი — დედამიწა დააჯილდოვა.“[13] ამგვარად, ხელოვნებას ხელი უნდა შეეწყო ადამიანში სულიერების, ზნეობრივი სისუფთავისა და რელიგიურობის აღორძინებისთვის. ადამიანი არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული რიტუალურობით, რაც ასევე იქცა პრერაფაელიტების მიზნად.

რესკინს ეკუთვნის პრერაფაელიტიზმის მხატვრული მიზნების ცხადი განსაზღვრა:

მარტივია, მართო ფუნჯი და ხატო ბალახები და მცენარეები თვალისთვის საკმარისი საიმედოობით; ამის მიღწევა ნებისმიერს შეუძლია რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ. მაგრამ ბალახებსა და მცენარეებს შორის გამოსახო საიდუმლოებანი სამყაროსა და ურთიერთკავშირთა, რომლებითაც ბუნება ჩვენს ცნობიერებას ესაუბრება, გადმოსცე აფხვიერებული მიწის ნაზი ხვეული და ტალღოვანი ჩრდილი, იპოვო ყველაფერში, რაც ყველაზე პატარად გვეჩვენება, სილამაზისა და დიდებულების მარადიული ღვთიური ახალქმნადობის გამოვლინება, დაანახო ეს უგუნურებსა და უსინათლოებს — ასეთია მხატვრის დანიშნულება.[14]

რესკინის იდეებმა ძლიერ იმოქმედეს პრერაფაელიტებზე, განსაკუთრებით უილიამ ჰოლმან ჰანტზე, რომელმაც თავისი ენთუზიაზმი მილესა და როსეტისაც გადასდო. 1847 წელს ჰანტი წერდა რესკინის წიგნის, „თანამედროვე მხატვრების“, შესახებ: „როგორც არცერთი სხვა მკითხველი, მე ვგრძნობდი, რომ ეს წიგნი სპეციალურად ჩემთვის დაიწერა“.[11] მუშაობის საკუთარ მეთოდზე საუბრისას ჰანტი აგრეთვე აღნიშნავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ამოსავალი წერტილი სწორედ საგანი იყოს, „არამხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს საგნის დასრულებადობის შარმი, არამედ იმიტომ, რომ გაიგო ბუნებაში არსებული დიზაინის პრინციპი“.[15]

დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც პრერაფაელიტიზმმა რესკინის მხარდაჭერა მიიღო, პრერაფაელიტები აღიარეს და შეიყვარეს, მისცეს ხელოვნების მოქალაქეობა, ისინი შემოდიან მოდაში, სამეფო აკადემიის გამოფენებზე მათ უფრო კეთილმოსურნედ იღებენ, წარმატებულად ჩაიარა აგრეთვე 1855 წლის მსოფლიო გამოფენამ პარიზში[16].

უკვე ნახსენები მედოქს ბრაუნის გარდა, პრერაფაელიტური სტილით დაინტერესდნენ ასევე არტურ ჰიუზი (რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ნახატით „აპრილის სიყვარული“, 1855-1856 წლები), ჰენრი უოლისი, რობერტ ბრაიტუეიტ მარტინო, უილიამ უინდუსი (ინგლ. William Windus) და სხვები.[17]

მიუხედავად ამისა, საძმო იშლება. შუა საუკუნეებით გატაცებისა და ახალგაზრდული რევოლუციური რომანტიული სულის გარდა ამ ადამიანებს ცოტა რამ აერთიანებდათ. პირველი პრერაფაელიტებიდან მხოლოდ ჰოლმან ჰანტი დარჩა საძმოს დოქტრინის ერთგული. როდესაც 1853 წელს მილე ხელოვნებათა სამეფო აკადემიის წევრი გახდა,[18] როსეტიმ ეს მოვლენა საძმოს დასასრულად გამოაცხადა. „მრგვალი მაგიდა ამიერიდან დაშლილია“, — ასკვნის როსეტი[16]. დროთა განმავლობაში მიდიან სხვა წევრებიც. მაგალითად, ჰოლმან ჰანტი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, თვითონ როსეტი კი პეიზაჟებისა და რელიგიური თემების ნაცვლად ლიტერატურით დაინტერესდა და შექმნა მრავალი ნამუშევარი შექსპირისა და დანტეს მიხედვით.

