ელენე დარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელენე დარიანი
Elene Dariani-Bakradze.jpg
სრული სახელი ელენე ბაქრაძე
დაბადების თარიღი 1897
გარდაცვალების თარიღი 1979
საქმიანობა პოეტი

ელენე ბაქრაძე (ქორწინებაში: ბერიშვილი, შემდგომ — ქართველიშვილი; დ. 1897 — გ. 1979) — ქართველი ლიტერატორი, პედაგოგი, ფსიქოლოგი და მთარგმნელი. ერთ-ერთი მოსაზრებით — პოეტური გაერთიანება „ცისფერყანწელების“ წევრი და 1915-1924 წლებში ელენე დარიანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსების სავარაუდო ავტორი.

დიდი ხნის განმავლობაში ელენე დარიანი ითვლებოდა პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მისტიფიკაციად, რომელსაც პოეტმა 14 ლექსი მიაწერა. ლექსების უმეტეს ნაწილში მკაფიოდ იკვეთება რომანტიკულ-ეროტიკული შინაარსი. 1990-იან წლებში საარქივო მასალებზე მუშაობისას წარმოიშვა მოსაზრება, რომ ელენე დარიანის ფსევდონიმით წერდა რეალურად არსებული პიროვნება — ელენე ბაქრაძე, რომელსაც პაოლო იაშვილთან რომანტიკული და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა 1915 წლიდან 20-იანი წლების დასაწყისამდე[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე ბაქრაძე დაიბადა 1897 წელს. მამა — თევდორე (მეთოდე) ბაქრაძე — წარმოშობით აზნაური იყო, რაჭიდან, დედა — ნინო ფავლენიშვილი — ქართლელი თავადის ასული. ადრეული ბავშვობა ელენემ სოფელ ერედვში, პაპის — ილია ფავლენიშვილის მამულში გაატარა. 1906 წელს ოჯახი განჯაში გადასახლდა, სადაც თევდორე ბაქრაძე პოლიციაში მსახურობდა. 2 წლის განმავლობაში ელენე მიბარებული იყო მღვიმევის მონასტერში, სადაც მონაზვნად იყო აღკვეცილი მისი მამიდა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო განჯის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელში.

1914 წელს ელენე დაქორწინდა აგრონომ გოგი ბერიშვილზე, ერთხანს მეუღლის მშობლებთან ცხოვრობდა სოფელ ველისციხეში, 1915 წლის სექტემბერში კი ისევ განჯაში დაბრუნდა ქმართან, სადაც 1916 წელს დაასრულა გიმნაზიის მე-8 კლასი. პაოლო იაშვილთან გაცნობის თარიღად სავარაუდოა 1912 წელი, ან — უფრო სარწმუნოდ — 1915 წლის ზაფხული, რაც დასტურდება ელენე ბაქრაძის არქივში აღმოჩენილი პაოლო იაშვილის რომანტიკული შინაარსის წერილებით.

1916 წლის ბოლოდან 1917 წლის გაზაფხულამდე ელენე მოსკოვში ცხოვრობდა და თავისუფალი მსმენელის სტატუსით სწავლობდა. აქვე გაეცნო იგი მოსკოვის ქართულ საზოგადოებას, მათ შორის — ტიციან ტაბიძეს და გალაკტიონს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ელენემ მოსკოვი დატოვა და განჯაში დაბრუნდა. 1917 წლის ბოლოს, ან 1918 წლის დასაწყისში, გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო, ბერიშვილების წყვილი განჯიდან თბილისში, სოლოლაკში გადმოსახლდა[2]. 20-იან წლებში ელენე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე [3].

1921 წელს ელენემ გაიცნო სიმონ ჯანაშია, რომელთანაც მომდევნო წლებში გარკვეული ხნის განმავლობაში ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა, თუმცა მას გაგრძელება არ მოჰყოლია. 1927 წელს, გოგი ბერიშვილთან განქორწინების და ჯანაშიასთან საბოლოოდ დაშორების შემდეგ, ელენე მისთხოვდა ადვოკატ შალვა ქართველიშვილს, რომელსაც 1919 წლიდან იცნობდა. 30-იან წლებში ელენე ბაქრაძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

1937 წელს შალვა ქართველიშვილი დააპატიმრეს. ელენე გადაურჩა დაპატიმრებას, მაგრამ, ბინიდან გააძევეს. 1937-45 წლების განმავლობაში იგი ძლიერ მატერიალურ შეჭირვებას განიცდიდა. მისთვის დიდხანს იყო უცნობი მეუღლის ადგილსამყოფელი. ოფიციალური ინფორმაციით, შალვა ქართველიშვილი გადასახლებაში იმყოფებოდა. მისი დაღუპვის შესახებ ელენემ მხოლოდ 50-იან წლებში შეიტყო[2].

