ნევროლოგია
ნევროლოგია — სამეცნიერო-ბიოლოგიური დისციპლინების ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი ნერვული სისტემის სტრუქტურას და ფუნქციას, მისი ფილო და ონტოგენეზის კანონზომიერებებს. ნევროლოგიის თეორიული საფუძველია ნეირომორფოლოგია და ნეიროფიზიოლოგია. ნევროლოგიის კლინიკური დისციპლინებია: ნევროპათოლოგია, ფსიქიატრია და ნეიროქირურგია. ნევროლოგიის ერთ-ერთი დარგია ნეიროფსიქოლოგია, რომელიც შისწავლის ფსიქოლოგიური პროცესების ტვინოვან საფუძველს და მათ კავშირს თავის ტვინის ცალკეულ სისტემებთან. XVI საუკუნეში ვეზალიუსმა ნერვული სისტემის შესწავლაში საფუძველი ჩაუყარა მორფოლოგიურ-ფუნქციურ მიმართულებას.
XIX საუკუნეში ფართოდ გაიშალა ნერვული სისტემის მიკროსკოპული გამოკვლევა, აღწერილი იყო ნეირონი. თავისა და ზურგის ტვინის გზები და ცენტრები. პარალელურად ვითარდებოდა ნეიროფიზიოლოგიაც. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა თავის ტვინში ფუნქციათა ლოკალიზაციის თეორია, რომელიც ეყრდნობოდა ნერვული ფუნქციების შესწავლას თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილის ამოკვეთის შემდეგ. თავისა და ზურგის ტვინში აღმოაჩინეს ცალკეული ფუნქციების ცენტრები, შეისწავლეს თავის ქერქისა და ქერქქვეშა კვანძების ურთიერთობების მორფოლოგიურ-ფუნქციური საფუძვლები.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში კონჰაიმმა წარმატებით შეისწავლა თავის ტვინის ვასკულარიზაცია. ტვინის სტრუქტურების შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფლექსიგმა, რანვიემ, ბეცმატმა და სხვა მეცნიერებმა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნევროლოგიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია სეჩენოვის, ვედენსკისა და შერინგტონის გამოკვლევებმა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმენელი მეცნიერების ფრიჩის, ჰიციგის, მუნკის, ფლურანსის ექსპერიმენტულ გამოკვლევებს. აღნიშნული ავტორები თავის ტვინის სხვადასხვა ფუნქციის შესწავლისას მიმართავდნენ ტვინის ცალკეული უბნის სტიმულაციას და დაზიანებას, აგრეთვე იყენებდნენ ნერნიკეს, ბროკას და სხვა მკვლევრების კლინიკურ-მორფოლოგიურ დაკვირვებებს მეტყველებისა და სხვა უმაღლესი ქერქული ფუნქციების დარღვევებზე თავის ტვინის ლოკალური დაზიანების (სიმსივნური ან სხვა პათოლოგიური პროცესი) დროს. თავის ტვინის ფუნქციების ლოკალიზაციის პრობლემის შესწავლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კექსონის გამოკვლევებმა (კერძოდ მისმა კონცეფციამ ფუნქციების რთული „ვერტიკალური“ ორგანიზაციის შესახებ), თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების ფუნქციის შესწავლას კი დელგადოს (აშშ) და ჰასლერის (გფრ) მიერ მოწოდებულმა ელექტროსტიმულაციის მეთოდებმა, ნეირონის ქიმიისა და ბიოქიმიის მიღწევებმა და სხვ.
ნევროლოგიის შემდგომ აღმავლობას განსაკუთრებით შეუწყო ხელი პავლოვის მოძღვრებამ უმაღლესი ნერვული მოქმედების შესახებ, ორბელის კონცეფციამ ნათხემის ადაპტაციურ-ტროფიკული ფუნქციის შესახებ და სხვ. დიდია ივანე ბერიტაშვილი ბერიტაშვილის წვლილი უმაღლესი ნერვული მოქმედების შესწავლაში. XX საუკუნის 50-იან წლებში ფართოდ განვითარდა რეტიკულიფორმაციის თეორია, რის შედეგადაც ახლებურად გაშუქდა თავის ტვინის ქერქის, ქერქქვეშა კვანძებისა და ტვინის ღეროს ურთიერთობის საკითხი.
საქართველოში ყიფშიძის, პეტრე სარაჯიშვილის, ავლიპი ზურაბაშვილის, ვაჟა ოკუჯავას და სხვათა კვლევებმა ეპილეფსიის, შიზოფრენიისა და სხვა დაავადებების პათოგენეზისა თემაზე გარკვეული ბიძგი მისცა ნევროლოგიის განვითარებას ჩვენს რესპუბლიკაში. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ზოგადი მორფოლოგიისა და ფილო-ონტოგენეზის მრავალი საკითხი გაშუქებულია სხვა ქართველი მეცნიერების კვლევებში.
სსრკ-ში ნევროლოგიის ყველაზე დიდი სამეცნიერო ცენტრები იყო სსრკ მედიცინათა მეცნიერებების აკადემიის ტვინის ინსტიტუტი, უმაღლესი ნერვული მოქმედების ინსტიტუტი და ნევროლოგიის ინსტიტუტი მოსკოვში, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ლენინგრადში, ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის ინსტიტუტი ხარკოვში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიატრიის ინსტიტუტი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია და თბილისის ფიზიოლოგიური ინსტიტუტი.
ნევროლოგიის მსოფლიო ფედერაცია (World Federation of Neurology) აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ნევროლოგებს. ნევროლოგიაში საერთაშორისო კონგრესები ტარდება 1897 წლიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 364-365.