საძმოს აღორძინების მცდელობები ჰოგარტის კლუბის სახით, რომელმაც 1858 წლიდან 1861 წლამდე იარსება, წარუმეტებელი აღმოჩნდა.

პრერაფაელიტიზმის შემდგომი განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1856 წელს როსეტი ხვდება უილიამ მორისსა და ედვარდ ბერნ-ჯონსს. ბერნ-ჯონსი აღფრთოვანებული იყო როსეტის ნახატით „ბეატრიჩეს სიკვდილის პირველი წლისთავი“ (ინგლ. The First Anniversary of the Death of Beatrice).[7] საბოლოოდ, ის და მორისი მისი მოსწავლეები გახდნენ. ბერნ-ჯონსი მთელ დღეებს ატარებდა როსეტის სტუდიაში, მორისი კი მათ უქმეებზე უერთდებოდა.[7] ამგვარად იწყება პრერაფაელიტების მოძრაობის განვითარების ახალი ეტაპი, რომლის ძირითადი იდეაც ხდება ესთეტიზმი, ფორმების სტილიზაცია, ეროტიზმი, სილამაზისა და სამხატვრო გენიის კულტი.[19] ყველა ეს ნიშანი მიმდინარეობის თავდაპირველი ლიდერის, როსეტის, შემოქმედებისთვისაა დამახასიათებელი. როგორც მხატვარი ველ პრინსეპი (ინგლ. Val Princep) წერდა მოგვიანებით, როსეტი „იყო პლანეტა, რომლის გარშემოც ჩვენ ვტრიალებდით. ჩვენ მის საუბრის მანერასაც კი ვაკოპირებდით“.[7] თუმცა როსეტის ჯანმრთელობა (მათ შორის ფსიქიკურიც) დროდადრო უარესდება და ლიდერობა ედვარდ ბერნ-ჯონსზე გადადის, ვისი ნამუშევრებიც ადრეული პრერაფაელიტების სტილშია შესრულებული. იგი ძალზედ პოპულარული გახდა და დიდი გავლენა იქონია ისეთ ფერმწერებზე, როგორებიც არიან ჯონ უილიამ უოტერჰაუსი, ბაიამ შოუ, კადოგან კუპერი. მისი გავლენა შესამჩნევია აგრეთვე ობრი ბერდსლისა და 1890-იანი წლების სხვა მხატვარი-ილუსტრატორების ნამუშევრებში. 1889 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე მან მიიღო საპატიო ლეგიონის ორდენი ნახატისთვის „მეფე კოფეტუა და ღარიბი გოგონა“.[19]

გვიანდელ პრერაფაელიტებს შორის ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ისეთი ფერმწერები, როგორებიც არიან სიმეონ სოლომონი (ინგლ. Simeon Solomon) და ეველინ დე მორგანი (ინგლ. Evelyn de Morgan), აგრეთვე ილუსტრატორები ჰენრი ფორდი (ინგლ. Henry Justice Ford) და ეველინ პოლი (ინგლ. Evelyn Paul).

„ხელოვნებები და ხელობები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ხელოვნებები და ხელობები.

პრერაფაელიტიზმი ამ დროს აღწევს ცხოვრების ყველა ასპექტში: ავეჯში, დეკორატიულ ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ინტერიერის შემკობაში, წიგნების დიზაინსა და ილუსტრაციებში.

უილიამ მორისი XIX საუკუნის დეკორატიული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.[20] მან დააარსა „ხელოვნებებისა და ხელობების მოძრაობა“ (ინგლ. Arts and Crafts Movement), რომლის მთავარი იდეაც იყო ხელობასთან, როგორც ხელნაკეთი ხელოვნების იდეალთან, დაბრუნება, აგრეთვე ბეჭდვის, ასოთჩამოსხმის, გრავიურების სრულფასოვანი ხელოვნებების რანგში აყვანა.[21] ეს მოძრაობა, რომელიც აიტაცეს უოლტერ კრეინმა, მაკინტოშმა, ნელსონ დოუსონმა, ედვინ ლაჩენსმა, რაიტმა და სხვებმა, მოგვიანებით გამოვლინდა ინგლისურ და ამერიკულ არქიტექტურაში, ინტერიერების დიზაინში, ლანდშაფტურ დიზაინში.

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრერაფაელიტების უმეტესობა პოეზიითაც იყო გატაცებული, თუმცა, მრავალი კრიტიკოსის აზრით, ფასეულობის მატარებელი მხოლოდ პრერაფაელიტიზმის განვითარების გვიანი პერიოდია.[22] დანტე გაბრიელ როსეტიმ, მისმა დამ, კრისტინა როსეტიმ, ჯორჯ მერედიტმა, უილიამ მორისმა და ალჯერნონ სუინბერნმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ინგლისურ ლიტერატურაში, თუმცა ყველაზე დიდი წვლილი როსეტიმ შეიტანა, რომელიც შეპყრობილი იყო იტალიური რენესანსისა და განსაკუთრებით დანტეს ნამუშევრებით. როსეტის მთავარ ლირიკულ მიღწევად ითვლება სონეტების ციკლი „სიცოცხლის სახლი“ (The House of Life).[23] კრისტინა როსეტიც ცნობილი პოეტი იყო. პოეზიით იყო გატაცებული აგრეთვე როსეტის საყვარელი, ელისაბედ სიდალი, რომლის ნაწარმოებებიც მისი სიცოცხლის განმავლობაში გამოუცემელი დარჩა. ერუდიტი უილიამ მორისი არა მხოლოდ ვიტრაჟების აღიარებული ოსტატი იყო, არამედ იგი აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მათ შორის უამრავი ლექსი დაწერა.[24] მისი პირველი კრებული „გვინევრას დაცვა და სხვა ლექსები“ გამოქვეყნდა 1858 წელს, როდესაც ავტორი 24 წლის იყო.[25]

პრერაფაელიტების პოეზიის გავლენით ვითარდებოდა 1880-იანი წლების ბრიტანული დეკადენტიზმი: ერნსტ დოუსონი, ლიონელ ჯონსონი, მაიკლ ფილდი, ოსკარ უაილდი.[22] შუა საუკუნეების რომანტიკული მონატრება აირეკლა იეიტსის ადრეულ შემოქმედებაში.

ცნობილი პოეტი ალჯერნონ სუინბერნი (ინგლ. Algernon Swinburne), რომელმაც სახელი გაითქვა გაბედული ექსპერიმენტებით ლექსთ წყობაში,[26] ამავდროულად დრამატურგი და ლიტერატურული კრიტიკოსი იყო. პირველი დრამა „დედა-დედოფალი“ (ინგლ. The Queen Mother and Rosamond), რომელიც 1860 წელს დაიწერა, სუინბერნმა როსეტის მიუძღვნა,[27] რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სუინბერნი აცხადებდა, რომ პრერაფაელიტიზმის პრინციპებს იცავდა, იგი უდავოდ ამ მიმდინარეობის ფარგლებს გარეთაა.[28]

გამომცემლობითი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კელმსკოტ-პრესი.

1890 წელს უილიამ მორისმა ორგანიზება გაუწია გამომცემლობა „კელმსკოტ-პრესს“ (Kelmscott Press), რომელშიც ბერნ-ჯონსთან ერთად გამოსცა რამდენიმე წიგნი. ამ პერიოდს უწოდებენ უილიამ მორისის ცხოვრების კულმინაციას.[29] შუა საუკუნეების გადამწერთა ტრადიციაზე დაყრდნობით, მორისი, ისევე როგორც ინგლისელი გრაფიკოსი უილიამ ბლეიკი, შეეცადა, ეპოვა წიგნის გვერდების, თავფურცლისა და დაკაბადონების გაფორმების ერთიანი სტილი. მორისის საუკეთესო გამოცემა გახდა ჯეფრი ჩოსერის თხზულებები (ინგლ. The Works of Geoffrey Chaucer); ფურცლის ნაპირები მორთულია ტალღოვანი მცენარეებით, ტექსტს აცოცხლებენ მინიატურები და ორნამენტირებული მთავრული ასოები.[30] დუნკან რობინსონი წერდა:

თანამედროვე მკითხველს, რომელიც შეეგუა XX საუკუნის მარტივ და ფუნქციურ შრიფტს, კელმსკოტ-პრესის გამოცემები ვიქტორიანული ეპოქის ფუფუნების ქმნილებებად ეჩვენება. მდიდრული ორნამენტი, ფოთლების ფორმის ჩუქურთმები, ილუსტრაციები ხეებზე — ყოველივე ეს XIX საუკუნის დეკორატიული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებად იქცევა; ყველაფერი იმ ადამიანის ხელითაა გაკეთებული, რომელმაც ამ სფეროში უფრო დიდი წვლილი შეიტანა, ვიდრე ვინმე სხვამ.

მორისმა გააფორმა გამომცემლობის მიერ გამოცემული 66-ვე წიგნი, ხოლო ბერნ-ჯონსმა ილუსტრაციების უმრავლესობა შეასრულა. გამომცემლობამ იარსება 1898 წლამდე და დიდი გავლენა იქონია XIX საუკუნის მიწურულის ბევრ ილუსტრატორზე, მათ შორის, ობრი ბერდსლეიზე.

ესთეტიკური მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850-იანი წლების მიწურუსლ, როდესაც რესკინისა და პრერაფაელიტების გზები გაიყარა, იქმნება აუცილებლობა ახალი ესთეტიკური იდეებისა და ახალი თეორეტიკოსების, რომლებიც ამ იდეებს შექმნიან.[2] ამგვარ თეორეტიკოსად იქცა ხელოვნების ისტორიკოსი და ლიტერატურული კრიტიკოსი უოლტერ პატერი (ინგლ. Walter Horatio Pater). უოლტერ პატერი მიიჩნევდა, რომ ხელოვნებაში მთავარი ინდივიდუალური აღქმის უშუალობა, ამიტომ ხელოვნებამ უნდა დაამუშავოს ცხოვრებისეული გამოცდილებების თითოეული მომენტი: „ხელოვნება არაფერს არ გვძენს, გარდა ყოველი წარმავალი მომენტის უმაღლესი ფასეულობის გაცნობიერებისა და თითოეული მათგანის შენახვისა“.[2] თეოფილ გოტიესა და შარლ ბოდლერისგან ნასესხები იდეები დიდწილად სწორედ პატერის მეშვეობით იქცა „ხელოვნება ხელოვნებისთვის“[31] და ესთეტიზმის კონცეფციად (ინგლ. Aesthetic movement), რომელიც გავრცელდა ინგლისელი მხატვრებისა და პოეტების წრეში: უისლერის, სუინბერნის, როსეტის, უაილდის. ესთეტიკური მოძრაობის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ოსკარ უაილდმაც (მათ შორის როსეტის გვიანდელ შემოქმედებაზე), რომელიც პირადად იცნობდა ჰოლმან ჰანტსა და ბერნ-ჯონსს. ის, ისევე როგორც ბევრი მისი თანატოლი, კითხულობდა პატერისა და რესკინის წიგნებს, და უიალდის ესთეტიზმი სწორედ პრერაფაელიტიზმიდან აღმოცენდა, რომელიც სილამაზიის პოზიციიდან თანამედროვე საზოგადოების მწვავე კრიტიკის მუხტს ატარებდა.[32] ოსკარ უაილდი წერდა, რომ „ესთეტიკა კრიტიკაზე მაღლა დგას“, რომ იგი ხელოვნებას უმაღლეს რეალობად მიიჩნევს, ცხოვრებას კი — ზღაპრის სახესხვაობად: „მე ვწერ იმიტომ, რომ წერა ჩემთვის უმაღლესი არისტოკრატიული სიამოვნებაა. თუკი ჩემი შემოქმედება მოსწონს რამდენიმე რჩეულს, მე ეს მიხარია. თუ ასე არ არის, მე ეს გულს სულაც არ მწყვეტს“.[32] პრერაფაელიტები აგრეთვე გატაცენულნი იყვნენ ჯონ კიტსის პოეზიით და მთლიანად იზიარებდნენ მის ესთეტიკურ ფორმულას, რომ სილამაზე არის ერთადერთი ჭეშმარიტება.[33]

სიუჟეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გაღვიძებული სირცხვილი“, უ. ჰ. ჰანტი
1853 წელი, ტეიტი, ლონდონი

თავდაპირველად პრერაფაელიტები უპირატესობას ანიჭებდნენ სახარებისეულ სიუჟეტებს, თანაც ფერწერაში გვერდს უვლიდნენ ეკლესიურ ხასიათს და სახარებას მხოლოდ სიმბოლურად ინტერპრეტირებდნენ. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა გამოსახული სახარებისეული ეპიზოდების ისტორიულ ერთგულებას, არამედ მათში ჩადებულ ფილოსოფიურ აზრს. ამგვარად, მაგალითად, ჰანტის ნახატში „ქვეყნიერების სინათლე“ მხსნელის სახით, რომელსაც ხელში სანათი უჭირავს, გამოსახულია რწმენის იდუმალი, ღვთიური სინათლე, რომელიც ცდილობს ადამიანთა ჩაკეტილ გულებში შეღწევას ისევე, როგორც ღმერთი აკაკუნებს ადამიანთა საცხოვრებლის კარზე.[14]

პრერაფაელიტები ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებრივ უთანასწორობაზე ვიქტორიანულ ეპოქაში, ემიგრაციაზე (მედოქს ბრაუნისა და არტურ ჰიუზის შემოქმედება), ქალის დამდაბლებულ მდგომარეობაზე (როსეტი), ჰოლმან ჰანტი პროსტიტუციის თემასაც კი შეეხო თავის ნახატში „გაღვიძებული სირცხვილი“ (ინგლ. The Awakening Conscience, 1853 წელი). ნახატზე გამოსახულია ქალი, რომელიც უეცრად მიხვდა, რომ ცოდვას სჩადის, ამიტომ ივიწყებს თავის საყვარელს და მისგან თავისუფლდება ისე, თითქოს რაღაც ძახილი მოესმა ღია ფანჯრიდან.[12] მამაკაცი ვერ ხვდება მის სულიერ წამოქროლებას და აგრძელებს ფორტეპიანოზე დაკვრას. აქ პრერაფაელიტები არ ყოფილან პიონერები, მათ დაასწრო რიჩარდ რედგრეივმა თავისი ცნობილი ნახატით „აღმზრდელი ქალი“ (1844). მოგვიანებით, 1840-იან წლებში, რედგრეივმა მრავალი მსგავსი ნაწარმოები შექმნა, რომლებიც ქალთა ექსპლუატაციას ეძღვნებოდა.

პრერაფაელიტები ისტორიულ თემებზეც ხატავდნენ. ისინი უდიდეს სიზუსტეს აღწევდნენ ფაქტობრივი წვრილმანების გამოსახვაში, მიმართავდნენ კლასიკური პოეზიისა და ლიტერატურის ნაწარმოებებს, დანტე ალიგიერის, უილიამ შექსპირის, ჯონ კიტსის შემოქმედებას. მათ გაიდეალიზირებული ჰქონდათ შუა საუკუნეები,[34] უყვარდათ შუასაუკუნეობრივი რომანტიკა და მისტიკა.

ქალთა სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახვით ხელოვნებაში პრერაფაელიტებმა შექმნეს ქალური სილამაზის ახალი ტიპი — განმარტოებული, მშვიდი, იდუმალი, — რომელსაც მოგვიანებით მოდერნის სტილის მხატვრები განავითარებენ. პრერაფაელიტთა ტილოებზე გამოსახული ქალი იდეალური სილამაზისა და ქალურობის შუასაუკუნებრივი სახეა, მისით აღფრთოვანდებიან და მას ეთაყვანებიან. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია როსეტისთან, რომელსაც აღაფრთოვანებდა სილამაზე და იდუმალება, აგრეთვე არტურ ჰიუზთან, მილესთან, ბერნ-ჯონსთან. მისტიკური, დამღუპველი სილამაზე, la femme fatale მოგვიანებით გამოვლინდა უოტერჰაუსთან. ამ მხრივ ორიენტირად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნახატი „ლედი შალოტიდან“ (1888), რომელიც დღემდე ტეიტის გალერეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატია[35]. იგი დაფუძნებულია ალფრედ ტენისონის პოემაზე. მრავალი ფერმწერი (ჰოლმან ჰანტი, როსეტი) ხატავდა ტენისონის ნაწარმოებების ილუსტრაციებს, კერძოდ, „ლედი შალოტისას“. ისტორია მოგვითხრობს გოგონას შესახებ, რომელიც უნდა დარჩეს კოშკში, სამყაროსგან იზოლაციაში, და სწორედ მაშინ, როდესაც გაქცევას გადაწყვეტს, იგი საკუთარ სიკვდილის განაჩენს აწერს ხელს[29].