ელენე ბაქრაძე წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას — კითხულობდა რუსული ლიტერატურის ისტორიას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პარალელურად, იგი თანამშრომლობდა აკადემიკოს დ. უზნაძესთან, თარგმნიდა მის ნაშრომებს რუსულ ენაზე[2]. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტშიც [3].

საკუთარი სახელით გამოქვეყნებული ლექსებიდან მხოლოდ ორია ცნობილი: "თავად დარიანს" (გაზეთი "ბახტრიონი" N24, 1922) და "სიმარტოვე" (გაზეთი "ქართული სიტყვა" N26, 1924). ორივე მათგანი ხელმოწერილია "ელ. ბერიშვილის" სახელით [4]. ბიძასთან — იაზონ ბაქრაძესთან მიმოწერით და დღიურებიდან ირკვევა, რომ ელენე ბაქრაძე წერდა მინიატურებსა და ჩანახატებსაც, ერთი მინიატურა გამოქვეყნდა 1915 წელს, ქუთაისში[2], სამი მოთხრობა (ელენე ქართველიშვილის სახელით) გამოაქვეყნა ჟურნალ "მნათობში", 1934 წელს (N7-8). ამავე ჟურნალში გამოქვეყნდა კრიტიკული წერილი დემნა შენგელაიას "განძის" შესახებ (1960წ. N1). ელენე ბაქრაძე თარგმნიდა რუსულიდან და ფრანგულიდან, თუმცა, მისი თარგმანებიდან მხოლოდ ერთია დაბეჭდილი, ე. ქართველიშვილის ხელმოწერით: ი. ტურგენევის "ასია" (გამომცემლობა "ნაკადული", 1968 წელი)[4].

ელენე ბაქრაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა ქართველ და რუს მწერალთა და ხელოვანთა ფართო წრესთან, რომელთა შესახებ მოგონებებიც მოიპოვება მის დღიურებსა და ჩანაწერებში. მიჩნეულია პაოლო იაშვილის ("სონეტი ELLI-ს", 1915), იოსებ გრიშაშვილის, მარიჯანის ლექსების ადრესატად, მას რამდენიმე ექსპრომტი უძღვნა გალაკტიონმაც.

ელენე ბაქრაძე გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, 1979 წელს.

დარიანული ლექსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წლის შემოდგომაზე პაოლო იაშვილმა ქუთაისში საჯაროდ წაიკითხა ეროტიკული შინაარსის ლექსები, რომელთა ავტორად მან ვინმე ელენე დარიანი დაასახელა და საზოგადოებას ავტორის დაუსწრებლობის გამო ბოდიშიც მოუხადა. ლექსების შინაარსი თამამად გადმოსცემდა ქალის ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს, რამაც ბევრი დამსწრე აღაშფოთა, მსმენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა[3].

ლექსები ცოტა მოგვიანებით დაიბეჭდა გაზეთში "მეგობარი" ("ძახილი" და "ჩემი თავადი" 8 ნოემბერს, ხოლო "ზამთარში" — 13 დეკემბერს). საპასუხოდ, მწვავე კრიტიკით გამოვიდა კატო მიქელაძე[2], ხოლო, სოციალ-დემოკრატებმა კი ლექსები სოციალისტ-ფედერალისტებთან დაპირისპირების საბაბად გამოიყენეს, რადგან სწორედ ამ უკანასკნელებთან ასოცირდებოდნენ „ცისფერყანწელები“. ამ მიზეზით, ფედერალისტთა გაზეთმა "მეგობარმა" შემდგომში ლექსების დაბეჭდვაზე უარი განცხადა [4]. 1916 წელს პაოლო იაშვილმა "მეგობარში" გამოქვეყნებული ლექსები გადაიტანა "ცისფერყანწელების" ოფიციალურ ორგანოში, "ცისფერ ყანწებშიც", სადაც, იმავე წელს კიდევ 6 ლექსი დაიბეჭდა ("უვერტიურა", "*** (უკანასკნელი მოვიხსენი...)", "პირამიდებში", "ფერადი სონეტი", "მე და კატა", "ყოველთვის მაისში"). 1915-16 წლებში ქუთაისის საზოგადოებაში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა ლექსებისა და მისი ავტორის შესახებ[2]. ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს... სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს“, — წერდა გაზეთი „სამშობლო“ 1916 წელს.

