მაგისტროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგისტროსი (ლათ. magister officiorum; ბერძ. μάγιστρος τῶν ὀφφικίων) — რომის იმპერიაში შექმნილი თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია იმპერატორ დიოკლეტიანეს სახელთან. მან სასახლის რამდენიმე სამსახური პრეტორიანელთა ტრიბუნს ჩააბარა და კიდევ ერთი წოდება – magister officiorum უბოძა. კონსტანტინე I დიდის დროს მაგისტროსი გამოვიდა პრეტორიანელთა პრეფექტის დაქვემდებარებიდან და სასახლის დაცვისა და საიმპერატორო სამდივნოს, არსენალის, დესპანთა მეთაური გახდა. მაგისტროსი ირიცხებოდა უმაღლესი რანგის სენატორთა შორის. VII საუკუნიდან ნელ-ნელა მაგისტროსმა დაკარგა თავისი მოვალეობების მნიშვნელოვანი ნაწილი და მხოლოდ საპატიო ტიტული გახდა.

მაგისტროსი საქართველოში, თავდაპირველად, თანამდებობა იყო. ლაზიკის მაგისტროსი ბიზანტიურ წყაროებშია მოხსენიებული. აღნიშნული თანამდებობა, სავარაუდოდ, IV–V საუკუნეების მიჯნაზე ეგრისის სამეფო კარზე აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) ანალოგიით იქნა შემოღებული. VI საუკუნეში ლაზიკის მაგისტროსი იყო ტერდეტი, ხოლო შემდეგ – ფარსანტ კოლხი. ბიზანტიური წყაროების მიხედვით, ლაზიკის მაგისტროსის მოვალეობა იყო სამეფო სასახლის გვარდიის მეთაურობა და სასაზღვრო პროვინციის მმართველობა. მასვე უნდა ჰქონოდა სხვა უფლება-მოვალეობები, ისინი, რაც მაგისტროსს ამავე პერიოდის ბიზანტიაში მოეპოვებოდა.

ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე მაგისტროსებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია გრიგოლ პატრიკიოსს. ის იყო ბიზანტიის იმპერიის კოსტანტი II-ის დროს დაწინაურებული ლაზიკის სამეფო სახლის წევრი. გრიგოლ პატრიკიოსმა თავდაპირველად მაგისტროსის თანამდებობა მიიღო კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ, 663-667 წლებში ლაზიკის მმართველობა ჩააბარეს. ამავე პერიოდში გრიგოლი მაგისტროსობას ტიტულის სახით ინარჩუნებდა.

მაგისტროსის ტიტულის მქონე პიროვნება ბიზანტიის იმპერატორის ბრძანებით შესაბამისი ცერემონიალის შემდეგ იღებდა შესამოსელს ინვესტიტურის სახით, ინსიგნიებს – ძალაუფლების ნიშნებს და როგას – თანამდებობრივ სარგოს, რომელიც თავდაპირველად 24 ლიტრი ბიზანტიური ოქრო იყო, ხოლო შემდეგ – 16 (ერთი ლიტრი ბიზანტიური ოქრო უდრიდა 72 ნომისმას, ბიზანტიურ ოქროს ფულს).

მაგისტროსის ტიტული X საუკუნიდან ხშირად გადაეცემოდათ ქართველ მეფე-მთავრებს: გიორგი II აფხაზთა მეფეს, დავით II ქართველთა მეფეს, გურგენ ერისთავთერისთავს, ბაგრატ ადარნასე ქართველთა მეფის ძეს და ქართველთა მეფეთ მეფე დავით III დიდს; ასევე ჩორდვანელთა სახლის წევრებს – ჩორდვანელ ვარაზ-ვაჩეს ძეს და ბაგრატ თორნიკე ერისთავის ძეს. მომდევნო საუკუნეში საქართვ. სამეფოს მეფე-მთავართა შორის მაგისტროსის ტიტული მიიღეს გურგენ მეფეთ მეფემ, გიორგი I-მა, დემეტრე უფლისწულმა, ლიპარიტ ბაღვაშმა და კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III დიდმა.

მაგისტროსის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე ქართველი დიდებულებიც, მ. შ. ბასილ აპოკაპი, ბასილ თეოდოროკანი, გიორგი მაგისტროსი, ბაგრატ ვიხკაცი, აბაზ ბაკურიანი, სერგი ბაკურიანი და ქაიან იბერი. ისინი ბიზანტიის იმპერიაში სხვადასხვა მნიშვნელოვან ტიტულებსა და თანამდებობებსაც ფლობდნენ. მათ დიდ ნაწილს შენარჩუნებული ჰქონდა ქართული თვითმყოფადობა. XI-XII საუკუნეების მიჯნის ახლო ხანებში მაგისტროსობა გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]