შინაარსზე გადასვლა

მეოთხე ფიტნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეოთხე ფიტნა
ოთხი ფიტნის ნაწილი

არაბთა სახალიფო VIII-IX საუკუნეებში.
თარიღი 811-819
მდებარეობა არაბთა სახალიფო
შედეგი ალ-მამუნის გამარჯვება, ტაჰირიდების დამკვიდრება ხორასანაში
მხარეები
ალ-ამინის მომხრეები ალ-მამუნის მომხრეები აჯანყებულები პროვინციებში
  • ჯეზირელი კაისიტები
  • ხურამიტები
  • სხვა ადგილობრივი აჯანყებულები
მეთაურები
ალ-ამინი,
ალი იბნ ისა,
აბდ ალ-რაჰმან იბნ ჯაბალა,
მუჰამედ ალ-მუჰალაბი
ალ-მამუნი,
ტაჰირ იბნ ჰუსეინი,
ჰართამა იბნ აიანი,
აბდალაჰ იბნ ტაჰირი,
ალ-ჰასან იბნ საჰლი,,
ალ-ფადლ იბნ საჰლი
ნასრ იბნ შაბათ ალ-უკაიალი,
ბაბექი
მეოთხე ფიტნა ვიკისაწყობში

მეოთხე ფიტნა (არაბ. فتنة , فتن; „გამოცდა“, „განსაცდელი“, „არეულობა“) — სამოქალაქო ომი აბასიანთა სახალიფოში, რომლის აქტიური ფაზა 811-819 წლებში მიმდინარეობდა. კონფლიქტი ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის გარდაცვალების (809) შემდეგ მის მემკვიდრეებს — ალ-ამინსა და ალ-მამუნს შორის უთანხმოებას მოჰყვა. არ-რაშიდის სიცოცხლეში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ალ-ამინი, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაღდადის ტახტზე ავიდა, მისი უმცროსი ძმა ალ-მამუნი კი მემკვიდრეობის რიგში მეორე იყო და საგამგებლოდ ხორასანი ჰქონდა. ძმებს შორის მემკვიდრეობის საკითხებზე არსებულმა დავამ კიდევ უფრო გაამძაფრა დიდი ხნის დაძაბულობა სახალიფოს ცენტრსა და ხორასანს, ასევე აბასიანთა სახელმწიფოს არაბულ-სპარსულ არისტოკრატიას შორის. 813 წელს ალ-მამუნის ერთგულმა ჯარმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ ბაღდადი აიღო. ალ-ამინი სიკვდილით დასაჯეს და ხალიფად ალ-მამუნი გამოცხადდა. ამ უკანასკნელის მიერ სახალიფოს ცენტრის ხორასანში გადატანას და შიიტების მხარდაჭერის მოსაპოვებლად თავის მემკვიდრედ მაჰმადის შთამომავლის და ალიდების გვარის წარმომადგენლის — ალი ალ-რიდას დასახელებას 817 წელს ბაღდადური დაჯგუფების აჯანყება და ხალიფად ალ-მამუნის ბიძის, იბრაჰიმ იბნ ალ-მაჰდის დასმა მოჰყვა. 819 წელს ალ-მამუნი იძულებული გახდა ბაღდადში გადასულიყო და ალიდებისთვის მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმია. მომდევნო წლებში მან მოახერხა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება, თუმცა არეულობამ ეგვიპტეში 827 წლამდე, ხოლო ადგილობრივმა აჯანყებებმა სხვა პროვინციებში, განსაკუთრებით ხურამიტების მოძრაობამ, 830-იან წლებამდე გასტანა. მეოთხე ფიტნამ კიდევ უფრო გააღრმავა ნაპრალი აბასიანთა სუნიტ მხარდამჭერებსა და შიიტებს შორის და დინასტიის პოზიციებს მნიშვნელოვნად შეურყია საფუძველი.