1916 წლიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 1920 წელს ცისფერყანწელთა გაზეთ "ბარრიკადში" გამოქვეყნდა "ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად", 1922 წელს "მეოცნებე ნიამორებში" დაიბეჭდა "ცისფერი ქოლგა" (N7) და "წერილი ანა ახმატოვას" (N8), 1923 წელს კი — "დარიანული". "დარიანული ციკლის" უკანასკნელი ლექსი "პარიზისაკენ" დაიბეჭდა ჟურნალ "კავკასიონში" 1924 წლის მაისში[4] .

სრული სახით ეს ციკლი გამოქვეყნდა 1959 წელს, რეპრესირებული პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ გამოცემულ კრებულში (შემდგენელი — შალვა დემეტრაძე) . პაოლო იაშვილის ბევრი თანამედროვე (მათ შორის — გრიგოლ რობაქიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მხატვარი ლადო ჯაფარიძე) პოეტ ელენე დარიანს პაოლო იაშვილის მიერ მოგონილ პიროვნებად, მის ლიტერატურულ მისტიფიკაციად თვლიდა. ამას მოგვიანებით ეთანხმებოდნენ ლიტერატურათმცოდნეთა წრეებშიც (დავით წერედიანი, თამაზ კვაჭანტირაძე, ზეინაბ ლომჯარია, თამარ პაიჭაძე, ლალი ავალიანი, ქეთევან ენუქიძე, ავთანდილ ნიკოლეიშვილი) და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოჰყავდათ ლექსების მხატვრულ-სტილისტური ნიშნები. ისინი ასევე აღნიშნავდნენ იმ ფაქტსაც, რომ ლიტერატული მისტიფიკაციის შექმნით, პაოლო იაშვილმა ფეხი აუწყო იმდროინდელ ევროპულ და რუსულ ლიტერატურაში არსებულ ტენდენციებს [4][5]. თავად პაოლო იაშვილმა ირიბად მიუთითა ავტორობაზე პოეტ ნინო თარიშვილისადმი მიმართვაში:

ახალგაზრდა პოეტ ქალს იმთავითვე ქართველი ანა ახმატოვა შეარქვა პ. იაშვილმა.

ანა ახმატოვაზე მაშინ შეყვარებული იყვნენ ს. ჩიქოვანი, გ. ტაბიძე, ალ. აბაშელი, საერთოდ — „ცისფერყანწელები“.

რაკი თქვენ გამოჩნდით, დღეიდან მე ხელს ვიღებ ქალის სახელით ლექსების წერაზეო, — უთქვამს პაოლო იაშვილს ნინოსათვის.

საქმე ისაა, რომ მაშინ პ. იაშვილი ელენე დარიანის ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს[6].

ქორწინების შემდეგ პაოლო იაშვილმა მეუღლეს — თამარ ოქრომჭედლიშვილს უძღვნა ხელნაწერი წიგნაკი ლექსებით, რომელშიც შევიდა ელენე დარიანის სახელით ხელმოწერილი ლექსი "დარიანულიც"[5] (წიგნაკი დაცულია პაოლო იაშვილის შთამომავლებთან).

გარდა ამისა, "ელენე დარიანი" პაოლო იაშვილის ფსევდონიმად არის მოხსენიებული რამდენიმე ლექსიკონსა და ცნობარში, რომელთაგანაც აღსანიშნავია გ. ბაქრაძის მიერ პოეტის სიცოცხლეში შედგენილი ცნობარი "ქართული ფსევდონიმები", სადაც, ავტორის გადმოცემით, ყველა ფსევდონიმი უშუალოდ მათ მფლობელებთან გადამოწმდა წინასწარ [7][4].

იაზონ ბაქრაძესთან მიმოწერის მიხედვით, ელენე ბაქრაძისა და "დარიანული" ლექსების ავტორის იგივეობა თავად ელენეს არასოდეს დაუდასტურებია, ხოლო 1916 წელს კატო მიქელაძისადმი მიწერილ ბარათში უარყო როგორც თავისი, ისე — პაოლო იაშვილის ავტორობა.

