მესოპოტამიის კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მესოპოტამიის კამპანია
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი

ბრიტანელთა სანგრები ტიგროსის რეგიონში, 1916
თარიღი 6 ნოემბერი 191431 ოქტომბერი 1918
მდებარეობა მესოპოტამია, (თანამედროვე ერაყი)
შედეგი დიდი ბრიტანეთის გამარჯვება
სევრის ხელშეკრულება
ოსლამეთის იმპერიის დაყოფა
მესოპოტამია გახდა ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია
მხარეები
ბრიტანეთის იმპერიის დროშა ბრიტანეთის იმპერია
ბრიტანეთის ინდოეთი
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
მესოპოტამიის ფრონტზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა კავკასიის 1-ლი კავალერისტების კორპუსი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია
მეთაურები
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი ჯონ ნიქსონი
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი ჩარლზ ტაუსენდი
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი ლეიკ პერსი
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი ფრედერიკ სტენლი
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი უილიამ მარშალი
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია ნიკოლაი ბარათოვი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია სულეიმან ასკერი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია ნუედინ ფაშა
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია ჰალილ ქუთი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია მუსა ქიაზიმ ყარაბექირი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერიაალი ისხან ფაშა
გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერიაკოლმარ ფონ დერ გოლცი
ძალები
350000-410000 38-ე ქვეითთა დივიზია
6-ე არმია - 20000 კაცი (1916)
62000 კაცი, 55 თოფი, 80 ტყვიამფრქვევი (1917) მარტი
20000-30000 კაცი (1917) სექტემბერი
მესოპოტამიის კამპანია ვიკისაწყობში

მესოპოტამიის კამპანია (ინგლ. Mesopotamian campaign, გერმ. Mesopotamienfront, თურქ. Irak Cephesi; 6 ნოემბერი, 191431 ოქტომბერი, 1918) — საომარი მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი ერთ-ერთი ეპიზოდი იყო მესოპოტამიის ტერიტორიაზე (თანამედროვე. ერაყი) ბრიტანეთის იმპერიის (ძირითადად ინდოეთის) ჯარებსა და ოსმალეთის იმპერიის არმიას შორის.

ბრიტანეთის სარდლობას ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოების დაცვის და ოსმალეთის მესოპოტამიის აღების იმედი ჰქონდა. თურქეთის სარდლობა არ გეგმავდა აქტიურ ოპერაციებს ამ რეგიონში, თუმცა, ინგლისის აქტიური შეტევის დაწყების შემდეგ, იძულებული გახდა შეექმნა მე-6 არმია სამხედრო ოპერაციებისთვის მესოპოტამიაში.

1916 წელს თურქებმა მოახერხეს ელ კუთში ბრიტანული ჯარების ჯგუფის ალყაში მოქცევა და დატყვევება, რის შემდეგაც ბრიტანელებს აქტიური ოპერაციების მიტოვება მოუწიათ. თუმცა 1917 წელს ბრიტანელებმა მოახერხეს ბაღდადის აღება და 1918 წლის ბოლოსთვის ოსმალეთის მესოპოტამიის თითქმის მთელი ტერიტორია მათ კონტროლს ექვემდებარებოდა. ბრძოლა დასრულდა მუდროსის დროებითი ზავის ხელმოწერის მეორე დღეს.[1]

ომის შემდეგ მესოპოტამია გახდა ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია.[2]

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის 30 ოქტომბერს თურქეთის ფლოტის გემებმა, რომელთა შორის იყვნენ ყოფილი გერმანული "გებენი" და "ბრესლაუ", ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის პორტებს შავი ზღვის მიმართულებით. შედეგად ოსმალეთის იმპერია ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში ცენტრალური ძალების მხარეზე. 1 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ ომი გამოუცხადა ოსმალეთს. 5 ნოემბერს ბრიტანეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას.[3]

ანტანტის წინააღმდეგ ომში ოსმალეთის იმპერიის ჩაბმის შემდეგ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის საბადოები, რომლებიც ბრიტანელებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. ანგლო-სპარსეთის ნავთობკომპანიას ჰქონდა ექსკლუზიური უფლებები სპარსეთში ნავთობის საბადოების (გარდა აზერბაიჯანის, გილანის, მაზანდარანის, ასტრაბადისა და ხორასანის პროვინციებისა) განაშენიანებისთვის, ასევე ბრიტანეთს ჰქონდა ინტერესები ქუვეითში.

სპარსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვის გარდა, ბრიტანეთის სარდლობამ გადაწყვიტა ოსმალეთის მესოპოტამიის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება. ოსმალეთის არმიის სარდლობა ამ რეგიონში აქტიურ ოპერაციებს არ გეგმავდა. ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსი ლიდელ გარტი წერდა: „სპარსეთის ყურის მახლობლად მდებარე ნავთობის საბადოებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბრიტანეთის ნავთობით მომარაგებისთვის“.

ოსმალეთის იმპერიის ხელმძღვანელობამ კავკასიის ფრონტს მთავარ ფრონტად მიიჩნევდა. კავკასიაში რუსეთის ჯარებთან ბრძოლის გარდა, იგეგმებოდა ანტანტის ჯარების შეჭრა მესოპოტამიაში, სირიასა და პალესტინაში და ასევე სუეცის არხის აღება.[4]

მხარეთა ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესოპოტამიაში მე-4 ოსმალეთის არმიის ორი არმიის კორპუსი იყო განლაგებული. თუმცა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ეს ჯარები გადაიყვანეს უფრო მნიშვნელოვან რაიონებში, კერძოდ, კავკასიის და სინაის ფრონტებზე. თურქული ჯარების ცალკეული ნაწილები იმყოფებოდნენ მესოპოტამიაში, რომლებიც ფარავდნენ ბილიკებს სპარსეთის ყურიდან მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის და წითელი ზღვის სანაპიროების გასწვრივ. 1914 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ოსმალეთის არმიის 38-ე ქვეითი დივიზია პოდპოლკოვნიკ სულეიმან ასკერი ბეის მეთაურობით იმყოფებოდა მესოპოტამიაში, რომლის ნაწილები იყო ფაოსა და ბასრაში. მალე ოსმალეთის სარდლობამ შექმნა "ერაყის კორპუსი" მესოპოტამიაში ოპერაციებისთვის.[5] ბრიტანეთის სარდლობამ მესოპოტამიაში შეჭრისთვის ჩამოაყალიბა "ინდოეთის საექსპედიციო ძალები D" ბრიტანეთის ინდოეთის არმიისგან გენერალ ჯონ ნიქსონის მეთაურობით. ამ საექსპედიციო ძალების შემადგენლობაში თავდაპირველად შედიოდა მე-6 ქვეითი (პუნის) დივიზია.[6]

საბრძოლო მოქმედებების თეატრის მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესოპოტამია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში XVI საუკუნეში შევიდა. რეგიონში მიედინება ორი დიდი მდინარე, ტიგროსი და ევფრატი, რომლებიც შეერთების ადგილას ალ-ყურნას რეგიონში ქმნიან მდინარე შატ ელ-არაბს, ბასრის ჩრდილოეთით 40 მილში. შატ ელ-არაბი ჩაედინება სპარსეთის ყურეში. მესოპოტამიის ტერიტორია ძირითადად ვაკეების და უდაბნოებისგან შედგება.XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში რამდენიმე დაბა და სასოფლო დასახლება იყო. მთავარი ქალაქი იყო ბაღდადი, რომელიც მდებარეობს ყურედან ჩრდილოეთით თითქმის 570 კილომეტრში. საგზაო ქსელი განუვითარებელი იყო, ამიტომ ძირითადი მარშრუტები მდინარეებზე გადიოდა.[7]

საომარი მოქმედებების მსვლელობაs[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ მესოპოტამია

1914 წლის 23 ოქტომბერს, ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში ოფიციალურად ჩაბმამდე, ბრიტანელებმა სპარსეთის ყურეში ნავთობის საბადოების უსაფრთხოების დასაცავად გადმოსხეს ინდოეთის ერთი ქვეითი ბრიგადა ქალაქ აბადანში (სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობდა) მდინარე შატ ალ-არაბის დელტაზე.

1914 წლის 6 ნოემბერს ბრიტანელებმა დაიწყეს ინდოეთის ჯარების გადმოსხმა შატ ალ-არაბის შესართავთან სპარსეთის ყურეში (ქალაქი ფაო). საზღვაო ძალებმა ციხის დაბომბვა დაიწყეს. მე-6 ინდოეთის დივიზიის ელემენტებმა დესანტი გადასხეს გენერალ-ლეიტენანტი არტურ ბარეტისა და ინდოეთის საექსპედიციო ძალების მთავარი პოლიტიკური ოფიცრის პერსი კოქსის მეთაურობით. 8 ნოემბერს ინდოეთის ჯარებმა მოახერხეს ფაოს დაკავება

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მე-6 პუნსის დივიზიის ნაწილები მთლიანად დაეშვნენ ნაპირზე. ბრიტანული ჯარები, ფლოტის მხარდაჭერით, გადავიდნენ შატ ელ-არაბზე. 21 ნოემბერს ბრიტანელებმა აიღეს მნიშვნელოვანი პორტი მდინარის შესართავიდან 70 მილის დაშორებით — ბასრა. ქალაქისთვის ბრძოლის დროს ოსმალეთის ჯარებმა დაკარგეს დაახლოებით 1000 ადამიანი, ბრიტანეთის დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 350 ჯარისკაცი. ამის შემდეგ ბრიტანულმა შენაერთებმა განაგრძეს შეტევა და 9 დეკემბერს აიღეს ქალაქი ელ ქურნა. ამ ბრძოლების დროს ოსმალეთის არმიის 989 ჯარისკაცი და 42 ოფიცერი ტყვედ ჩავარდა. ბრიტანულმა ძალების დანაკარგი შეადგენდა 29 მოკლულს და 424 დაჭრილს.

შედეგად, 1914 წლის ბოლოს, ბრიტანელები გამაგრდნენ სამხრეთ მესოპოტამიაში. უზრუნველყოფილი იყო სპარსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უსაფრთხოება. თუმცა ოსმალეთის ჯარები სრულად არ იყვნენ განადგურებულები და ბრძოლა გაგრძელდა.

1915 წლის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური ნავი ევფრატის შესართავთან (ოსმალეთის იმპერია), 1915 წ.

1915 წლის დასაწყისში ოსმალეთის სარდლობამ გააძლიერა ოპერაციები მესოპოტამიის ფრონტზე. ერაყის კორპუსის მეთაური სულეიმან ასკერი ბეი აქტიურად ცდილობდა მიეზიდა ადგილობრივი არაბ შეიხები და დაებრუნებინა ინგლისელთა მიერ 1914 წელს მიტაცებული ტერიტორიები. 14 აპრილს თურქეთის ჯარებმა, არაბული რაზმების მხარდაჭერით, შეუტიეს ინგლისის ბანაკს შაიბაში. ოსმალეთის ქვეითთა შეუპოვარი თავდასხმები მოიგერიეს. ოსმალეთის ჯარებმა მოკლულების, დაჭრილების და ტყვეების სახით 2400 კაცი დაკარგეს და უკან დაიხიეს ჩრდილოეთით. სარდალი სულეიმან ასკერი დაიჭრა და მოგვიანებით ამ წარუმატებლობის გამო თავი მოიკლა. მის ნაცვლად დაინიშნა ნურედინ ფაშა, დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცერი.

ბრიტანულმა სარდლობამ გადაწყვიტა გაეფართოებინა შაიბას წარმატებას. ჩამოყალიბდა ჯარების რაზმი ჩარლზ თაუნსენდის მეთაურობით, რომელსაც დაევალა ელ ქუტის და, თუ ეს შესაძლებელი გახდებოდა, ბაღდადის აღება. ოსმალეთის არმიის მთავარსარდალი ენვერ ფაშა, ბაღდადის დაცემის შიშით, მიხვდა, რომ მან ვერ შეაფასა მესოპოტამიის ფრონტის მნიშვნელობა. 1915 წლის 5 ოქტომბერს თურქებმა შექმნეს მე-6 არმია მესოპოტამიაში ოპერაციებისთვის, რომელსაც მეთაურობდა გერმანელი სამხედრო მრჩეველი გენერალი კოლმარ ფონ დერ გოლცი.

