პედიატრია

პედიატრია (ბერძ. παις [pais] ნათ. ბრ. παιδός [paidos] — „ბავშვი“ და ιατρεία [iatreia] — „მკურნალობა“) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ბავშვის ორგანიზმის სხვადასხვა ასაკობრივი პერიოდის ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბავშვთა სნეულებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
პედიატრია როგორც დამოუკიდებელი კლინიკური დისკიპლინა, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის II ნახევარში. XIX საუკუნის ბოლომდე ევროპაში პედიატრების მომზადების ცენტრი იყო პარიზული სკოლა (ნ. ჟადლო, ლ. გერსანი, მ. ბიიარი და სხვები). XX საუკუნის დასაწყისიდან პედიატრიული სკოლები ჩამოყალიბდა სხვა ქვეყნებშიც (ავსტრია, გერმანია და სხვა). რუსეთში პირველი გამოკვლევები ბავშვთა ჯანდაცვის საქმეში ს. ზიბელინის, ნ. ამბოდაკ-მაქსიმოვიჩის, ნ. ნოვიკოვის და სხვა სახელებთან არის დაკავშირებული. პირველი რუსული სახელმძღვანელო ბავშვთა დაავადებებზე — «Педиатрика» ეკუთვნის ს. ხოტოვიცკის (1847). პირველი ბავშვთა საავადმყოფო გაიხსნა 1834 წელს პეტერბურგბში, 1842 წელს მოსკოვში. 1869 წელს სამედიცინო-ქირუიგიულ აკადემიაში გაიხსნა ბავშვთა დაავადებების პირველი კათედრა რუსეთში. 1866 წელს ნ. ტოლსკიმ მოსკოვის უნივერსიტეტთან მოაწყო ბავშვთა კლინიკა, სადაც მუშაობდნენ რუსული კლინიკური პედიატრიის ფუძემდებლები ნ. ფულატოვი, ნ. კორსაკოვი, ა. ფილიპოვი და სხვები. 1885 წელს პეტერბურგში, ხოლო 1892 წელს მოსკოვში დაარსდა პედიატრთა პირველი საზოგადოებები.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბავშვთა ჯანდაცვის ორგანიზაცია ძირფესვიანად შეიცვალა. პედიატრია დაიყო ცალკეულ, ვიწრო სპეციალობებად, შეიქმნა ბავშვთა სამკურნალო და პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფართო ქსელი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და მსოფლიოში პირველი სპეციალური ფაკულტეტები ექიმ-პედიატრთა მოსამზადებლად. საბჭოთა ხელისუფლების პირველი დღეებიდანვე შეიქმნა დედათა და ბავშვთა, აგრეთვე ბავშვთა და მოზარდთა დაცვის სახელმწიფო სისტემები.
სამამულო პედიატრიის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით გ. სპერანსკის, ი. დომბროვსკაიას, ა. ტურს, მ. მასლოვს, მ. სტუდენკინს და სხვებს. პედიატრიის თანამედროვე მნიშვნელოვანი პრობლემებია მოზარდი ორგანიზმის რეაქციულობის შესწავლა, ბავშვის დაავადებათა ქრონიკული ფორმების გამომწვევი მიზეზებისა და პირობების დადგენა, დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ურთიერთმოქმედების დარღვევის მექანიზმებისა და შედეგების გამოკვლევა, ბავშვებისათვის სპეციალური დახმარების რაციონალური ფორმების შემუშავება და სხვა. 1925 წელს შეიქმნა პედიატრთა საკავშირო საზოგადოება, რომელიც 1955 წლიდან შევიდა საერთაშორისო პედიატრიულ საზოგადოებაში (დაარსდა 1950).
საქართველოში მეცნიერული პედიატრიის ფუძემდებელია ს. გოგიტიძე, რომელმაც 1921 წელს თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტზე დააარსა პედიატრიის პირველი კათედრა. 1959 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 1931 წელს დაარსდა საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება. საქართველოში მეცნიერული პედიატრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს: ზ. უგრელიძემ, პ. ნანეიშვილმა, ი. ლორთქიფანიძემ, ა. სიჭინავამ, ი. რცხილაძემ, მ. ბოკერიამ და სხვებმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფაღავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 9.