მესამე ფიტნის (744-750) შემდეგ ხელისუფლებაში მოსული აბასიანები საკუთარი ლეგიტიმურობას გამყარებას წინამორბედ ომაიანთა ნაკლოვანებებისგან დეკლარირებული გამიჯვნით ცდილობდნენ. ომაიანურ წარსულთან კავშირის გაწყვეტის და ახალი ერის დასაწყისის ნიშნად დედაქალაქიც კი დამასკიდან ბაღდადში გადაიტანეს. თუმცა სახალიფოში არსებული უთანხმოებების გაღრმავებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ბაღდადს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მსხვილ აღმოსავლურ პროვინცია ხორასანთან, საიდანაც თავის დროზე დაიწყო აბასიანთა ტრიუმფალური აღზევება. შესაბამისად, სახალიფოს სამხედრო და ბიუროკრატიული ელიტაც პრობაღდადურ და პროხორასნულ ფრაქციებად დაიყო. აბასიანებს რთული, არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა ჰქონდათ წინამორბედ ფიტნებში დამარცხებულ ალიდებთან და მათ მხარდამჭერ შიიტებთან, რომელთა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პოზიცია მათი განცალკევებული შიდასარწმუნოებრივი თვითშეგნების საფუძველი გახდა. ხშირი იყო უთანხმოება აბასიანთა სხვადასხვა წარმომადგენელებს შორისაც, რისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზიც ტახტის მემკვიდრეობის მყარად ჩამოყალიბებული წესების არაარსებობა იყო.[1][2][3][4]

ალ-ამინისა და ალ-მამუნის ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდმა (მართავდა 786-809) შვილებს შორის შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილება მემკვიდრეობის განაწილებით სცადა: უფროსი ძე, ალ-ამინი სახალიფოს ტახტის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, მემკვიდრეობის რიგში მომდევნოები კი მისი ნახევარძმები, ალ-მამუნი და ალ-კასიმი იყვნენ. ამავდროულად, ალ-მამუნს, რომელიც უფროსი ძმისგან განსხვავებით, დედით სპარსული სისხლის იყო და სახალიფოს აღმოსავლეთ პროვინციებთან მეტი კულტურული სიახლოვე ჰქონდა, ხორასნის მმართველობა ებოძა. ამგვარად, ალ-მამუნს მხარდამჭერები ირანელთა შორის უფრო ეგულებოდა, ალ-ამინი კი ძირითადად ეყრდნობოდა ბაღდადურ არისტოკრატიას, რომელთა შორის ხორასნელი არაბების შთამომავლები („აბნა ალ-დავლა“) ჭარბობდნენ და ამ პროვინციის საქმეებში ჩარევის უფლებას იჩემებდნენ. ძმებს შორის ღია კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰარუნ არ-რაშიდის გარდაცვალების შემდეგ გახალიფებულმა ალ-ამინმა მისი მრჩევლის, ალ-ფადლ იბნ ალ-რაბის მხარდაჭერით, ხორასანში ალ-მამუნის ავტონომიის შეზღუდვა სცადა, ხოლო 810 წელს ტახტის მემკვიდრედ საკუთარი შვილი გამოაცხადა. ალ-მამუნმა, მისი აღმზრდელის და ვეზირის, წარმოშობით ირანელი ალ-ფადლ იბნ საჰლის შთაგონებით, ხალიფას დაუმორჩილება გამოუცხადა. ალ-ამუნის ჯარები ალი იბნ ისას მეთაურობით ხორასანზე დაიძრნენ, მაგრამ ისინი 811 წლის 3 მაისს რეის ბრძოლაში სასატიკად დაამარცხა ალ-მამუნის ირანელმა სარდალმა, ტაჰირ იბნ ალ-ჰუსეინმა; ალი იბნ ისა ბრძოლაში დაიღუპა. ხორასნელთა მცირერიცხოვანი ლაშქრის მოულოდნელ გამარჯვებას კონფლიქტის შემდგომ მიმდინარეობაზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა. ტაჰირმა ალ-მამუნის კიდევ ერთი არმია ჰამადანთან დაამარცხა და წინსვლა განაგრძო. ალ-მამუნმა ერაყში მხარდაჭერა მალევე დაკარგა და მომხრეთა მობილიზება სირიაში სცადა, თუმცა კაისიტებისა და ქელბიტების არაბულ ტომებს შორის ტრადიციული ქიშპობის გამო ამ მცდელობას დიდი წარმატება არ მოჰყოლია.[5][6][7]