ოსმალეთის მე-6 არმიის შტაბი მესოპოტამიაში. 1916 წ

ბრიტანელები უკუდურესად ნელა მიიწევდნენ წინ, მაგრამ თაუნსენდის რაზმმა, რომელმაც გაარღვია ოსმალეთის რაზმის რამდენიმე მცირე წინააღმდეგობა, მიაღწია ქტესიფონამდე 1915 წლის ნოემბრისთვის. 22 ნოემბერს ნურედინ ფაშას ოსმალეთის ჯარები (35-ე და 38-ე ქვეითი დივიზიები) თავს დაესხნენ ტაუნსენდის ბრიტანულ ჯარებს ქტესიფონთან. სასტიკ ბრძოლას მოჰყვა დიდი მსხვერპლი ორივე მხრიდან და ბრიტანელების უკანდახევა. ქტესიფონთან ბრძოლების დროს ბრიტანულმა ჯარებმა დაკარგეს 4600 კაცი მოკლულების, დაჭრილების და ტყვედ ჩავარდნილების სახით, თურქების მხარეს იყო 6200 მოკლული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი. ბრიტანეთის ჯარებმა უკან დაიხიეს ელ ქუთში და ქალაქს შეაფარეს თავი. ნურედინ ფაშამ, როცა შეიტყო ბრიტანელების უკან დახევის შესახებ, გადაწყვიტა მტერს დადევნებოდა. 7 დეკემბრისთვის ოსმალეთის ჯარებმა მოახერხეს ქალაქისთვის მთლიანად შემოერტყათ ალყა და შეტევის დაწყება.

ბრიტანულმა სარდლობამ, გააცნობიერა რა სიტუაციის სიმძიმე, შეეცადა ალყაში მოქცეული ჯარების განთავისუფლებას. თუმცა, ელ ქუთში ალყის გარღვევის ყველა მცდელობა მოიგერიეს ქალაქში ჩამოსული გოლცის მე-6 არმიის ნაწილებმა. ამის შემდეგ ბრიტანელებმა გადაწყვიტეს სპარსეთიდან ჩაერთოთ რუსული არმია გენერალ ბარატოვის მეთაურობით ტაუნსენდის ჯარების გასათავისუფლებლად. რუსეთის სარდლობა დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ მოსულისა და ბაღდადის აღების შემდეგ რუსული და ბრიტანეთის ჯარები შეტევას დაიწყებდნენ ოსმალეთის იმპერიის ცენტრალურ რეგიონებში. თუმცა, რუსეთის ჯარების ნავთობითა და ბამბით მდიდარ რაიონებში შეღწევის შიშით, ბრიტანეთის სარდლობამ უარყო ეს გეგმა.

1916 წლის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუტის ალყის თხრილები. 1916 წ

1916 წლის 20 იანვარს ენვერ ფაშამ შეცვალა ნურედინ ფაშა ახალი მეთაურით, პოლკოვნიკი ხალილ ქუტით, იმის გამო, რომ ნურედინ ფაშამ საერთო ენა ვერ გამონახა მე-6 არმიის მეთაურთან ფონ დერ გოლცთან. 1916 წლის იანვრიდან მარტამდე ბრიტანეთის სარდლობამ კვლავ სცადა ელ ქუთის განთავისუფლება. სასტიკი ბრძოლების დროს ოსმალეთის ჯარებმა მოახერხეს ინგლისელების შეჩერება ელ ქუთში.ბრიტანელების მიერ ქუთის ალყის მოხსნის ოთხი მცდელობა ჩავარდა. ინგლისის თავდასხმების მოგერიებაში მონაწილეობდა გერმანული ავიაცია და მდინარის ფლოტილია, რომელსაც მეთაურობდნენ გერმანელი ოფიცრები დამეზღვაურები. 19 აპრილს გარდაიცვალა მე-6 არმიის მეთაური ფონ დერ გოლცი, მაგრამ ამან ვეღარ იმოქმედა ელ ქუთში არსებულ სიტუაციაზე. მე-6 არმიის ახალი მეთაური ხალილ ფაშა გახდა. ალყაშემორტყმულთა შორის დაიწყო შიმშილი და ეპიდემიები. 29 აპრილს გენერალ თაუნსენდის ჯარები ჩაბარდნენ. 10000-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი ოსმალებს ჩაუვარდათ ტყვედ, მათ შორის გენერალი ტაუნსენდი. ბარკერის თქმით, ბრიტანულმა ჯარებმა დაკარგეს 13164 პატიმარი.

ელ ქუთთან დამარცხებამ დიდი დარტყმა მიაყენა ბრიტანული არმიის პრესტიჟს. მეთაური გენერალი ნიქსონი შეცვალა გენერალმა ლეიკმა. ბრიტანეთის ჯარების წარუმატებლობა მესოპოტამიის ფრონტზე ძირითადად გამოწვეული იყო საკვებისა და აღჭურვილობის არასაკმარისი მიწოდებით, ტრანსპორტის (პირველ რიგში მდინარის) და მედიკამენტების ნაკლებობით. ბრიტანელებმა დაიწყეს გზების მშენებლობა, ბასრას პორტის გაუმჯობესება, საავადმყოფოების დაარსება და ორთქლის გემების რაოდენობის გაზრდა. ამ ღონისძიებების შედეგად, ბრიტანელებმა შეძლეს ჯარისა და აღჭურვილობის უფრო მეტი რაოდენობის გატანა ფრონტის ხაზზე. ელ ქუთის დაცემის შემდეგ, ბრიტანეთის სარდლობა ამზადებდა ახალ შეტევას და აქტიური საომარი მოქმედებები 1916 წლის 10 დეკემბრამდე არ ჩაუტარებია.

1916 წლის მეორე ნახევარში თურქეთის სარდლობამ გამოიყენა მე-6 არმია გენერალ ბარატოვის რუსულ ჯარებზე თავდასხმისთვის, რომელმაც დაიპყრო სოფელი ხანეკინი (ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 კმ) ბრძოლის დროს მე-6 არმიის ნაწილებმა რუსული ჯარები განდევნეს მესოპოტამიიდან. 15 ივლისს თურქებმა დაიკავეს ქერმანშაჰი, ხოლო 10 აგვისტოს ჰამადანი სპარსეთში.

1917 წლის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელ კუტას ალყის დროს დატყვევებული ინდოელი ჯარისკაცი

მესოპოტამიაში ბრიტანული ჯარების ახალი მეთაური გახლდათ გენერალი ფრედერიკ სტენლი მოდი. ოთხი დივიზია მისი მეთაურობით, გაერთიანებული იყო ორ კორპუსად, სამ ბრიგადად და ერთ ცხენოსან დივიზიად, სულ დაახლოებით 25 000 ადამიანი. მე-6 თურქული არმიის მეთაურის, ხალილ ფაშას განკარგულებაში იყო მე-18 კორპუსი გენერალ ყარაბექირის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობდა თავდაცვას ტიგროსის გასწვრივ ელ ქუტიდან 35 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.

ბრიტანული არმიის შეტევა დაიწყო 1916 წლის 10 დეკემბერს . იანვრის შუა რიცხვებისთვის ბრიტანელებმა მიაღწიეს ოსმალეთის პოზიციებამდე ელ ქუთში. დაიწყო სასტიკი ბრძოლა. 24 თებერვალს ოსმალეთის ჯარები განდევნეს პოზიციებიდან. მათ დაიწყეს უკანდახევა ჩრდილოეთით. ბრიტანეთის ჯარები ელ ქუთში შევიდნენ.

ამის შემდეგ ინგლისელებმა განაგრძეს შეტევა და მიუახლოვდნენ ბაღდადს. 9-11 მარტს ბრძოლები ქალაქისთვის გაგრძელდა. 11 მარტს ბრიტანეთის შენაერთები გენერალ მოდის მეთაურობით ბაღდადში შევიდნენ. ბრიტანულ ჯარებს ადგილობრივი მოსახლეობა თბილად შეხვდა. ქალაქის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ გენერალმა მაუდმა გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ჩვენი ჯარები თქვენს ქალაქებსა და მიწებზე შედიან როგორც განმათავისუფლებლები და არა როგორც დამპყრობლები ან მტრები“


1917 წლის მარტში ბრძოლაში მონაწილეობდნენ ერთი ბრიტანული, ინდოეთის ხუთი ქვეითი დივიზია და ერთი ინდური კავალერისტების ბრიგადა. ქვეით ნაწილებში 55500 ჯარისკაცი იყო, კავალერიაში —5100 ჯარისკაცი, 205 იარაღით. გარდა ამისა, იყო 17,700 მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი უკანა პოზიციებზე 39 იარაღით.

