შინაარსზე გადასვლა

მუხრანის ციხე-გალავანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციტადელის აღმოსავლეთი კედელი და შესასვლელი
ციტადელის სამხრეთი კედელი

მუხრანის ციხე-გალავანიარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, ისტორიულად შიოსუბანში.

ციხე-სიმაგრე (ფართობი 2,5 ჰექტარი) შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (ყველა დაზიანებულია), ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — კარის ეკლესია (დაზიანებულია). ციტადელის სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე მთლიანად დანგრეულია. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას — გრიგოლ განმანათლებლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVlll საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს, ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს, ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს — კონსტანტინე მუხრანბატონს.

ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი ― „მამა-ბურჯი“

ციტადელი გეგმით კვადრატს (56x54 მეტრი) უახლოვდება. მასში შესვლა მხოლოდ გალავნის გავლით შეიძლება. ჭიშკარი აღმოსავლეთის კედლის ცენტრშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულ კაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. თაღის არე მთლიანად ჩასმულია მაღალ ოთხკუთხედში და ხერხისებურად ნაწყობი აგურის ლავგარდნითაა დასრულებული. ციტადელის კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედა კი 0,5-0,7 მეტრით ვიწრო. ამ სხვაობით იქმნება საბრძოლო ბილიკი, რომელიც მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებს. საბრძოლო ელემენტები მხოლოდ ზედა იარუსზე, ერთ ჰორიზონტზე, ერთმანეთისაგან 4-5 მეტრის დაცილებით არის განლაგებული. კედლები მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით (შემორჩენილია კვალი). ციტადელის კოშკებს შორის ყველაზე დიდია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი, ე.წ. მამა-ბურჯი, შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხარეს; კარის თავზე, კედელში ჩასმული იყო მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით (ქვა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).

კოშკის პირველი სართული ცილინდრულია, გადახურულია დამჯდარი კამაროვანი გუმბათით, კედელში ჩაყოლებულია კიბე. ამ სართულზე სამი სარკმელია. იატაკის შუაგულში ჭაა, რომელიც ახლა 3 მეტრის ქვემოთ ამოვსებულია ქვებით. მეორე სართული დაბალია, აქვს რვაწახნაგა პრიზმის ფორმა და გადახურულია სხივური კამარით. კამარაში გაჭრილია ოთხი სარკმელი. ჩრდილოეთის ერთ-ერთ წახნაგში ბუხარია ჩაშენებული. ღრმა ოთხკუთხა ნიშებში წყვილი სათოფურია, რომლებიც გარეთ ერთიანდება. დანარჩენი სათოფურები მესამე სართულზე ასასვლელი კიბის გარე კედელშია განლაგებული. მესამე სართულიც გეგმით მრავალწახნაგაა. წახნაგები სხივური კამარისაგან ლავგარდნითაა გამოყოფილი. ერთ წახნაგში კარია, მის მარცხნივ ღრმა ნიშია ხუთი წვრილი სათოფურით, შემდეგ ორ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია ორ-ორი სათოფურით. ასეთივე სამი სარკმელია კიბის მარჯვენა მხარეს. ცენტრალური წახნაგი გეომეტრიული და ფოთლოვანი ჩუქურთმებით მორთულ მაღალ ბუხარს უკავია. კამარის წახნაგებზე სქელი ბათქაშით გამოყვანილია რვა ფართო სხივი, ცენტრში მედალიონით. ოთხ წახნაგში ასიმეტრიულად განლაგებულია სარკმლები, დანარჩენებში კი ნიშებია. ისრულთაღიანი სარკმლები და ნიშები ჩასმულია ოთხკუთხა პროფილირებულ ჩარჩოში. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია, რომელზე ასვლაც კედელში დატანებული კიბით შეიძლება. ბანის მაღალ კედელში მიჯრითაა განლაგებული სალოდეები, საზარბაზნეები და სათოფურები. კოშკი მთავრდება ერთ ჰორიზონტალზე განლაგებული ნახევარწრიული ქონგურებით. მამა-ბურჯი მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელ-სათავდაცვო კოშკის ნიმუშია. დანარჩენი სამი კოშკი სამსართულიანია და ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკის მსგავსი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს პირველსა და მეორე სართულზე შესასვლელი ცალ-ცალკე აქვს. სამხრეთ-დასავლეთის კოშკში სართულშუა გადახურვა ბრტყელია. ოთხივე კოშკს ერთნაირი, აგურის ჰორიზონტალური კბილანებით დასრულებული, მაღალ სწორკუთხედში ჩასმული შეისრულთაღიანი კარი აქვს. ერთმანეთისგან 0,3-0,4 მეტრით დაცილებული აგურის ჰორიზონტალურ ფენებს შორის მოთავსებულია თევზიფხურად ნაწყობი ქვების ორ-ორი ან სამ-სამი რიგი.