ტრაგიკული სიყვარულის სახე მიმზიდველი იყო პრერაფაელიტებისა და მათი მიმდევრებისთვის: XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში თემაზე „ლედი შალოტიდან“ შეიქმნა ორმოცდაათზე მეტინახატი,[36] პოემის სახელი კი ფრაზეოლოგიზმად იქცა.[37] პრერაფაელიტები მოხიბლულნი იყვნენ ისეთი თემებით, როგორებიცაა სულიერი სიწმინდე და ტრაგიკული სიყვარული, უპასუხო სიყვარული, მიუღწეველი ქალი, რომელიც კვდება სიყვარულის გამო ან დაღდასმულია სირცხვილითა თუ წყევლით, აგრეთვე შეუდარებელი სილამაზის მქონე დაღუპული ქალი[29].

პირველი ნახატი სერიიდან „წარსული და აწმყო“, ავგუსტ ეგი. 1837 წელი, ლონდონი

პრერაფალიტებმა ხელახლა განიხილეს ქალურობის ვიქტორიანული კონცეფცია. მაგალითად, არტურ ჰიუზის „ოფელიაში“ ან ავგუსტ ეგის „წარსულსა და ამწყოში“ (ინგლ. Past and Present, 1837—1860) ქალი ნაჩვენებია როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია სექსუალური ლტოლვისა და ვნების განცდა, რომლებსაც, როგორც წესი, იგი უდროო აღსასრულამდე მიყავთ. ავგუსტ ეგმა შექმნა სერია ნამუშევრებისა, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ინგრევა ოჯახური კერა მას შემდეგ, როცა ირკვევა დედის ცოლქმრული ღალატი. პირველ ნახატზე ქალი იატაკზე წევს, სახე ხალიჩაში აქვს ჩარგული, სხეულს სრული უიმედობის პოზა მიუღია, ხელზე სამაჯურები კი ბორკილებს მოგვაგონებს.[29] დანტე გაბრიელ როსეტი იყენებს პერსეფონეს ფიგურას ძველბერძნული მითოლოგიიდან: ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოიტაცა პლუტონმა და თავის მიწისქვეშა სამეფოში წაიყვანა, ის კი დედამიწაზე დაბრუნებაზე ოცნებობს. იგი მიირთმევს მხოლოდ ბროწეულის რამდენიმე მარცვალს, თუმცა საკვების მცირეოდენი ნაწილიც საკმარისია საიმისოდ, რომ ადამიანი სამუდამოდ დარჩეს მიწისქვეშა სამყაროში. როსეტის პროზერპინა უბრალოდ ლამაზი ქალი არაა ჩაფიქრებული მზერით, იგი ძალიან ქალური და მგრძნობიარეა, ხოლო ბროწეული მის ხელში წარმოადგენს სიმბოლოს ვნებებისა და ცდუნებებისა, რომელთაც იგი დაემორჩილა.[29]

პრერაფაელიტების შემოქმედებაში ერთ-ერთი უმთავრესი თემაა შეცდენილი ქალი, უპასუხო სიყვარულით განადგურებული, შეყვარებულის ღალატისა და ტრაგიკული სიყვარულის მსხვერპლი. ნახატების უმრავლესობაში აშკარად ან ფარულად ფიგურირებს მამაკაცი, რომელიც პასუხისმგებელია ქალის დაცემაზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰანტის „გაღვიძებული სირცხვილი“ ან მილეს ნახატი „მარიანა“.