ამის შემდეგ ბრიტანელებმა განაგრძეს შეტევა და აიღეს ერ-რამადი, სექტემბერში კი თიქრითამდე მიაღწიეს. ხალილ ფაშას ნაწილებში საბრძოლო მზადყონაში 20 000 — 30 000 მხოლოდ სამხედრო მოსამსახურე დარჩა და არმიის შტაბი მოსულში გადაიტანეს. 18 ნოემბერს გენერალი მაუდი გარდაიცვალა ქოლერისგან, ხოლო გენერალი უილიამ მარშალი გახდა ახალი მეთაური, რომელმაც ზამთრის დადგომისთანავე შეაჩერა ყველა აქტიური ოპერაცია.

1918 წლის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 21 იანვარს ანტანტის სარდლობამ გადაწყვიტა შეტევის დაწყება ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, ამ მიზნით საჭირო იყო „გადამწყვეტი შეტევა თურქეთის წინააღმდეგ, რათა გაენადგურებინათ თურქული ჯარები და თურქების წინააღმდეგობა“. 1918 წლის დასაწყისისთვის ოსმალეთის არმია მძიმე მდგომარეობაში იყო, არ იყო საკმარისი საბრძოლო მასალა, საკვები, დაიწყო ეპიდემიები. ბრიტანული ძალები შედგებოდა ექვსი ქვეითი დივიზიისგან, ერთი საკავალერიო დივიზიისგან, ასევე მრავალი დამოუკიდებელი ნაწილისგან. საერთო ჯამში, ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებში 447 000 ადამიანი იყო, აქედან 170 000 — საბრძოლო ქვეით ნაწილებში.

1919 წლის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის ჯარების შესვლა ბაღდადში

ბრძოლები მესოპოტამიის ფრონტზე განახლდა 1918 წლის მარტში, როდესაც ბრიტანელებმა აიღეს რამდენიმე დასახლება (კირკუკი, ჰიტი, კიფრი და სხვა), მაგრამ მალევე დაუბრუნდნენ თავდაპირველ პოზიციებს ბაღდადის ჩრდილოეთით. ამავდროულად, ბრიტანეთის ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მესოპოტამიიდან სინაი-პალესტინის ფრონტზე და სპარსეთში გადაიყვანეს.

1918 წლის 28 ივნისს ხალილ ფაშა დაინიშნა აღმოსავლეთის არმიის ჯგუფის მეთაურად. ჯგუფმა გააერთიანა კავკასიასა და მესოპოტამიაში მოქმედი მე-3 და მე-6 არმიები, ასევე ყარსის ჯარების ჯგუფი. 30 ივნისს მე-6 არმიის ახალი მეთაური ალი იჰსან ფაშა გახდა. ბრიტანეთის შეტევა განახლდა 1918 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში. ერთ კვირაში ოსმალთა მე-6 არმია დამარცხდა. ბრიტანეთის ჯარებმა მიაღწიეს მოსულის ვილაიეთის საზღვრებს და აიღეს მოსული 1918 წლის 31 ოქტომბერს.

1918 წლის 30 ოქტომბერს დაიდო მუდროსის ზავი, რომელმაც დაასრულა საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში. გენერალმა მარშალმა მიიღო თურქული მე-6 არმიის კაპიტულაცია, მაგრამ ბრიტანელებმა განაგრძეს შეტევა ნავთობით მდიდარი მოსულის რეგიონის დასაპყრობად.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის 25 აპრილს სან რემოში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მესოპოტამია გამოცხადდა ბრიტანეთის იმპერიის სამანდატო ტერიტორიად. ამის შემდეგ, 1920 წლის აგვისტოში, ანტანტასა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო სევრის ხელშეკრულება.

საომარი მოქმედებების დასრულების და ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ, ადგილობრივი არაბული მოსახლეობას დამოუკიდებლობის მინიჭების იმედი ჰქონდა . თუმცა, ბრიტანელებმა შექმნეს სამანდატო ტერიტორია მათი კონტროლის ქვეშ ყოფილი ოსმალეთის ვილაითების მოსულის, ბაღდადისა და ბასრას ტერიტორიაზე.

