შინაარსზე გადასვლა

ხუან დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან დე ბურბონი
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1822
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1887, (65 წლის)
ბრაიტონი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ტახტის მემკვიდრე
საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე
მონტისონის გრაფი
ანჟუს ჰერცოგი
მეუღლე(ები) მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე
შვილ(ებ)ი კარლოსი, მადრიდის ჰერცოგი
ალფონსო, ანჟუს ჰერცოგი
მშობლები მამა: დონ კარლოსი, მონილას გრაფი
დედა: მარია ფრანსისკა პორტუგალიელი

ხუან დე ბურბონი (ესპ. Juan de Bourbón; დ. 15 მაისი, 1822 — გ. 18 ნოემბერი, 1887) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ვაჟის, მონილას გრაფ დონ კარლოსისა და მარია ფრანსისკა პორტუგალიელის შუათანა ვაჟი. ესპანეთის დე ფაქტო მეფე ხუან III-ის სახელით, როგორც კარლისტთა პარტიის ლიდერი და საფრანგეთის მეფობის ლეგიტიმური კანდიდატი ჟან III-ის სახელით, როგორც ლუი XIV-ის პირდაპირი შთამომავალი.

ხუანი დაიბადა 1822 წლის 15 მაისს არანხუესის სასახლეში, მადრიდში. იგი იყო მონილას გრაფ დონ კარლოსისა და მისი პირველი ცოლის, მარია ფრანსისკა პორტუგალიელის შუათანა ვაჟი. მამის მხრიდან მისი ბაბუა ესპანეთის მეფე კარლ IV, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე ჟუან VI იყო. 1833 წელს ოჯახთან ერთად პორტუგალიაში, 1834 წელს კი ინგლისში გაიქცა. 1847 წლის 6 თებერვალს იგი დაქორწინდა მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ის ასულ მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტეზე.

ხუანი და მარია ბეატრიქსი 1848 წლის რევოლუციამდე მოდენაში ცხოვრობდნენ, ამის შემდეგ კი ისინი ჯერ ავსტრიაში, შემდეგ კი ინგლისში გაიქცნენ და ლონდონში დასახლდნენ. 1853-55 წლებში იგი ცოლთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა. 1860 წლის 13 იანვარს, მას შემდეგ რაც მისი უფროსი ძმა გარდაიცვალა, ხუანი ესპანეთის კარლისტურმა მოძრაობამ ესპანეთის დე ფაქტო მეფედ სცნო. ამან ცხადია ესპანეთის მთავრობის შეშფოთება და ხუანის დაპატიმრების მცდელობა გამოიწვია.

თავისი ლიბერალური შეხედულებების გამო, ძმისა და მამისაგან განსხვავებით, იგი კარლისტებისაგან ნაკლებ მხარდაჭერას იღებდა. ამ ყოველივეს გამო, კარლისტები მას მალევე განუდგნენ და მის ნაცვლად ესპანეთის დე ფაქტო მეფე კარლ VII-დ მისივე ვაჟი კარლოსი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კარლისტი, როგორებიცაა რამონ კარბრერა და ჰერცოგი დე შამბორი ესპანეთის მეფედ კვლავ ხუანს მიიჩნევდნენ, მანამ, სანამ 1868 წელს იგი თავისი ნებით არ გადადგა. იგი პენსიაზე გავიდა და მესამე კარლისტურ ომში თავის ძმას უჭერდა მხარს.

1883 წლის 24 აგვისტოს, საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის, შამბორის ჰერცოგ ანრი დე ბურბონის უშვილოდ გარდაცვალების გამო საფრანგეთის ტახტის ახალ ლეგიტიმურ მემკვიდრედ მისი უახლოესი ნათესავი აირჩიეს, რომელიც ხუანი იყო, როგორც ლუი XIV-ის პირდაპირი შთამომავალი. ამრიგად იგი საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე გახდა, თუმცა ტახტისათვის ბრძოლა არ დაუწყია.

ხუანი გარდაიცვალა 1887 წლის 18 ნოემბერს ინგლისში, 65 წლის ასაკში.

  1. კარლოს მარია (1848-1909), ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარგერიტა დე ბურბონ-პარმა, რომელთანაც შეეძინა შვილები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ბერტა დე როანზე;
  2. ალფონსო კარლოსი (1849-1936), საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ცოლად შეირთო მარია დას ნევეს პორტუგალიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია.
  • Carlos Collado Seidel: Der Spanische Bürgerkrieg. Geschichte eines europäischen Konflikts. C. H. Beck, München 2006, ISBN 3-406-54095-3.
  • Ramon del Valle-Inclán: Der Karlisten Krieg. Klett-Cotta, Stuttgart 1981, ISBN 3-12-901981-2.