812 წლის გაზაფხულზე ალ-მამუნის ჯარებმა ტაჰირისა და ჰართამა იბნ აიანის სარდლობით ხუზისტანი და ბასრა დაიკავეს და დაამხეს ადგილობრივ მმართველთა ძველი არაბული საგვარეულო — მუჰალაბიდები, აიღეს ქუფა და ალ-მადაინი, შემდეგ კი ბაღდადისკენ გაემართნენ. ამასობაში, ალ-მამუნს მიემხრო მოსული, ეგვიპტე და ჰიჯაზი; სირიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ძალაუფლება ადგილობრივმა არაბმა მმართველებმა იგდეს ხელთ; გაძლიერდა სეპარატისტული განწყობები თბილისის საამიროშიც. 813 წლის 28 სექტემბერს ბაღდადი თითქმის ერთწლიანი ალყის შემდეგ დაეცა. ტყვედ ჩავარდნილი ალ-ამინი ტაჰირმა, ალ-მამუნთან შეუთანხმებლად, სიკვდილით დასაჯა, რამაც აბასიანთა სახელს დიდი ჩრდილი მიაყენა..[8][9][10]

ალ-მამუნის საბოლოო გამარჯვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ-მამუნი ხალიფად გამოცხადდა, თუმცა მას თავისი სამყოფელი ხორასანაში — ქალაქი მერვი — არ დაუტოვებია, რაც სახალიფოს ცენტრის ბაღდადიდან გადატანას ნიშნავდა. ახალი ხალიფის კარზე მისი ხორასნელი ვეზირის ალ-ფადლ იბნ საჰლის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა და ის სახელმწიფო საქმეების ფაქტობრივ გამგებლად იქცა, მისი ძმა ალ-ჰასან იბნ საჰლი კი ერაყის ნაცვლად დაინიშნა. ხორასნელთა ჰეგემონიამ ადგილობრივ არაბებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რისი გამოყენებაც მაჰმადის შთამომავლებმა — ალიდებმა და მათმა შიიტმა მხარდამჭერებმა სცადეს. 815 წლის იანვარში ქუფაში დაწყებული აჯანყება მთელს ერაყს მოედო და მისი ჩაქრობა ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა. ალიდების გამოსვლები მოხდა ასევე იემენსა და თიჰამაში. ალ-მამუნმა სახალიფოში განხეთქილებების აღმოფხვრა და სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირების მოგვარება მოულოდნელი გადაწყვეტილებით სცადა: 817 წლის მარტში მან ალიდების წარმომადგენელი — ალი ალ-რიდა თავის მემკვიდრედ დაასახელა და მას საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა, ერთობის ნიშნად კი აბასიანთა შავი ალამი მაჰმადის ტომის ტრადიციული მწვანე დროშით შეცვალა.[11][12]

ხალიფის ამ ნაბიჯმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო: რადიკალი შიიტების გულის მოსაგებად არასაკმარისი აღმოჩნდა, აბასიანთა ლეგიტიმისტი მხარდამჭერები და სუნიტები კი აღაშფოთა. 817 წლის 17 ივლისს აბასიანთა ოჯახის განდგომილმა წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ბაღდადში ახალი ხალიფა, ჰარუნ ალ-რაშიდის უმცროსი ძმა და ალ-მამუნის ბიძა — იბრაჰიმ იბნ ალ-მაჰდი გამოაცხადეს. იბრაჰის ძალაუფლება ცნეს ალ-მამუნის უმცროსმა ძმამ, აბუ იშაყმა (მომავალი ხალიფა ალ-მუთასიმი), ერაყის ძველმა ბიუროკრატიამ და „აბნა ალ-დავლას“ წარმომადგენლებმა, ასევე ეგვიპტის ნაცვალმა აბდ ალ-აზიზ ალ-აზდიმ. ამგვარად, სახალიფოში სამოქალაქო ომმა ახალი ძალით იფეთქა. ერაყის ნაცვალი ალ-ჰასან იბნ საჰლი ვასიტში გამაგრდა, მაგრამ აჯანყების გავრცელების შეჩერება ვერ შეძლო. ამავდროულად, ხორასანში, ვეზირი ალ-ფადლ იბნ საჰლი ცდილობდა ალ-მამუნის თვალში სახალიფოს დასავლეთში მიმდინარე ამბები დაეკნინებინა, თუმცა ალი ალ-რიდამ შეძლო სინამდვილის ხალიფამდე მიტანა. 818 წლის იანვარში ალ-მამუნმა სასწრაფოდ დატოვა მერვი და ბაღდადისკენ ხანგრძლივ მგზავრობას შეუდგა. ხორასანში დარჩენილი ალ-ფადლი თებერვალში შეთქმულებმა მოკლეს, იმავე წლის სექტემბერში კი ბაღდადისკენ მიმავალ გზაზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ალი ალ-რიდაც. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ორივეს სიკვდილში ალ-მამუნის ხელი ერია, რაც ხალიფის პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებებს ნიშნავდა. ალის საფლავი სანაბადში, რომელსაც მოგვიანებით მეშჰედი (სიტყვასიტყვით, „მოწამეობის ადგილი“) ეწოდა, შიიტი მომლოცველების ერთ-ერთ წმინდა ადგილი გახდა.[13][14][15]

იმამ რეზას (ალი ალ-რიდას) სალოცავი მეშჰედში (ირანი).

ამასობაში, ბაღდადში არეულობა სუფევდა. ალ-მამუნის მეტოქე იბრაჰიმს უკვე თვითონ უხდებოდა აჯანყებებთან, შეთქმულებებთან და განდგომილ მხარდამჭერებთან გამკლავება. ივლისში ის იძულებული გახდა ბაღდადიდან გაქცეულიყო, 819 წლის 17 აგვისტოს კი ქალაქში უბრძოლველად შევიდა ალ-მამუნი. ერაყელი სუნიტების შემორიგების მიზნით მან ალიდები მემკვიდრეობიდან გამორიცხა, აღადგინა აბასიანთა შავი ალამი, მოკლული ვეზირის ძმა ჰასან იბნ საჰლი ნაცვლობიდან გადააყენა და ადრე შერისხული ირანელი სარდალი ტაჰირი კვლავ ხალიფის სამსახურში დააბრუნა და საგამგებლოდ ხორასანი მისცა. სახალიფოს ამ ვრცელ და მნიშვნელოვან პროვინციას მისი შთამომავლები — ტაჰირიდები — მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე ფართო ავტონომიის უფლებით მართავდნენ.[16][17]

ბაღდადში დამკვიდრების შემდეგ ალ-მამუნი მოლაპარაკებებისა და ძალის დემონსტრირების გზით შეუდგა სხვა განდგომილი პროვინციების შემომტკიცებას. 820-იანი წლების განმავლობაში ხალიფის ჯარმა აბდალაჰ იბნ ტაჰირის სარდლობით ჩრდილოეთ სირიასა და ჯეზირეში გამაგრებული კაისიტები დაიმორჩილა, შემდეგ ეგვიპტეში ორ ძირითად დაჯგუფებას შორის დაპირისპირება ალაგმა და ეს მხარეც ხალიფის ძალაუფლებას დაუქვემდებარა, ხოლო ალექსანდრიიდან იქ დაკვიდრებული ალ-ანდალუსიელი ემიგრანტები კრეტაზე გააძევა. მორჩილება გამოაცხადეს ასევე შიიტმა აჯანყებულებმა იემენში. სხვაგან კონსოლიდირების პროცესი უფრო რთული აღმოჩნდა. ჩრდილოეთ აფრიკაში (იფრიქიია) აღლაბიდების დინასტიამ სახალიფოსგან ფაქტობრივ დამოუკიდებლობას მიაღწია. ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და აზერბაიჯანში ალ-მამუნის სარდალმა ისა იბნ აბი ხალიდმა შეძლო განდგომილი ქალაქების დამორჩილება, მაგრამ ბაბექის წინამძღოლობით მთიანეთში გამაგრებული ხურამიტების დაჯგუფების წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლო. ხურამიტების აჯანყება 830-იან წლებამდე გაგრძელდა. სხვადასხვა მიზეზით პერიოდული გამოსვლები გრძელდებოდა ქვემო ერაყში, ეგვიპტეში, კავკასიაში.[18][19][20]

