მერაბ მამარდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მერაბ მამარდაშვილი
Merab mamardashvili.jpg
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1930(1930-09-15)[1]
დაბ. ადგილი გორი
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1990(1990-11-25)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
საქმიანობა ენის ფილოსოფია, philosophy of mind, philosophical anthropology, ფილოსოფიის ისტორია და ფენომენოლოგია
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლესი კურსები
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები ოლესია ფოკინა
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
საიტი mamardashvili.com

მერაბ მამარდაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1930 ― გ. 25 ნოემბერი, 1990) — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის „ვოპროსი ფილოსოფიი“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

მერაბ მამარდაშვილს სურდა, რომ გონიერი საწყისი შეეტანა ქართველების ეროვნულ მოძრაობაში. მას ჰქონდა სათქმელი ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ადამიანს, რომელიც ლონდონსა თუ ვენაში, რომსა თუ ნიუ-იორკში, ერის ღირსებას იცავდა, სამშობლოში სამწუხაროდ ხმის ამოღების საშუალება არ მისცეს. 1989 წლის ზაფხულში, სახალხო ფრონტის ყრილობაზე, რადიკალურ ჯგუფებს განსაკუთრებით არ მოეწონათ მამარდაშვილის შეფარული ბრალდება: „ფრონტი კომუნისტური პარტიის კი არა, „სხვა ძალების“ სათამაშო ხდებაო". მერაბ მამარდაშვილმა კი „სხვა ძალებში“ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იგულისხა. სწორედ ამავე ყრილობაზე წარმოთქვა მერაბ მამარდაშვილმა ფრაზა – „ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას!“. ფილოსოფოსს, მერაბ მამარდაშვილს მაშინ არ მოუსმინეს. ის აღშფოთებით და გაშმაგებით ყოველთვის იმეორებდა, რომ „თავისუფლება – ესაა, როდესაც ერთის თავისუფლება არ ეღობება მეორის თავისუფლებას და ეს უკანასკნელი აქვს პირობად აღებული”.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა, კონსტანტინე (კოტე) მამარდაშვილი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ამიტომ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში უხდებოდა სამსახური და ცხოვრება. იმჟამად, მერაბის დაბადების დროს, გორში მსახურობდა. დედა, ქსენია პლატონის ასული გარსევანიშვილი დიასახლისი იყო. იგი შვილების უზადო აღმზრდელი და ერთგული მეუღლე გახლდათ.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კოტე მამარდაშვილს ცოლ–შვილი გორიდან თბილისში გადმოჰყავს. ბინას აძლევენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ, ჭავჭავაძის N 24–ში. მერაბი, სწავლას აგრძელებს თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული ცოდნა. მუდამ ძიებაში მყოფს, უჭირდა იმის პოვნა, რაც მის მოუსვენარ სულს და ცნობიერებას დააკმაყოფილებდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს მერაბი, თბილისში ტოვებს დედას და დას, იზას თვითონ კი მოსკოვში მიემგზავრება, სადაც მამამისი კოტე იმყოფებოდა იმ ხანებში.

სტუდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ მამარდაშვილი სწავლას აგრძელებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა ეწაფება ბერძნულ ფილოსოფიას, ფრანგულს და გერმანულს. ადვილად ეუფლება ენებს. წერს კი მხოლოდ ქართულად და რუსულად. მერაბ მამარდაშვილი ასე იგონებს სტუდენტობის წლებს:

„მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა: მონტენი, მონტესკიე, ლიბოესი, რუსო, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე. ჩემი თავი სიმარტოვეში ჩამოვაყალიბე, ფრანგული წიგნების წყალობით და არც კი ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით, თბილისის უნივერსიტეტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამყოფი იყვნენ გერმანიაში. ქართველები, რომლებიც იყვნენ გერმანიაში გაგზავნილნი ფილოსოფიის შესასწავლად და დაბრუნდნენ. მე კი „სიბრძნის შესასწავლად“ მოსკოვის უნივერსიტეტში გავემგზავრე და იქ ვერაფერი ვიპოვე.“

გორიდან მოვკოვში სასწავლებლად ჩამოსული ქართველი ბიჭი, ყველაზე პარტიულ-იდეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი უნივერსიტეტში, ასპირანტი, შემდეგ კიდევ უფრო პარტიულ-იდეოლოგიური ჟურნალის - „მსოფლიო და სოციალიზმის პრობლემების“ მუშაკი და აგრეთვე ჟურნალის „ფილოსოფიის საკითხები“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. ამ ყველაფერთან ერთად ქვეყანაში ის იყო ერთადერთი, ვინც ფლობდა დასავლური ფილოსოფიური აზროვნების სრულ აპარატს.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957-1961 წლებში წერს და აქვეყნებს სტატიებსა და მიმოხილვებს (ზოგიერთი მიმოხილვა ქვეყნდება ფსევდონიმით მ. კ. მერაბოვი). ამ წლების განმავლობაში სტატიები „აზროვნების ფორმისა და შინაარსის კონცეფციის შესახებ ჰეგელის ლოგიკაში“, „ანალიზისა და სინთეზის პროცესები“, „ფილოსოფიის, როგორც ცოდნის ისტორიის ისტორიის შესწავლის ზოგიერთი კითხვა“, და ა.შ.

