დერმატოლოგია
დერმატოლოგია (ძვ. ბერძნ. derma, dermat (os) — კანი; logos — სიტყვა, მოძღვრება) — კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კანის აგებულებას, მის ნორმას და პათოლოგიებს.
თანამედროვე დერმატოლოგია სწავლობს კანის დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, დიაგნოსტიკას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პროფილაქტიკას. აგრეთვე, კანის დაავადებების ურთიერთკავშირს ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან, ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან. ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის პრაღის მე-11 კონგრესის 2002 მემორანდუმით დადგინდა დერმატოლოგიის ქვედისციპლინები: ანდროლოგია, ფლებოლოგია, მიკოლოგია, ჰისტოპათოლოგია, ალერგოლოგია, იმუნოლოგია, პედიატრიული დერმატოლოგია, დერმატოლოგიური ქირურგია, ესთეტიკური მედიცინა, კოსმეტოლოგია. კანის დაავადებების კვლევის კლინიკურ მეთოდებთან ერთად, გამოიყენება ჰისტოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური, ბიოქიმიური, ჰისტოქიმიური, ელექტრონულ -მიკროსკოპული, ექსპერიმენტული, სტატისტიკური და სხვა მეთოდები.
დერმატოლოგია მჭიდრო კავშირშია მედიცინის ისეთ დარგებთან, როგორებიცაა: ვენეროლოგია, თერაპია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, მეანობა, გინეკოლოგია, ქირურგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, ოფთალმოლოგია და სხვ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანის დაავადებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ისინი აღწერილია ჩინურ მანუსკრიპტებში, და ეგვიპტურ პაპირუსებში, სადაც ჩამოთვლილია მათი სხვადასხვა სახეობა და მოყვანილია მკურნალობის მეთოდები.
ჰიპოკრატემ (ძვ.წ. V-IV სს.) აღწერა კანის მრავალი დაავადება და მათი გამომწვევი მიზეზი, რომაელმა ექიმმა აულიუს ცელსიუსმა (ძვ.წ I ს.) კი კანის მთელი რიგი დაავადებები: კარბუნკული, ფლეგმონა, წვეტიანი კონდილომები, წითელი ქარი, სიკოზი, ფსორიაზი და სხვ. რომაელმა ექიმმა, კლავდიუს გალენოსმა (129-200/216) დაიწყო კანის აგებულების შესწავლა. X- XI ექიმმა და ფილოსოფოსმა ავიცენამ წიგნში „სამკურნალო მეცნიერების კანონები“ შეაგროვა და სისტემაში მოიყვანა მედიცინაში არსებული იმდროინდელი ცნობები (ბერძნული, ჩინური, ინდური). მასში აღწერილია პემფიგუსი, ეგზემა, ჭინჭარა და ქავანა. იტალიელმა ექიმმა მერკურიალისმა პირველმა (1572) დასტამბა კანის სნეულებათა სახელმძღვანელო; მარჩელო მალპიგიმ (XIV საუკუნე) შეისწავლა კანის შრეები; ფატერმა (XVIII საუკუნე) კანში აღმოაჩინა ნერვული დაბოლოებები მეცნიერული დერმატოლოგიის საწყისად ითვლება XVIII საუკუნე. ეს არის ემპირიულად დაგროვებული მასალის სისტემაში მოუვანის პირველი მცდელობა. 1760 წელს, ფრანგმა დერმატოლოგმა დე სოვაჟმა გამოსცა წიგნი, სადაც კანის დაავადებები დაყოფილია 5 ძირითად ჯგუფად და 39 სახედ. 1776 წელს, ავსტრიელმა ექიმმა ვენიდან, პლენკმა, წიგნში „Doctrima de morbis Cutaneis“ დერმატოზები მორფოლოგიური ჯგუფით დაყო 14 ჯგუფად. 1777 წელს, ლორი თავის წიგნში „Tractatus de morbis cutaneis“ ეხება კანის ფიზიოლოგიას, პათოლოგიას.
დერმატოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა XXI საუკუნის დასაწყისში.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ცნობები კანის დაავადებათა შესახებ უძველესი დროიდან გვხვდება. იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“ აღწერილია მუნი, სირსველი, კეთრი, მჭამელი. ფეოდალური ხანის სამედიცინო-ფიოლოსოფიურ ტრაქტატებში (ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ და ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“) განხილულია კანის სხვადასხვა დაავადება (მათ შორის სოკოვანიც) და მათი მოვლის საკითხები. ამავე ხასიათისაა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“, დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“ და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 384-385.