კარის ეკლესია

კარის ეკლესია ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას, დარბაზულია (13x7,5 მეტრი). XX საუკუნის 20-იან წლებში იგი გადაუკეთებიათ. შიგ ფურნე გაუმართავთ და კედლები კირით შეუთეთრებიათ. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. ღრმა აფსიდში ხუთი ნიში და სამი სარკმელია; აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმელი აღმოსავლეთ ფასადზე გადის, ხოლო დანარჩენი ორი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე.

დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ჩრდილო კედელში სიმეტრიულად განლაგებულია სამი სარკმელი, ხოლო სამხრეთისაში — ორი. ფასადებზე აგურის წყობის გამოყვანილია დეკორატიული რომბები და ჯვრები. ლავგარდანი აგურისაა. XlX საუკუნეში ეკლესიისათვის დასავლეთით მიუშენებიათ აგურის მასიური კარიბჭე. იგი ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. იმავე ხანისაა კარიბჭეზე დადგმული ექვსწახნაგა ღია სამრეკლო. ციტადელის სამხრეთ კედლის გაყოლებაზე მარანია (36x5 მეტრი). მიწაში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის ორმოცდაათამდე ქვევრი. მარნის კედლები და სახურავი გვიანდელია.

გალავანი ციტადელს აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით აკრავს. იგი გეგმით კვადრატს უახლოვდება (155x160 მეტრი). შემორჩენილია დასავლეთის კედელი და სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების მცირე ფრაგმენტები. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში ცილინდრული კოშკები მდგარა (მხოლოდ კვალია შემორჩენილი).

გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა (19,6x11,5 მეტრი). ეკლესიის გუმბათი ჩანგრეულია. სამხრეთითა და დასავლეთით შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელებია. ბემიანი აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა, მათ თავზე — თითოსარკმლიანი საიდუმლო ოთახები. ეკლესიის გუმბათი აღმოსავლეთით საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთით პილონებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. ეკლესიის გუმბათქვეშა მკლავებში თითო სარკმელია, ხოლო ეკლესიის გრძივ კედლებში — სამ-სამი. დასავლეთის კარის ორივე მხარეს პატრონიკეზე ასასვლელი კიბეა. ფასადებზე დეკორატიული თაღებია. ცენტრალურ თაღებს გვერდებზე რომბები და ჯვრები დაუყვება. სამხრეთის კარის არქიტრავზე ქართული და სომხური სამშენებლო წარწერაა, რომლის მიხედვით ეკლესია აგებულია 1844 წელს, მუხრანში მცხოვრები სომხური მოსახლეობისათვის „კეთილნებისა თავადისა მუხრანბატონისა“.

დარბაზული ეკლესია

დარბაზული ეკლესია (14,1x5,8 მეტრი) ნაშენია აგურით. აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. შეისრული კონქით გადახურულ ღრმა აფსიდში სამი სარკმელი და ხუთი თაღოვანი ნიშია. შეისრული კამარა სამ თაღს ეყრდნობა. დარბაზის სამ კედელში ორი სარკმელი და ერთი ნიშია, ჩრდილოეთის კედელში სამი სარკმელია. სარკმლების გარე, საფასადო პირი ამოყვანილია კარგად გათლილი ქვით. ლავგარდანი აგურისაა. ეკლესიას დასავლეთით და სამხრეთით ღია კარიბჭეები აქვს მიშენებული. კარიბჭეთა სვეტებს მარტივპროფილიანი კაპიტელები და ბაზისები აქვთ. თაღები თლილი ქვითაა ამოყვანილი.