1961 წელს - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სახელწოდებით - „შემეცნების ფორმების ჰეგელური დოქტრინის კრიტიკისათვის“. 1961 წლისთვის ის საუბრობს ოთხ ენაზე: ინგლისური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.

1961-1966 წლებში მერაბ მამარდაშვილი ცხოვრობს ჩეხეთში, პრაღაში. სწორედ ამ პერიოდში ის ურთიერთობს ევროპელ ინტელექტუალებთან, მათ შორის აღსანშნავია: ჟან-პოლ სარტრი, ანტონინ ლიმი, ანრი კარტიე-ბრესონი, ჟაკ ბელფროი, ალენ მანვი, მილოშ ფორმანი და სხვები.

1969 წელს ჩაატარა სპეციალური კურსები - „ეგზისტენციალიზმი“ და „ჰეგელის სულის ფენომენოლოგია“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1972-1974 წლებში მერაბ მამარდაშვილი კითხულობს ლექციების სერიას („ცნობიერების ანალიზის პრობლემები“) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

მერაბ მამარდაშვილის მიერ უნივერსიტეტში წაკითხული ფილოსოფიის კურსი საჯარო ლექციებად იქცა, ამავე დროს ისიც, უნდა ითქვას, რომ მან ახალგაზრდებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და ახალგაზრდების საყვარელი ფილოსოფოსი გახდა. ლექციაზე შესულს არა მხოლოდ ფეხზე ადგომით არამედ ტაშით ეგებებოდნენ. მსმენელებით გადაჭედილი აუდიტორიის მაგიდაზე უამრავი ჩამწერი იდო. ამ ჩანაწერებს ლექციის შემდეგ უსმენდნენ, შიფრავდნენ, აკონსპექტებდნენ. „იმის გამო, რაც იმ კასეტებზე იყო ჩაწერილი, მარქსიზმ-ლენინიზმის ორი მთავარი იდეოლოგი – ლენინი და სტალინი – სიმწრისგან საფლავში ამოტრიალდებოდნენ, რადგანაც ეს ყველაფერი მატერიალისტურისა და მარქსისტულის საწინააღმდეგო იყო“ – იგონებს მწერალი გივი მარგველაშვილი.

მამარდაშვილის კულტურულ კვლევებში ამოსავალი წერტილი იყო კითხვის ფორმულირება, თუ რას ნიშნავს ადამიანის ამაღლება საკუთარ თავზე. მამარდაშვილი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს იყო ევროპული და რუსული კულტურის მიზანი, რომელსაც ორი ისტორიული წარმოშობა აქვს. თუ მაგალითისთვის სიძველემ დატოვა მემკვიდრეობა ევროპული კულტურისათვის გონიერების ყოვლისშემძლეობის რწმენა, მაშინ ქრისტიანობამ შემოიღო ადამიანის მორალური აღმავლობის იდეა დასავლურ ცნობიერებაში.

1980 წლიდან დაახლოებით 2 წელი კითხულობდა ანდრის რუბენისის მოწვევით, ლექციების კურსს „შემეცნებითი ფორმების ანალიზი და ცნობიერების ონტოლოგია“ ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში, შემდგომ კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ისტორიის ინსტიტუტი და გაემგზავრა საქართველოში.

1980-1990 წელბში მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, განყოფილების უფროსად.

1984-1985 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს მარსელ პრუსტზე - „გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა 1990 წლის 25 ნოემბერს გულის უკმარისობით მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში, როდესაც ბრუნდებოდა სამშობლოში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1968 - „აზროვნების ფორმები და შიგთავსები“
  • 1982 - ა.მ. პიატიგორსკთან ერთად, „სიმბოლო და ეჭვი“
  • 1984 - „რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“
  • 1990 - „როგორ მესმის ფილოსოფია“
  • 1993 - „კარტეზიანული განსჯანი“
  • 1997 - „კარტეზიანული ვარიაციები“
  • 1997 - „შემეცნების ისარი“
  • 1997 - „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამარდაშვილი მ. „ცნობიერების ტიპოლოგია“, 2011 წ.
  • თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002 წ. - გვ.638

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.