გეფიცები სინიდისს, კატო, რომ მე ელენე დარიანზე ძალიან შორს ვარ და არც ერთი ლექსი ქუთათურებზე ადრე მე არ მცოდნია. პაოლო იაშვილი იგი არ არის. ამაზე ლაპარაკი მეტიც არის. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მათი დადარება? ეს, რომ მე იმას კარგათ ვიცნობ და პაოლოზედაც უკეთ, ჩემო ძვირფასო, არ შეიძლება, რომ ცოდვათ ჩამეთვალოს[2].

ამის მიუხედავად, საარქივო მასალების შესწავლამ აჩვენა, რომ ელენე ბაქრაძეს რამდენიმე პიროვნება მოიხსენიებდა "ელენე დარიანად" — მათ შორის, ტიციან ტაბიძე, სიმონ ჯანაშია და იოსებ გრიშაშვილი. მოგვიანებით, ელენე ბაქრაძემ რამდენიმე მოგონებასა და პირად წერილში აღწერა თავისი ურთიერთობა და ლიტერატურული თანამშრომლობა პაოლო იაშვილთან, რომელშიც უთითებდა, რომ პაოლო მისგან გაგზავნილ "თეთრ ლექსებს" "არედაქტირებდა", რითმიან ლექსებად აქცევდა და უქვეყნებდა "ელენე დარიანის" ფსევდონიმით. იგი აცხადებდა, რომ სწორედ მისი თანამონაწილეობით დაერქვა დაჯგუფებას "ცისფერი ყანწები" და პაოლო იაშვილსაც სწორედ მან შეარქვა ეს სახელი. ამასთან, ელენე ხაზს უსვამდა, რომ მისი და პაოლოს იაშვილის ურთიერთობა მხოლოდ პლატონური იყო[2]. ელენე ბაქრაძის მოგონებებისა და არქივში აღმოჩენილი „დარიანული“ ლექსების ვარიანტების საფუძველზე, 1997 წელს ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა წამოაყენა მოსაზრება პოეტ ელენე დარიანისა და ელენე ბაქრაძის იდენტურობის შესახებ[1].

მიუხედავად საარქივო მასალებისა, რომელიც ადასტურებს, ერთი მხრივ, ელენე ბაქრაძის რომანტიკულ ურთიერთობას პაოლო იაშვილთან 1915 წელს, მეორე მხრივ კი — ფაქტს, რომ თანამედროვეთა ნაწილი ნამდვილად იხსენიებდა მას "ელენე დარიანად", მკვლევრების უმრავლესობა შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ლექსების ავტორობის საკითხი მხოლოდ პირად განცხადებებსა და მოგონებებზე დაყრდნობით დამტკიცდეს. ეჭვს იწვევს ისიც, რომ ელენე ბაქრაძის არქივში მისი ხელით გადაწერილი და რედაქტირებული სხვა პოეტების (გრიგოლ რობაქიძის, ანა ახმატოვას, ანა კალანდაძის, გიორგი ლეონიძის) ლექსებიც არის ნანახი, მოგონებებში დარღვეულია ქრონოლოგია, მოყვანილი ინფორმაცია ეწინააღმდეგება სხვა პირთა გადმოცემებს, ან წინააღმდეგობებია მოგონებების სხვადასხვა ვარიანტებს შორის, საკუთრივ ელენე ბაქრაძის "არასადავო" პოეზიის ვერსიფიკაციული ანალიზი კი ვერ აჩვენებს შესაბამისობას "დარიანული ციკლის" ლექსებთან [4][5] .

ელენე ბაქრაძის დღიურებიდან დგინდება, რომ მისი ზოგი ლექსი ნამდვილად ჰქონდა წაკითხული პაოლო იაშვილს, თუმცა, იქვე მითითებულია, რომ ეს ლექსები თავად ელენეს გაუნადგურებია 40-იან წლებში. ასევე, გაუგებრობას იწვევს მისი განცხადებაც, რომ ლექსები, რომელსაც ის პაოლოს უგზავნიდა "რედაქტირებისათვის", რიგ შემთხვევებში გალაკტიონ ტაბიძის ხელთ ხვდებოდა[2]. ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის თქმით, „ახლა, როგორც ვერავინ დაადგენს, რამდენი არის პლატონი პლატონში და რამდენი მისი მასწავლებელი — სოკრატე, ზუსტად ასე ვერ ვადგენთ რამდენია ელენე დარიანის პოეზიაში ელენე ბაქრაძისა და რამდენი — პაოლო იაშვილისა[8], თუმცა, ლექსების ავტორისა და ელენე ბაქრაძის იგივეობის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა და ძიებები დღემდე გრძელდება.