1918 და 1919 წლებში რეგიონში დაიწყო საიდუმლო ანტიკოლონიალური ორგანიზაციების ჩამოყალიბება. სახალხო ლიდერები გამოდიოდნენ მოწოდებებით ბრიტანეთის კოლონიალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ან-ნაჯაფში შეიქმნა „ისლამური გამოღვიძების ლიგა“, შეიქმნა „მუსლიმთა ეროვნული ლიგა“, რათა გაძლიერებულიყო წინააღმდეგობა კოლონიური ხელისუფლების მიმართ. 1919 წლის თებერვალში, ბაღდადში, შიიტი ვაჭრების, სუნიტი მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების, სუნიტი და შიიტი ულემებისა და ერაყელი ოფიცრების კოალიციამ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია "დამოუკიდებლობის მცველები." 1920 წლის მაისში დაიწყო ანტიბრიტანული აჯანყება, რომელიც ჩაახშო ბრიტანეთის ხელისუფლებამ.[8]

აჯანყებამ აიძულა ბრიტანეთს გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის ერაყში. გადაწყდა, რომ მართვის უფლებამოსილების ნაწილი გადაეცა ადგილობრივ მეგობარ პოლიტიკოსებს. შედეგად, ბრიტანელებმა ერაყის მეფედ დანიშნეს ფეისალ იბნ ჰუსეინი, არაბი ლიდერი, რომელიც მონაწილეობდა არაბთა აჯანყებაში ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს.[9]

თურქეთსა და ბრიტანეთს შორის ტერიტორიული დავა დაიწყო მოსულის რეგიონის გამო, რომელიც, ანკარას თქმით, არასწორად იყო შეყვანილი ერაყის შემადგენლობაში. 1924 წლის 29 ოქტომბერს ერთა ლიგის საბჭომ, რომელსაც დაევალა დავის გადაწყვეტა, მოსული დატოვა ერაყის შემადგენლობაში, რისთვისაც თურქეთს მიეცა უფლება მიეღო ერაყის მთავრობის შემოსავლის 10% ერაყიდან. მოსულის ნავთობის მოპოვება 20 წლის განმავლობაში.[10]

დანაკარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესოპოტამიის კამპანიის დროს მხარეთა დანაკარგების ზუსტი რაოდენობის დადგენა საკმაოდ რთულია. მესოპოტამიაში ბრძოლების დროს ოსმალეთის არმიის დანაკარგები უცნობია. შეიძლება მხოლოდ დასახელდეს ბრიტანეთის ინდოეთის არმიის დანაკარგების რაოდენობა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა მესოპოტამიის კამპანიაში. 1920 წელს გამოქვეყნებული დიდი ბრიტანეთის საჯარო ინფორმაციის ოფისის მონაცემებით, მესოპოტამიაში ბრძოლების დროს დაიღუპა 11,012 ინდოელი ჯარისკაცი, 3,985 ადამიანი დაიღუპა ჭრილობების გამო, 12,678 ადამიანი გარდაიცვალა ავადმყოფობით, 13,492 ადამიანი ტყვედ ჩავარდა და დაიკარგა და 51,836 ადამიანი დაშავდა. ასევე ცნობილია, რომ ალ ქუთში დატყვევებული ბრიტანეთის ჯარისკაცებიდან ტყვეობაში დაიღუპა 4250 ადამიანი.[11]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასრაში არის ომის მემორიალი. იქ დაკრძალულია ბრიტანეთის იმპერიის 40682 ჯარისკაცის ნეშტი, რომლებიც დაიღუპნენ მესოპოტამიაში 1914 წლიდან 1921 წლის აგვისტომდე.

1914 წლის დეკემბერში ბასრაში დაარსდა სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალეს ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები. 1917 წლის აგვისტოში სასაფლაო გაფართოვდა, დაკრძალეს კიდევ 1000-მდე ჯარისკაცი, რომლებიც დაიღუპნენ მესოპოტამიის სხვა რაიონებში. საერთო ჯამში, სასაფლაო შეიცავს პირველი მსოფლიო ომის 2551 სამარხს, მათგან 74 უცნობია. .[12]

ბაღდადში 1917 წელს, ქალაქის ოკუპაციის შემდეგ, დაარსდა ბრიტანეთის სამხედრო სასაფლაო. ბაღდადის ომის სასაფლაოზეა პირველი მსოფლიო ომის 4160 მსხვერპლის ნეშტი, მათ შორის გენერალ ფრედერიკ სტენლი მოდის. ასევე არის ბრიტანეთის სამხედრო სასაფლაოები და მემორიალი ჰაბანიაში და ამარში[13]

