დიეგო ველასკესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიეგო ველასკესი
Diegovelazquezselfportrait.jpg
ავტოპორტრეტი (1643)
დაიბადა: 6 ივნისი, 1599
სევილია, ესპანეთი
გარდაიცვალა: 6 აგვისტო, 1660 (61 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება: ესპანელი
სფერო: მხატვრობა
მიმდინარეობა: ბაროკო
ცნობილი ნამუშევრები: ბრედას დაცემა (1634–1635)
ვენერა სარკით (1644–1648)
მენინი (1656)

დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესი (ესპ. Diego Rodríguez de Silva y Velázquez; დ. 6 ივნისი, 1599, სევილია — გ. 6 აგვისტო, 1660, მადრიდი) — ესპანელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დიეგო ველასკესი დაიბადა სევილიაში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი პირველი მასწავლებელი იყო ფრანცისკო დე ერერა, რომელთანაც 11 წლამდე სწავლობდა, ხოლო შემდეგ ის ფრანცისკო პაჩეკოს მოსწავლე გახდა, რომელიც არ ზღუდავდა ველასკესს მისი მხატვრული ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებაში. 20-იანი წლებიდან ველასკესი დამოუკიდებლად გამოდის სამხატვრო ასპარეზზე. მისი შემოქმედების ამ პერიოდს "სევილიურს" უწოდებენ. ამ დროს ველასკესი განიცდის ცნობილი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს გავლენას. ამასთან დიეგოს ველასკესს იზიდავდა უბრალო, იდეალურობას მოკლებული, პლებეური იერის მქონე სახეები. კარავაჯოსგან მან გადმოიღო სპეციფიკური განათება, ე.წ. ტენებროზო-ინტერიერული განათება. ველასკესი თავის პერსონაჟებს ჩამუქებულ ინტერიერში გამოსახავს. იტალიელი ფერმწერთაგან განსხვავებით მას არ იზიდავს რთული, დინამიური კომპოზიციები. მისი ნამუშევრები უფრო სადა განლაგებით გამოირჩევა. ეს სისადავე მის შემოქმედებას ბოლომდე გაჰყვა. აგრეთვე ველასკესისათვის დამახასიათებელია ობიექტურობა; ყოველგვარი შელამაზების უარყოფა. აგრეთვე უნარი, ჩვეულებრივში და უბრალოში დაინახოს სახასიათო და მნიშვნელოვანი. რადგანაც ობიექტურობა პორტრეტის არსებითი ნიშანია, სწორედ ამიტომ ველასკესი ითვლება ყველა დროის უდიდეს პორტრეტისტად.

20-იან წლებში ველასკესი მიიწვიეს ფილიპ მეოთხის სამეფო კარზე. ზუსტად ამავე პერიოდში ესპანეთში ჩამოდის სახელგანთქმული ფლანდრიელი მხატვარი რუბენსი. დიეგო ველასკესი მას მეგზურობას უწევდა სამეფო კარის გალერეის დათვალიერებისას. ახალგაზრდა მხატვარს რუბენსის რჩევით აგზავნიან იტალიაში. მას აქ უნდა ესწავლა და შეეძინა იტალიური ფერწერის ნიმუშები. ველასკესმა უდიდესი აღფრთოვანებით აღიქვა იტალიური მხატვრობა და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ტიციანმა მოახდინა. სწორედ ტიციანმა უბიძგა მას თავისუფალი მხატვრობისაკენ. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ველასკესი ინტენსიურად იწყებს მუშაობას, ძირითადად კი პორტრეტებზე. იგი ასრულებდა მეფის, მისი ოჯახის წევრების, მთავრობის მეთაურებისა და სხვათა პორტრეტებს, რომელთა ფონად მხატვარმა გამოიყენა პეიზაჟები, ნადირობის სცენები, ანიმალისტური ჟანრის ნაწარმოებები და ა.შ. ამ პერიოდის საუკეთესო ნამუშევარია "ბრედის ჩაბარება". ეს არის ე.წ. ჯგუფური პორტრეტი. ამავე პერიოდში ველასკესი ქმნის საეტაპო ნამუშევრებს, როგორიც არის "ჯუჯების სერია", რომლებშიც მჟღავნდება ველასკესის შემოქმედების ერთ-ერთი თავისებურება, ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე წარმოაჩინოს ამ უბედურ ადამიანებში სწორედ მათი ადამიანური საწყისი. ამ სერიის ნახატებს მიეკუთვნება "ელ პრიმა" ჯუჯა, რომელიც გამოირჩევა ინტელიგენტური იერით, ნათელი სახითა და ჭკვიანური გამოხედვით. ველასკესი ამავე პერიოდში ქმნის თავის ცნობილ ნამუშევარს "ვენერა სარკეში", რომელშიც მითიური ქალღმერთი საკმაოდ ორიგინალურად - ზურგიდან არის წარმოდგენილი. მისი სახე ირეკლება სარკეში, რომელიც ამურს უჭირავს. მეორე ნამუშევარია "ეზოპე და მენიპი" - ანტიკური ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენლები. ისინი აქ გამოყვანილნი არიან, როგორც ორი ესპანელი მოხეტიალე მათხოვრის ტანისამოსში, მაგრამ ამავდროულად სავსენი შინაგანი ღირსებითა და კეთილშობილებით.

პაპი ინოკენტი X

ამის შემდეგ ველასკესი მეორედ მიემგზავრება იტალიაში, ამჯერად უკვე როგორც სახელგანთქმული მხატვარი. იტალიაში ყოფნისას მან შექმნა თავისი შემოქმედების უნატიფესი ნამუშევარი, "პაპი ინოკენტი X-ს" პორტრეტი. ეს ნამუშევარი დღესაც აოცებს მნახველს. იგი საკმაოდ მრავლისმთქმელია. პაპის სახეში ერთდროულად ჩანს ძალაც, ჭკუა-გონებაც და სისასტიკეც.

1660 წელს ველასკესი ძლიერი ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. მის ერთ-ერთ შედევრს ამკობს წარწერა: "სიმართლის მხატვარი": ეპითეტი, რომლითაც მას ფრანგი მხატვარი ედუარდ მანე მოიხსენიებდა.

ნამუშევრები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Brown, Dale (1969). The World of Velázquez: 1599–1660. New York: Time-Life Books. ISBN 0-8094-0252-1. 
  • Brown, Johnathan (1986) Velázquez: Painter and Courtier Yale University Press, New Haven, ISBN 0-300-03466-0 ;
  • Brown, Jonathan (1978) Images and Ideas in Seventeenth-Century Spanish Painting Princeton University Press, Princeton, New Jersey, ISBN 0-691-03941-0;
  • Brown, Johnathan (2008) Collected writings on Velázquez, CEEH & Yale University Press, New Haven, ISBN 978-0-300-14493-2.
  • Calvo Serraller, Francisco (1999). Velázquez:. Madrid: Electa. ISBN 84-8156-203-3. 
  • Davies, David and Enriqueta Harris (1996) Velázquez in Seville National Gallery of Scotland, Edinburgh, ISBN 0-300-06949-9;
  • "Diego Velázquez" (1911). ბრიტანიკა, 11th ed. London: Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: