ჰულაგუ-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰულაგუ-ხანი
მონღ. Хүлэгү, სპარს. ہلاکو
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს 1-ლი ილხანი
მმართ. დასაწყისი: 1261
მმართ. დასასრული: 1265
წინამორბედი: დაარსდა სახელმწიფო
მემკვიდრე: აბაღა-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1217
გარდ. თარიღი: 8 თებერვალი, 1265
გარდ. ადგილი: მარაღა, ირანი
მეუღლე: დოქუზ-ხათუნი
შვილები: აბაღა-ხანი
იუშუმუთი
თარაღაი
აჰმედ თოგუდანი
მენგუ-თიმური
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: ტოლუი
დედა: სორხაჰტანი
რელიგია: ნესტორიანელობა, გარდაცვალების წინ მიიღო ბუდიზმი

ჰულაგუ-ხანი (დ. 1217 — გ. 8 თებერვალი, 1265, მარაღა, ირანი) — ჰულაგუიანების დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი, მონღოლთა დიდი ყაენების, ყუბილაისა და მუნქეს უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰულაგუ დაიბადა მონღოლეთში. ახალგაზრდობა გაატარა სამხედრო ლაშქრობებში. თავი გამოიჩინა ძინის დინასტიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. თავისი უფროსი ძმის, მუნქე-ყაენის მმართველობის პერიოდში დაინიშნა მონღოლთა მთავარსარდლად აზიაში გასამართ ბრძოლებში. მას დაევალა ირანის დაპყრობით ახლო აღმოსავლეთში შეჭრა. ჰულაგუმ დაკისრებულ დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

1255 წელს დაიძრა დასავლეთით. 1256 წელს მოახერხა ალამუთის ციხის აღებით ისმაილიტების განადგურება. 1257 წლის ბოლოს შეიჭრა ერაყში, სადაც ბრძოლა მოუწია აბასიანთა არმიის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად დაამარცხა. მცირეხნიანი ალყის შედეგად კი ქალაქი ბაღდადი აიღო, გაძარცვა და დაარბია ის, აბასიანთა სახალიფოს უკანასკნელი ხალიფა, ალ-მუსთასიმი კი ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯა. (იხილეთ ბაღდადის ალყა) ამ ფაქტის შემდეგ მესოპოტამიაში მონღოლთა ექსპანსია გარდაუვალი იყო. 1259 წელს მან საქართველოში დავით ნარინის აჯანყება სასტიკად ჩაახშო. 1260 წელს ჰულაგუს სარდლობით მონღოლებმა სირია დაიპყრეს და აიუბიდების სამთავროები გაანადგურეს. იმავე წელს ჰულაგუს წინსვლა შეაჩერეს მამლუქებმა, რომლებმაც მონღოლები აინ-ჯალუთის ბრძოლაში სასტიკად დააამარცხეს.

1261 წელს ჰულაგუმ თავის ძმებს შორის გამართულ ომში მხარი დაუჭირა ყუბილაი-ყაენს, რომლისგანაც მადლობის ნიშნად მიიღო ილხანის, ე.ი ტომის ხანის ტიტული. მან საფუძველი დაუდო ახალ დინასტიასა და სახელმწიფოს. 1262 წელს დაიწყო ბრძოლა ოქროს ურდოს ხანის, ბერქას წინააღმდეგ, თუმცა მათ შორის დაპირისპირება ორივე მხარესთვის უშედეგოდ დასრულდა.

ჰულაგუს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ევროპელ მონარქებთან. სწორედ მისი ინიციატივით შეიკრა ფრანგულ-მონღოლური ალიანსი მამლუქების სასულთნოსა და მუსლიმთა წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰულაგუ-ხანი გარდაიცვალა 1265 წელს, მარაღაში. ის შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა, აბაღა-ხანმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hulegu the Mongol, by Nicolas Kinloch, published in History Today, Volume 67 Issue 6 June 2017.