შინაარსზე გადასვლა

გინეკოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ექიმი აწარმოებს ქალის გენიტალიების გამოკვლევას, თუმცა სასქესო ორგანოებს არ დაჰყურებს. სურათი, 1822 წელი. ჟაკ-პიერ მენიე.

გინეკოლოგია (ბერძ. γυναίκα — „ქალი“ + λόγος — „შესწავლა“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს მათ დარღვევებს. ვიწრო გაგებით გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობას. მჭიდროდ არის დაკავშირებული მეანობასთან. გინეკოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XVI-XVII საუკუნეებში ანდრეას ვეზალიუსის, თომას და კასპარ ბართოლინუსების, რენიე დე გრააფისა და სხვათა შრომებით ანატომიისა და ფიზიოლოგიის დარგში.

პირველ გინეკოლოგიურ ცნობებს ვხვდებით ძველი ჩინეთის, ძველი ინდოეთის, ძველი საბერძნეთისა და ძველი ეგვიპტის წერილობით ძეგლებში. ჰიპოკრატემ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში დაწვრილებით აღწერა საშვილოსნოს სიმსივნის და ქალის ზოგიერთი დაავადების კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა. გინეკოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყლაიბდა XVIII საუკუნიდან.

გინეკოლოგია საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე XI საუკუნეში იცნოდნენ, რომ სისხლდენა და ტკივილი შეიძლება საშვილოსნოს სიმსივნის — „კირჩხიბის“ ნიშანი იყოს. „უსწორო კარაბადინში“ 7 თავი ეთმობა გინეკოლოგიურ დაავადებებს, XIII ს. ძეგლში „წიგნი სააქიმოჲ“ ეს დარგი უფრო ვრცლად არის გაშუქებული.

თბილისში 1873 წელს არსებობდა სამშობიარო დახმარების პატარა კერძო სტაციონარი, ამას მოჰყვა გინეკოლოგიური განყოფილებების გახსნა თბილისის საავადმყოფოებში. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ პრაქტიკოსი ექიმები: ი. თუმანიშვილი, ე. სობესტიანსკი , ი. მეფისაშვილი, ი. ხოფერია, ვ. ზაკრჟევსკი, მ. იოსელიანი, რ. მამრაძე, ბ. ღოღობერიძე , გ. არეშევი, ს. ვოლოხი, ი. მონინი და სხვა.

1875 წელს თბილისში დაარსდა ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტი. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამეანო-გინეკოლოგიური ინსტიტუტი, სადაც მზადდებოდა კადრები ამიერკავკასიის სამკურნალო დაწესებულებებისათვის, აქვე ექიმები იმაღლებდნენ კვალიფიკაციას; 1912 წელს ოლღას საბებიო ინსტიტუტს ეწოდა ოლღას სამეანო-გინეკოლოგიური ინსტიტუტი, 1936 წლიდან მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ხოლო 1976 წლიდან – მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინსტიტუტი. ეს იყო პირველი ოფიციალურად აღიარებული პერინატოლოგიის, როგორც მეცნ. ახ. დარგის, სამეცნ.-კვლევითი დაწესებულება სსრ კავშირში. 1978 წელს ინსტიტუტი სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოთავე სამეცნ.- კვლევით ცენტრად პერინატოლოგიაში. 2002 წლიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და ეწოდა „ს. ს. კ. ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიისა და პერინატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ (სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე – პ. კინტრაია, გენ. დირექტორი – ე. გოცირიძე), სადაც ჩამოყალიბდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მრავალპროფილური ქირურგიული განყ-ბა.

საქართველოში მეცნ. გინეკოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ი. თიკანაძისა და გ. ღამბარაშვილის მიერ თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტზე 2 გინეკოლოგიური კათედრის შექმნამ. 2005-იდან თბილისის სახელმწიფო სამედ. ინსტიტუტში გაერთიანდა მეანობა-გინეკოლოგიის კათედრები და შეიქმნა ერთი – მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი (ხელმძღვ. – ნ. კინტრაია); ასევე შეიქმნა მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ხელმძღვ. – ა. ხომასურიძე ).

1935 წელს შეიქმნა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა- გინეკოლოგიის კათედრა და ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში მეან-გინეკოლოგთა დიპლომის შემდგომი მომზადების საქმეს. კათედრას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ე. სობესტიანსკი, ლ. ელიაშვილი , ი. ჟორდანია , კ. ჩაჩავა , პ. კინტრაია.

1958 წელს თბილისში ი. ჟორდანიას ინიციატივით დაარსდა ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად მისი დამაარსებლის სახელობისაა და ეწოდება ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დირექტორი – ა. ხომასურიძე).

საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეან-გინეკოლოგებს: ი. თიკანაძეს, გ. ღამბარაშვილს, კ. ჩაჩავას, ი. ჟორდანიას, ბ. ღოღობერიძეს, მ. მგალობლიშვილს, პ. შუშანიას , ა. ტ. ბაქრაძეს , ა. უსტიაშვილს , ლ. ელიაშვილს, ბ. კოპალეიშვილს , ი. მაჭავარიანს, ე. შუშანიას, მ. პაპიტაშვილს , გ. ყ. ასათიანს , ე. ჩახავას, ა. ძნელაძეს, ი. ჩარკვიანს , ლ. ჩარკვიანს, გ. ხეჩინაშვილს, შ. ქორიძეს, მ. ს. გიგინეიშვილს , ლ. გეგიას, ს. ფხაკაძეს, რ. ღოღობერიძეს , გ. მაისაიას, ს. კუჭაიძეს, მ. კაკაურიძეს, მ. მ. გიგინეიშვილს, ზ. ბიბილეიშვილს, ჯ. მეტრეველს, ზ. ჭილაძეს; ქუთაისის მეან-გინეკოლოგებს: ა. მესხს, გ. ლორთქიფანიძეს, ვ. ბეთანელს, ა. კერესელიძეს, ლ. ვეფხვაძეს და სხვ. აგრეთვე დ. აბულაძეს (კიევი) და გ. ხეჩინაშვილს (სანქტ-პეტერბურგი).

სამეცნ.-კვლევითი, პედ. და პრაქტ. მუშაობა მიმდინარეობს ზემოთ დასახელებულ ინ-ტებში, მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებზე და სხვადასხვა ქალაქის მსხვილ სამედიცინო ცენტრებში (ლ. ხონელიძე, ლ. ფხაკაძე, დ. შელია, ლ. ბეჟანიძე, ჯ. უნგიაძე).

შექმნილია ახალი სამეცნ. მიმართულებები გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიაში (პ. შუშანია), ონკოლოგიური გინეკოლოგიის დარგში (ლ. ჩარკვიანი), ქალის გენერაციული ფუნქციის შესწავლაში (ი. ჟორდანია, ჯ. ციციშვილი , ა. ხომასურიძე), ენდოსკოპიურ ქირურგიაში (ნ. კინტრაია, ა. გვენეტაძე), გენეტიკაში (მ. დალაქიშვილი, ჯ. ქრისტესაშვილი).

ქართველ მეცნიერთა სამეცნ. შრომები აღინიშნა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიით (კ. ჩაჩავა, ლ. ჩარკვიანი), საქართვ. სახელმწიფო პრემიით (პ. კინტრაია, მ. გიგინეიშვილი, მ. მ. გიგინეიშვილი, გ. ს. დანელია , ზ. ჭილაძე). უკანასკნელი პერიოდის პრაქტ. გ-ის მიღწევაა ქირურგიულ გინეკოლოგიაში ენდოსკოპიური მეთოდის ფართოდ დანერგვა (ნ. კინტრაია, ა. გვენეტაძე). შეიქმნა საქართვ. გინეკოლოგ- ენდოსკოპისტთა ასოციაცია (პრეზიდენტი – ა. გვენეტაძე, გენერალური მდივანი – ნ. კინტრაია). ორსულობისა და მშობიარობის დროს ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ელექტროფიზიოლ. მეთოდების დამუშავებით (კ. ჩაჩავა, პ. კინტრაია, 1961) შეიქმნა ახ. მიმართულება პერი11 ნატოლოგიაში – ნაყოფის ელექტროფიზიოლოგია. ასევე, სრულიად ახ. მეთოდია ნაყოფისა და ახალშობილის ბიორითმოლოგია (პ. კინტრაია, ე. ზარნაძე). მნიშვნელოვანი მიღწევებია ახალშობილის ძილის შესწავლაში (მ. დევდარიანი, მ. კოხია, ს. მიქაძე). განსაკუთრებით აღსანიშნავია კვლევა, მიძღვნილი პრობლემისადმი – "ნაყოფი და ტკივილი" (პ. კინტრაია). შემოღებულ იქნა ცნება "ნაყოფის აუტოჰიბერნაცია" (პ. კინტრაია, ბ. ქურჩიშვილი). დაინერგა ნაყოფის კრანიო-ცერებრალური ჰიპოთერმიის მეთოდი მშობიარობის დროს (კ. ჩაჩავა, პ. კინტრაია) და ასევე შეიქმნა ვაკუუმ ექსტრაქტორ-ჰიპოთერმი ოპერაციული მშობიარობის დროს ნაყოფის თავის ტვინის სამეანო ტრავმის შესამცირებლად (პ. კინტრაია, ბ. ქურჩიშვილი). ქართველი ავტორების მიერ სრულიად ახლებურადაა ახსნილი მშობიარობის გამშვები მექანიზმები და მშობიარობის რეგულაციაში ნეიროპეპტიდების როლი (პ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. მიქელაძე, ნ. კინტრაია).

შესწავლილია ორსულობის დრომდე მიუტანლობისა და ნაადრევი მშობიარობის მოლეკულური საფუძვლები, დანერგილია პრაქტიკაში დიაგნოსტიკის ახ. მეთოდი (ნ. კინტრაია, ი. მამამთავრიშვილი, დ. მიქელაძე). პ. კინტრაია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ა. უსტიაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 156-157.
  • ღამბარაშვილი გ., გინეკოლოგია [სახელმძღვანელო], თბ., 1941;
  • შუშანია პ., გინეკოლოგია, (სახელმძღვანელო), თბ., 1969.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]