ანალოგიური თემატიკა შეინიშნება პოეზიაშიც: უილიამ მორისის „გინევრას დაცვაში“[38] (ინგლ. The Defence of Guenevere), კრისტინა როსეტის ლექსში „Light Love“ (1856), როსეტის პოემაში „ჯენი“ (1870), სადაც ნაჩვენებია დაცემული ქალბატონი, მეძავი, რომელსაც სრულებით არ ანაღვლებს თავისი მდგომარეობა და ტკბება კიდევაც სექსუალური თავისუფლებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Путеводитель по искусству / Под ред. Яна Чилверса. — М.: ОАО Издательство «Радуга», 2002.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Шестаков В. П. Прерафаэлиты: мечты о красоте. — Прогресс-Традиция, 2004. — ISBN 5-89826-217-2
  3. ნაზარეველები — XIX საუკუნის დასაწყისის გერმანელ მხატვართა ჯგუფი, რომელიც ცდილობდა რელიგიური ფერწერის განახლებას არა მხოლოდ XV საუკუნის იტალიელი ოსტატების, განსაკუთრებით ბეატო ანჯელიკოს, გრძნობის სიღრმესა და გულწრფელობათან დაბრუნების გზით, არამედ აგრეთვე კომპოზიციის, ხატვის, საღებავებისა და ტექნიკური ხერხების მათ ტიპებთან დაბრუნებითაც. ფერწერის ამ მიმდინარეობის დამაარსებელი და მთავარი წარმომადგენელი იყო იოჰან ფრიდრიხ ოვერბეკი.
  4. უფრო ზუსტად კი, „Rienzi vowing to obtain justice for the death of his young brother, slain in a skirmish between the Colonna and the Orsini factions“, 1848-1849
  5. 5.0 5.1 Ч. 2. Архитектура, изобразительное и декоративно-прикладное искусство 17-20 веков // Энциклопедия для детей. — М.: Аванта.
  6. Secher, Benjamin.. ათი რამ, რაც არ იცოდით „ოფელიას“ შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-02-07.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის jericho არ არის მითითებული ტექსტი; $2
  8. პანელი მანჩესტერის სამხატვრო გალერეაში (PDF)
  9. დანტე გაბრიელ როსეტი. Энциклопедия Кольера. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 4.05.2008.
  10. თუმცა ჯვრისწერის გაუქმება, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური უთანხმოებებით იყო გამოწვეული.
  11. 11.0 11.1 11.2 Wood Christopher. The Pre-Raphaelites. — L.: Weidenfeld and Nicolson, 1981. — ISBN 0-297794140
  12. 12.0 12.1 პრერაფაელიტების საძმო
  13. Рескин Джон. Лекции об искусстве / Пер. с англ. П. Когана. — М.: БГС-ПРЕСС, 2006. — ISBN 5-93381-209-9
  14. 14.0 14.1 პრერაფაელიტები ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში
  15. Майкл, Бартрам.. Выставка фотографий прерафаэлитов. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-02-06.
  16. 16.0 16.1 Энциклопедия символизма. Живопись, графика и скульптура. Литература. Музыка. Жан Кассу. — М.: Республика, 1998.
  17. Speel, Bob. Братство прерафаэлитов. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-02-06.
  18. მოგვიანებით მილე საერთოდ ჩამოშორდა საძმოს იდეას. მისი 1868 წლის ნახატი „ვანესა“ (Vanessa) სტილისტიკით უფრო ველასკესისა და ჯოშუა რეინოლდსის ნამუშევრებს ჰგავს, ვიდრე პრერაფაელიტების ტექნიკას.
  19. 19.0 19.1 Байор, Нина.. Прерафаэлиты в энциклопедии «Кругосвет». დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-02-06.
  20. Morris & Co. წაკითხვის თარიღი: 2008-05-04.
  21. Михаил Белецкий.. Дизайн и Современность. Размышления о новом и старом в типографике XX века. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-05-04.
  22. 22.0 22.1 George P. Landow.. Pre-Raphaelitism in Poetry. victorianweb.org. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 5.05.2008.
  23. თარგი:Книга
  24. Utopia Matters: from Brotherhoods to Bauhaus. e-flux. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-05-17.
  25. თარგი:Книга
  26. Суинберн, Алджернон Чарльз. Энциклопедия «Кругосвет». დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 5.05.2008.
  27. Literary Aspects of Pre Raphaelitism. § 7. Swinburne’s early years.. The Cambridge History of English and American Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-01-26-ში. წაკითხვის თარიღი: 5.05.2008.
  28. ლიტერატურული ენციკლოპედია
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 29.4 www.victorianweb.org
  30. http://www.artclassic.edu.ru/
  31. Патер одним из первых английских теоретиков употребил термин «искусство для искусства» — в статье «Поэмы Уильяма Морриса», опубликованной в 1868 году
  32. 32.0 32.1 თარგი:Книга
  33. Прерафаэлиты. Литературная энциклопедия: в 11 т.
  34. Викторианская эпоха и XIX век в литературе (англ., PDF)
  35. Peter Trippi. British public continue to buy more postcards of «The Lady of Shalott» than any other picture at the Tate Gallery. Phaidon Press. დაარქივებულია ორიგინალიდან 2003-04-09-ში. წაკითხვის თარიღი: 4.05.2008.
  36. თარგი:Книга
  37. თარგი:Книга
  38. Описание поцелуя в строфах 134—138: «Wherewith we kissed in meeting that spring day… When both our mouths went wandering in one way, And aching sorely, met among the leaves; Our hands being left behind strained far away».