მონღოლთა დამპყრობლური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მონღოლთა ლაშქრობების მიმართულებანი

მონღოლთა დამპყრობლური ომებიმონღოლ ფეოდალთა დიდი დამპყრობლური ომები და ცალკეული ლაშქრობები, რომელთა მიზანი იყო ნადავლის შოვნა, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის დამონება და გაძარცვა. მონღოლთა მთავარ სამხედრო ძალას წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი და ძალზე მოძრავი ცხენოსანი ჯარი, რომელიც მომთაბარე არატებისაგან შედგებოდა. მონღოლი ფეოდალები იყენებდნენ აგრეთვე დაპყრობილი ქვეყნების სამხედრო ძალასა და ტექნიკურ მიღწევებს. ჯარს ჰყავდა ერთიანი სარდლობა, იყო უაღრესად დისციპლინირებული და კარგად შეიარაღებული. მონღოლთა დამპყრობლური ომები დაიწყო მონღოლთა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნის შემდეგ, ჩინგიზ-ყაენის (1206–1227) დროს, და თითქმის განუწყვეტლივ, XIII საუკუნის დასასრულამდე გრძელდებოდა. 1207–1211 წლებში მონღოლებმა დაიმორჩილეს ციმბირისა და აღმოსავლეთ თურქესტანის ხალხები: ბურიატები, იაკუტები, ოროთები, ყირგიზები, უიღურები. 1211–1215 წლებში დაიპყრეს ძინის (ჩრდილოეთ ჩინეთი) სახელმწიფო პეკინითურთ, ხოლო 1217 წელს — ყველა მიწა მდინარე ხუანხეს ჩრდილოეთით. 1218 წელს მონღოლებს დამორჩილდა შვიდმდინარეთი. 1219 წელს მონღოლთა 150-ათასიანი არმია ჩინგიზ-ყაენის სარდლობით შუა აზიას შეესია და 1221 წელს დაასრულა მისი დაპყრობა. შემდეგ მის ასპარეზად იქცა ახლანდელი ავღანეთის ტერიტორია, სადაც ბრძოლას განაგრძობდა ხვარაზმის შაჰის მუჰამადის ვაჟი ჯალალედინი. 1221 წელს ჩინგიზ-ყაენმა დაამარცხა იგი მდინარე ინდთან. 1225 წელს მონღოლთა ჯარის მთავარი ძალები სამშობლოში დაბრუნდა. მხოლოდ სარდლების ჯებესა და სუბუდაის 30-ათასიანი რაზმი განაგრძობდა ლაშქრობას დასავლეთში. ეს არმია ჩრდილოეთ ირანის გზით შეიჭრა ამიერკავკასიაში, ააოხრა აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაწილი (იხ. მონღოლთა ბატონობა საქართველოში), კასპიის ზღვის სანაპიროს გავლით გავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, დაამარცხა ალანები და 1223 წლის 31 მაისს მდინარე კალკასთან შეხვდა რუსებისა და ყივჩაყების გაერთიანებულ ჯარს. მოკავშირეები დამარცხდნენ, მონღოლებმა მათ დნეპრამდე მისდიეს, შემდეგ ვოლგის ბულგარელებთან შეტაკებაში დამარცხდნენ და მონღოლეთში დაბრუნდნენ.

1229 წელს ყურულთაის შემდეგ, როცა მონღოლთა დიდი ყაენი უგედეი გახდა, მონღოლთა დამპყრობლური ომები ორი მიმართულებით წარიმართა. აღმოსავლეთში დასრულდა ჩრდილოეთ ჩინეთის დაპყრობა (1231–1234) და დაიწყო კორეასთან ომი (1231–1234), დაპყრობილ იქნა კორეის დიდი ნაწილი. მონღოლთა არმია სუბუდაის და ბათოს სარდლობით შეეცადა ვოლგის გადალახვას (1232), მაგრამ ბულგარელებმა ისევ დაამარცხეს მონღოლები. 1235 წელს ყურულთაის გადაწყვეტილებით ბათოს ჯარს სხვა ულუსების სამხედრო ძალები მიაშველეს. 1236 წლის შემოდგომაზე მონღოლები კვლავ შეიჭრნენ ვოლგა-კამის ბულგარეთში, ხოლო 1237 წლის ზამთრის დამდეგს ბათო თავს დაესხა რიაზანის სამთავროს და 21 დეკემბერს აიღო იგი. 1238 წლის იანვარში კოლომნასთან დამარცხდნენ ვლადიმირის სამთავროს რაზმები. თებერვალში მონღოლებმა აიღეს კოლომნა, მოსკოვი, სუზდალი, ვლადიმირი და 14 სხვა რუსული ქალაქი. 4 მარტს მონღოლებმა გაანადგურეს ვლადიმირის დიდი მთავრის იური ვსევოლოდის ძის პოლკები, თვით დიდი მთავარი ბრძოლაში დაიღუპა. 1240 წლის შემოდგომაზე მონღოლებმა დაიწყეს სამხრეთ რუსეთის დაპყრობა. დეკემბრის ბოლოს დაეცა კიევი, ვლადიმირ-ვოლინსკი, გალიჩი და სხვ., მაგრამ ზოგიერთმა ქალაქმა (დანილოვი, კრემენეცი, ხოლმი) უკუაგდო მონღოლები. 1241 წლის გაზაფხულზე მონღოლთა ჯარი, საგრძნობლად დასუსტებული რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ხალხების გმირული წინააღმდეგობით, მაინც გაიჭრა დასავლეთში. ბათო-ყაენის მთავარი ძალები კარპატების გადასასვლელებით უნგრეთში შეიჭრა, უნგრეთის მეფის ბელა IV-ის 60-ათასიანი არმია შაიოსთან ბრძოლაში (1241 წლის 11 აპრილი) დაამარცხა, დედაქალაქი პეშტი აიღო და დაანგრია, ქვეყანა ააოხრა. მონღოლთა მეორე რაზმი პოლონეთში შეიჭრა, ლეგნიცასთან დაამარცხა პოლონეთისა და გერმანიის მთავრების ლაშქარი და ააოხრა პოლონეთი, მორავიისა და სლოვაკეთის მიწა-წყალი. მონღოლთა ცალკეულმა რაზმებმა აღმოსავლეთ ჩეხეთამდე მიაღწიეს. მაგრამ მეფე ვაცლავ I-მა უკუაგდო ისინი. 1241 წლის ბოლოს მონღოლთა მთელმა ძალებმა თავი მოიყარა უნგრეთში, რათა განეგრძო დასავლეთისკენ შეტევა, მაგრამ ბათომ ვერ შეძლო იქ დამკვიდრება და ავსტრიის და ხორვატიის გავლით ადრიატიკის ზღვისაკენ გაემართა: 1242 წლის შემოდგომაზე, ზღვის სანაპირო ციხეების უშედეგო ალყის შემდეგ, მონღოლებმა ბოსნიის, სერბეთისა და ბულგარეთის გავლით უკან დაიხიეს. ამით დასრულდა მონღოლთა ლაშქრობა ცენტრალურ ევროპაში. უფრო ხანგრძლივი იყო მონღოლთა დამპყრობლური ომები მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამიერკავკასიის დაპყრობის (1236) შემდეგ მონღოლებმა ბოლო მოუღეს რუმის სასულთნოს. 1256 წელს ჰულაგუ-ხანმა აიღო ირანი და შუამდინარეთი, 1258 დაეცა ბაღდადიარაბთა სახალიფოს დედაქალაქი. მონღოლები შეიჭრნენ სირიაში, ემზადებოდნენ ეგვიპტეში ლაშქრობისათვის, მაგრამ 1260 წელს ისინი დაამარცხა ეგვიპტის სულთანმა და ამით დასრულდა მონღოლთა დამპყრობლური ომები დასავლეთში.

XIII საუკუნის II ნახევარში მონღოლთა დამპყრობლური ომები მიმართული იყო აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით აზიის ქვეყნების წინააღმდეგ. მონღოლებმა დაიპყრეს დალის სახელმწიფო (1252–1253), ტიბეტი (1253). 1267–1269 ყუბილაი-ყაენმა სამხრეთ ჩინეთი დაიპყრო. 1281 წელს მონღოლები 1000 ხომალდითა და 100-ათასიანი ჯარით გაეშურნენ იაპონიის დასაპყრობად, მაგრამ მონღოლთა ფლოტი ტაიფუნმა გაანადგურა. მონღოლებმა შეიერთეს ჩინეთის ჯარი და დაიპყრეს ბირმა (დღ. მიანმარი), მაგრამ 1291 წელს იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ იგი. უშედეგო აღმოჩნდა ვიეტნამის დაპყრობის ცდებიც (1257, 1258, 1284, 1985, 1287–1288). მონღოლთა დამპყრობლური ომები დასრულდა 1300 წელს ბირმაში ლაშქრობით. ამის შემდეგ მონღოლმა ფეოდალებმა შეწყვიტეს აქტიური ომები და შეუდგნენ დაპყრობილი ქვეყნების გეგმაზომიერ ექსპლუატაციას. ამისთვის იყენებდნენ ჩინურ ადმინისტრაციას და გამგებლობის ჩინურ გამოცდილებას.

მონღოლთა დამპყრობლურმა ომებმა ზიანი მოუტანა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს და დიდი ხნით შეაჩერა დაპყრობილი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бартольд В. В., Туркестан в эпоху монгольского нашествия, Соч., T. 1, M., 1963;
  • Греков Б. Д., Якyбовский А. Ю., Золотая Орда и ее падение, М.—Л., 1950;
  • Татаро-Монголы в Азии и Европе. Сб. ст., М., 1970;