ამჟამად, ერაყში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მეომრების საფლავების მოვლის თანამეგობრობის კომისია ვერ აკონტროლებს მეომართა სასაფლაოებს და მემორიალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ვითარების გამოსწორების შემდეგ, კომისია დაიწყებს მსხვილ პროექტს სასაფლაოების და მემორიალების შეკეთებისა და აღდგენის მიზნით.[14]

ბაღდადში მდებარეობს თურქული სამხედრო სასაფლაო მესოპოტამიის კამპანიიდან, სადაც დაკრძალულია 1914-1917 წლებში დაღუპული 187 თურქი ჯარისკაცი. ერაყის ომის დროს სასაფლაო ძლიერ დაზიანდა. თურქეთის მთავრობა საზღვარგარეთ თურქული სამხედრო სასაფლაოებისა და მემორიალების აღდგენისთვის 1 მილიონი ლირას გამოყოფას აპირებს. ბაღდადის გარდა, პირველი მსოფლიო ომის თურქული სამხედრო სასაფლაოები მდებარეობს უნგრეთში, სირიაში, იორდანიასა და ეგვიპტეში[15].[16]

მასკულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესოპოტამიის კამპანიის ბრძოლა გადმოცემულია ამერიკელი რეჟისორის ჯონ ფორდის სამხედრო სათავგადასავლო ფილმში "დაკარგული პატრული" (1934). ფილმი მოგვითხრობს ინგლისელ სამხედრო პატრულზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მხარეზე მებრძოლი არაბული ჯარების წინააღმდეგ იბრძვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • A.J. Barker. The Bastard War, The Mesopotamia Campaign of 1914–1918. — New York: Dial Press, 1967.
  • Peter Sluglett. «The Primacy of Oil in Britain’s Iraq Policy», in the book «Britain in Iraq»: 1914–1932. — London: Ithaca Press, 1976.
  • Duffy, M. The Capture of Baghdad. — The First World War. — 2002.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A naval history of World War I, Paul G. Halpern, Routledge, 1995, ISBN 1-85728-498-4, page 132.
  2. Erickson 2001, p. 52: "the British ultimately sent almost double the number of men that the Turks did in that theater"
  3. Edward J. Erickson, Ottoman Army Effectiveness in World War I: a comparative study (Routledge, New York, 2007), 67, 68.
  4. The Encyclopedia Americana, 1920, v.28, p.403
  5. A. J. Barker, The First Iraq War, 1914–1918; Britain's Mesopotamian Campaign (Enigma Books, New York, 2009), 51–54
  6. Edward J. Erickson, Ordered to Die: A history of the Ottoman Army in the First World War (Greenwood Press, Wesport, CT 2001), 110.
  7. Edward J. Erickson, Ottoman Army Effectiveness in World War I: a comparative study (Routledge, New York, 2007), 75.
  8. Mango, Andrew. Ataturk. — John Murray (Publishiers), 2002. — P. 442—443. — 666 p. — ISBN 978-0-7195-6592-2.
  9. Vinogradov, Amal. The 1920 Revolt in Iraq Reconsidered: The Role of Tribes in National Politics. — International Journal of Middle East Studies, 1972. — P. 139.
  10. A. J. Barker, The Bastard War, The Mesopotamia Campaign of 1914–1918 (Dial Press, New York, 1967), 272.
  11. Peter Sluglett. The Primacy of Oil in Britain’s Iraq Policy, in the book "Britain in Iraq: 1914–1932. — London: Ithaca Press, 1976. — P. 103—116.
  12. Peter Sluglett, "The Primacy of Oil in Britain's Iraq Policy", in the book "Britain in Iraq: 1914–1932" London: Ithaca Press, 1976, pp. 103–116
  13. T.C. Genelkurmay Harp Tarihi Başkanlığı Yayınları. Türk İstiklâl Harbine Katılan Tümen ve Daha Üst Kademlerdeki Komutanların Biyografileri. — Genelkurmay Basım Evi, 1972. — P. 145. (თურქ..)
  14. Peter Sluglett, "The Primacy of Oil in Britain's Iraq Policy", in the book "Britain in Iraq:
  15. Edward J. Erickson, Ordered to Die: A history of the Ottoman Army in the First World War (Greenwood Press, Wesport, CT 2001), 166.
  16. T. J. Mitchell and G. M. Smith. "Medical Services: Casualties and Medical Statistics of the Great War." From the "Official History of the Great War". Page 211.