მუეძინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მუეძინი (არაბ. مؤذن‎‎; მუ'აზზინ) — რელიგიის მსახური ისლამში. მისი მოვალეობაა აზანის წაკითხვა და ამგვარად, მორწმუნეთა მოხმობა სავალდებულო ნამაზზე. მუეძინი დიდად მნიშვნელოვანი პირია ტრადიციულ ისლამურ საზოგადოებებში, რადგან მასზეა დამოკიდებული ლოცვის დროის დადგომის შეტყობინება დანარჩენებისთვის, მარხვის დროს მასზეა დამოკიდებული მარხვის დაწყებისა და დასრულების დროის შეტყობინება და ა.შ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს თანამდებობა უმნიშვნელოდ მოსჩანს, იგი დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია მუსლიმურ თემში.

აზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზანი არის ლოცვის ძახილი, რომელიც ლოცვის დროის დადგომისთანავე წარმოითქმება. აზანი არაბულად უნდა იქნას წაკითხული[1], თუმცა ათათურქის რეფორმების დროს აზანი თურქულად თარგმნეს და თურქულად კითხულობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე თითქმის 18 წლის განმავლობაში, 1932 წლის 18 ივლისიდან 1950 წლის 16 ივლისამდე, როცა ადნან მენდერესის მთავრობამ არაბულ ენას ლიტურგიული ენის სტატუსი მიანიჭა და არაბული აზანი იქნა აღდგენილი. [2]

მოთხოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუეძინი უნდა იყოს მჟღერი ხმის პატრონი მამაკაცი. ქალების მიერ სახალხოდ აზანის კითხვა ისლამის მიხედვით მოუწონარ საქმედ არის მიჩნეული.[3] თუმცა მუეძინობას სპეციალური განათლების საჭიროება ან სხვა რაიმე ცენზი არ აქვს და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მუსლიმს შეუძლია ამ მოვალეობის შეთავსება, თუ მან აზანის ტექსტი ზეპირად იცის.
გარდა ლოცვისკენ მოწოდებისა, განსაკუთრებით დიდი საკრებულო ლოცვებისას მუეძინი ხმამაღლა იმეორებს ლოცვის წინამძღოლის, იმამის წარმოთქმულ ფრაზებს, რომელიც საჭიროა მლოცველთა დიდმა ნაწილმა გაიგონოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზანი სათავეს იღებს ჰიჯრის შემდგომ, როდესაც მედინაში მოსახლეობის უმრავლესობამ ისლამი მიიღო და საჭირო გახდა მათთვის სალოცავად შეკრების დრო ეცნობებინათ. როგორც ჰადისი გვამცნობს[4], კამათში მუსლიმთა ერთმა ნაწილმა იუდეველთა მსგავსად, ბუკის დაყვირებას დაუჭირა მხარი, ხოლო მეორე ნაწილმა ქრისტიანთა მსგავსად, ზარის დარეკვას. ამ დროს 'უმარს უთქვამს - "არ სჯობს რომ ადამიანმა მოიწვიოს ხალხი სალოცავად?" მუჰამმადმა თავის ერთ-ერთ მიმდევარს, ეთიოპელ ბილალს მიმართა - "ბილალ! ადექი და მოუწოდე სალოცავად!".
ისლამის ისტორიაში პირველი მუეძინი სწორედ ეთიოპელი ბილალი იყო და ამ დროიდან მოყოლებული ისლამში დამკვიდრდა სალოცავად მოწვევა ადამიანის ხმით. მოგვიანებით ისლამურ ტრადიციაში შემოვიდა მეჩეთებთან მაღალი კოშკის - მინარეთის აგება, საიდანაც მუეძინები ხალხს მოუწოდებდნენ. ზოგიერთ დიდ ქალაქებში კი მუეძინად ბრმა ან სუსტად მხედველ კაცს აყენებდნენ, რათა მას მინარეთიდან გადმოხედვისას სახლების შიდა ეზოებში შეხედვა და ამგვარად, შიდა სივრცის ხელყოფა არ შეძლებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]