ხანგრძლივმა სამოქალაქო ომმა აბასიანთა სახელმწიფოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წესრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. თანდათან დაკნინდა „აბნის“ წარმომადგენელთა და ძველი არაბული ფეოდალური ოჯახების გავლენა, შესუსტდა აბასიანთა აბსოლუტური ძალაუფლება. სახელმწიფო სისტემა უფრო ინკლუზიური გახდა, სადაც არაბების გარდა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით ირანელები, მონაწილეობდნენ. სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეულები უფრო მსხვილ პროვინციებად ჩამოყალიბდნენ, სადაც მემკვიდრეობით მმართველთა ადგილობრივი დინასტიები აღზევდნენ (მაგ., ტაჰირიდები ხორასანში, სამანიდები მავერანაჰრში). ამავდროულად, ალ-მამუნი შეეცადა მისი ირანელი კარისკაცებისა და სარდლების გავლენის საპირწონედ შეექმნა ახალი ელიტარული სამხედრო ძალა: თურქი მონაყოფილების ჯარი მისი ძმის, აბუ იშაქის მეთაურობით და ბიზანტიის საზღვრისპირა არაბული ტომების ლაშქარი ხალიფის ძის, ალ-აბასის სარდლობით. ეს სისტემა უფრო დაიხვეწა აბუ იშაქის (ალ-მუთასიმის) ხალიფობის პერიოდში (833-842) და ხელისუფლების ცენტრალიზების და ბიზანტიელებთან და შიდა ოპონენტებთან ბრძოლის უფრო ეფექტიანი მექანიზმი გახდა. გამარჯვების შემდეგ ალ-მამუნმა აბასიანთა ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინაც და 829 წელს სახელმწიფო რელიგიად მუთაზილიზმი გამოაცხადა, რაც ისლამურ სამყაროში დოქტრინული განსხვავებების მორიგების და სოციალური უთანასწორობის შემცირების მცდელობა იყო.[21][22][23]

  • Daniel, Elton L. (1979). The Political and Social History of Khurasan under Abbasid Rule, 747–820. Minneapolis & Chicago: Bibliotheca Islamica, Inc. ISBN 0-88297-025-9.
  • El-Hibri, Tayeb (2010). "The empire in Iraq, 763–861". In Robinson, Chase F. (ed.). The New Cambridge History of Islam, Volume 1: The Formation of the Islamic World, Sixth to Eleventh Centuries. Cambridge: Cambridge University Press. pp. 269–304. ISBN 978-0-521-83823-8.
  • Fishbein, Michael, ed. (1992). The History of al-Ṭabarī, Volume XXXI: The War Between Brothers: The Caliphate of Muḥammad al-Amīn, A.D. 809–813/A.H. 193–198. SUNY Series in Near Eastern Studies. Albany, New York: State University of New York Press. ISBN 978-0-7914-1085-1.
  • Gabrieli, F. (1960). "al-Amīn". In Gibb, H. A. R.; Kramers, J. H.; Lévi-Provençal, E.; Schacht, J.; Lewis, B. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, New Edition, Volume I: A–B. Leiden: E. J. Brill. pp. 437–438. OCLC 495469456.
  • Kennedy, Hugh (2004). The Prophet and the Age of the Caliphates: The Islamic Near East from the 6th to the 11th Century (Second ed.). Harlow: Longman. ISBN 978-0-582-40525-7.
  • Rekaya, M. (1991). "al-Maʾmūn". In Bosworth, C. E.; van Donzel, E. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, New Edition, Volume VI: Mahk–Mid. Leiden: E. J. Brill. pp. 331–339. ISBN 90-04-08112-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rekaya 1991, p. 331.
  2. El-Hibri 2010, pp. 282–283.
  3. Daniel 1979, pp. 171–175.
  4. Kennedy 2004, pp. 142–145.
  5. Kennedy 2004, pp. 147–149.
  6. Rekaya 1991, pp. 332–333.
  7. Daniel 1979, pp. 176–177.
  8. Kennedy 2004, pp. 149–150.
  9. Rekaya 1991, pp. 333–334.
  10. Gabrieli 1960, pp. 437–438.
  11. Kennedy 2004, p. 152.
  12. Rekaya 1991, pp. 334, 335.
  13. El-Hibri 2010, p. 286.
  14. Rekaya 1991, p. 335.
  15. Kennedy 2004, p. 153.
  16. El-Hibri 2010, pp. 288–289.
  17. Kennedy 2004, pp. 153–154, 159–160.
  18. El-Hibri 2010, pp. 286–287.
  19. Kennedy 2004, pp. 154–155.
  20. Rekaya 1991, pp. 337–338.
  21. El-Hibri 2010, pp. 288–291.
  22. Rekaya 1991, pp. 336–337.
  23. Kennedy 2004, pp. 156–166.