ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგია (ბერძ. ἔνδον — „შიგნით“, κρίνω — „გამოვყოფ“ და λόγος — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მოძღვრება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ენდოკრინული ჯირკვლების) აგებულებასა და ფუნქციაზე; შეისწავლის მათ მიერ გამომუშავებული სპეციფიკურ პროდუქტების-ჰორმონების თვისებებსა და მოქმედებას, აგრეთვე ამ ჯირკვლების ფუნქციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს. დიდ ადგილს უთმობს ენდოკრინული და ნერვული სისტემების ურთიერთკავშირის, ენდოკრინულ ჯირკვლებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესებისა და ჰორმონების წარმოქმნის, მათი მოქმედების მექანიზმისა და ფერმენტებთან და ვიტამინებთან ურთიერთქმედების საკითხებს. ენდოკრინოლოგიის მიღწევები მჭიდროდ უკავშირდება ფიზიოლოგიურ, პათოფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ, თერაპიის, ქირურგიის, ნევროპათოლოგიისა და ფარმაკოლოგიის განვითარებას.
პირველი წარმოდგენა იმაზე, რომ სხვადასხვა ორგანო სისხლში გამოყოფს ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ანტიკურ ხანას განეკუთვნება, მაგრამ XIX საუკუნემდე ენდოკრინოლოგია ძირითადად ემპირიულ დაკვირვებებს ეყრდნობოდა. 1840 წელს კ. ბაზედოვმა აღწერა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით გამოწვეული დაავადება. 1849 წელს გერმანელმა ფიზიოლოგმა ა. ბერთოლდმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ კასტრირებულ მამალს აღარ უვითარდება კასტრაციის შემდგომი მოვლენები, თუ კასტრაციის შემდეგ მას სათესლე ჯირკვალი გადაუნერგეს ამრიგად, დადგინდა, რომ სათესლე გამოყოფს რაღაც ნივთიერებებს, რომლებიც სისხლით მთელ ორგანიზმში ვრცელდება. 1855 წელს კ. ბერნარმა დაადგინა, რომ ღვიძლი ნაღვლის წარმოქმნასთან ერთად სისხლში გამოყოფს გლუკოზას; მანვე შემოიღო ტერმინი „შინაგანი სეკრეცია“. იმავე წელს ტ. ადისონმა აღწერა თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებით გამოწვეული ე. წ. ბრინჯაოს სნეულება. ფრანგმა მეცნიერმა შ. ბროუნ-სეკარმა ცხადყო ორგანიზმზე სათესლის გამონაწვლილის მასტიმულირებელი მოქმედება (1889), რითაც დაამტკიცა ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის ჰუმორული ურთიერთმოქმედება. ენდოკრინოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ა. რეპრევმა, ნ. როგოვიჩმა, ლ. სობოლევმა, მ. ჩებოქსაროვმა, ვ დანილევსკიმ და სხვებმა. XX საუკუნის დასაწყისისათვის უკვე გარკვეული იყო შინაგანი სეკრეციის თითოეული ჯირკვლის მნიშვნელობა ორგანიზმის მოქმედებისა და განვითარების პროცესების რეგულაციაში, აგრეთვე ამ ჯირკვლების მუდმივი ურთიერთგავლენა. გაღრმავდა ცოდნა ცალკეული ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის მომატებით ან დაკლებით და ენდოკრინული ჯირკვლების ურთიერთმოქმედების რეგულაციის მოშლით გამოწვეულ დაავადებებზე. ენდოკრინოლოგიის განვითარების შემდგომ ეტაპზე დაიწყო შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიდან მათ მიერ პროდუცირებული ჰორმონების შესწავლა. პირველი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – თირეოიდინი 1 ფარისებრი ჯირკვლიდან მიიღეს და ექსტრაქტის სახით გამოიყენეს 1891 წელს. 1901 წელს მსხვილი რქოსანი საქონლის თირკმელზედა ჯირკვლებიდან გამოყვეს ადრენალინი (1905 წელს იგი მიიღეს სინთეზურადაც). ცოტა მოგვიანებით ჰიპოფიზის უკანა წილიდან გამოყვეს პიტუიტრინი. სწრაფად ვითარდებოდა ჰორმონთა ქიმია. მოახდინეს მრავალი ჰორმონის სინთეზი (თიროქსინი, დეზოქსიკორტიკოსტერონი, კორტიზონი, ჰიდროკორტიზონი, ესტროგენები და პროგესტერონი, ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი) და მიიღეს ისეთი პრეპარატები, რომლებსაც ჰქონდათ ჰორმონები, ანალოგიური მოქმედება (მაგალითად, სინესტროლი), აგრეთვე ზოგიერთი ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციის დამთრგუნველი ნივთიერებანი. ენდოკრინოლოგიის განვითარებამ გააფართოვა სხვადასხვა დაავადების დროს ჰორმონული პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა. საბჭოთა მეცნიერებს დიდი ღვაწლი მიუძღვით როგორც ექსპერიმენტალური (ე. სპერანსკაია, ა. ტონკიხი და სხვ.) და ბიოქიმიური (ნ. იუდაევი, ი. ტურაკულოვი და სხვ.), ისე კლინიკური (ნ. შერეშევსკი, ვ. ბარანოვი და სხვ.) ენდოკრინოლოგიის განვითარებაში.
საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური დაწესებულება – ჩიყვის საწინააღმდეგო რესპუბლიკური დისპანსერი 1936 წელს შეიქმნა ი. ასლანიშვილის თაოსნობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეკიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 152-153.