პირველი გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე დარიანის წიგნი პრეზენტაციაზე.

2021 წლის მიწურულს ლიტერატურის მუზეუმის ძალისხმევით პირველად დაიბეჭდა ელენე ბაქრაძის კრებული, რომელშიც შევიდა მისი დღიურები, მოგონებები, მიმოწერა, ფოტომასალა, ლექსები და თარგმანები. მასალები მოძიებულ იქნა ელენე ბაქრაძის არქივსა და პატარძეულის გიორგი ლეონიძისეულ სახლ-მუზეუმში. წიგნის პრეზენტაცია მუზეუმში 2021 წლის 23 დეკემბერს გაიმართა. 2 იანვარს ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წიგნში ელენე დარიანის სახელით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, რისთვისაც მან ბოდიში მოიხადა.[9] მოგვიანებით სია განივრცო და დაემატა გრიგოლ რობაქიძის და ანა კალანდაძის თითო ლექსი, რომელიც ასევე გადაწერილი ჰქონდა ელენე ბაქრაძეს. ანა ახმატოვას, ალექსანდრ ვოსტოკოვისა და ლესია უკრაინკას ლექსების ბაქრაძისეული თარგმანები კი "თარგმანების" ნაკვეთში გადაიტანეს. შეცდომების შესწორების ფურცელი ლაშა ბაქრაძემ პირადი Facebook გვერდის მეშვეობით გაავრცელა[10].

17 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 31 დეკემბრიდან მათ არაერთმა „სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ“ მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ. უწყება მიიჩნევს, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.[9]

სამინისტრომ ლიტერატურის მუზეუმისგან მოითხოვა გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და გაყიდული ეგზემპლარების უკან დაბრუნება, ხოლო იმ პირებს, ვინც სამინისტრომ შეცდომის შესახებ დროულად შეატყობინა, მადლობას გადაუხადა.[9][11]

18 იანვარს ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებმა მიზანდ დაისახეს შესაბამისი თანხის ერთ კვირაში შეგროვებას. [12][11] საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იყო საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად - სულ შესაგროვებელია 12 560 ლარი.[12][11] კამპანიის დაწყებიდან 3 საათში თანხა სრულად მოგროვდა [13].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე / გიორგი ჯავახიშვილი. რედაქტორი : შარლოტა კვანტალიანი. თბილისი 2001
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ელენე ბაქრაძე (დარიანი): მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები ლიტერატურის მუზეუმი. თბილისი 2021 წელი
  3. 3.0 3.1 3.2 მელაშვილი, თამთა (2014), ელენე დარიანი-ბაქრაძე. „სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია“ (ჰაინრიხ ბიოლის ფონდი).
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 ელენე დარიანი, ლექსები. შემდგენელი და გამოკვლევის ავტორი ზეინაბ ლომჯარია. თბილისი, გამომცემლობა "კოლორ-პრინტი". 200წ.
  5. 5.0 5.1 5.2 https://www.youtube.com/watch?v=gTaC_A6OUh4&t=2707s
  6. ნინო თარიშვილი, გვირილა
  7. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=2&t=5467
  8. ბერძენიშვილი, ლევან. ბორენადან თანამედროვე ქართველ მწერალ ქალებამდე. «ლიბერალი». 13 აპრილი 2018.
  9. 9.0 9.1 9.2 კულტურის სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და "საკითხის სერიოზულად განხილვას" გეგმავს
  10. https://www.radiotavisupleba.ge/a/31660138.html
  11. 11.0 11.1 11.2 „დარიანის“ ხელახლა გამოცემას გეგმავენ, გროვდება შემოწირულებები
  12. 12.0 12.1 წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიით გამოსაცემად თანხის შეგროვება დაიწყო
  13. „დარიანის“ შესწორებული ვერსიის გამოსაცემად ₾16 817 რამდენიმე საათში შეგროვდა