ჯაყელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფარის მონასტრის ფრესკა, ქტიტორი ბექა I ტაძრის მოდელით ხელში.
სამცხე-საათაბაგოს დროშა

ჯაყელები — სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო. XI-XIII საუკუნეებში, სამცხის მთავრები XIII-XVI საუკუნეებში. გვარის სახელწოდება წარმოსდგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან. ჯაყელების საგვარეულოს დამფუძნებელი ჩანს ჩორჩანელების წარმომადგენელი ბეშქენი (IX-X საუკუნეების მოღვაწის მირიან ბაჰლაუნდის შუათანა ვაჟი). ბეშქენის შთამომავლობამ მიიღო მეფისაგან სამამულედ ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და ურავლის ხეობები. პირველ ჯაყელად წყაროებში იხსენიება (XI საუკუნის შუა წლები) თუხარისის ერისთავი ბეშქენი, ხოლო შემდეგ - ყველის ერისთავი მურვანი (ალბათ ბეშქენის შვილი). აგარის მონასტრის სატრაპეზოს წარწერაში როგორც ბეშქენი, ისე მურვანი იხსენიებიან ერისთავთერისთავებად.

XI-XII საუკუნეებში ჯაყელებმა რამდენიმეჯერ მიიღეს მონაწილეობა მეფის საწინააღმდეგო ფეოდალურ ამბოხებაში: XI საუკუნის 50-იან წლებში ბეშქენ ჯაყელი მიემხრო ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ მებრძოლ ლიპარიტ ბაღვაშს. 1178 წელს მემნა ჯაყელმა მონაწილეობა მიიღო გიორგი III-ის წინააღმდეგ დემნა უფლისწულისა და ორბელების აჯანყებაში. XII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის ერისთავი და სპასალარი ბოცო ჯაყელი მიემხრო ტახტის მაძიებელ გიორგი რუსს, რისთვისაც მას თამარ მეფემ ჩამოართვა სამცხის ერისთავ-სპასალარობა და ჯაყის ციხე და გადასცა ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს. ასე წარმოიქმნა ახალი ჯაყელების, ანუ ციხისჯვარელ-ჯაყელების ფეოდალური საგვარეულო. ძველი ჯაყელები კი ამიერიდან ბოცოსძეებად იწოდებოდნენ.

ციხიჯვარელ-ჯაყელები მარტო სამცხის ერისთავ-სპასალარები კი არ იყვნენ, XII საუკუნიდან სამეფო კარზე მათ სხვადასხვა სავაზირო ხელიც ეპყრათ.: მეჭურჭლეთუხუცესობა (ყვარყვარე I, სარგის I), მანდატურთუხუცესობა (ბექა I), ათაბაგობა (1334 წლიდან მოყოლებული), ამირსპასალარობა (აღბუღა I).

1266 წელს სამცხის ერისთავმა სარგის ციხისჯვარელ-ჯაყელმა მონღოლთა ყაენისაგან ილხან აბაღასაგან ხასინჯუ მიიღო და სამცხე სამთავროდ იქცა. საფუძველი ჩაეყარა სამცხის პოლიტიკურ გამოყოფას საქართველოსაგან, რაც საბოლოოდ XV საუკუნეში დასრულდა. ჯაყელები სამცხის მთავრებად გადაიქცნენ. სარგის I-ის ძის ბექა I მანდატურთუხუცესის დროს სამცხის სამთავრო თითქმის მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოიცავდა ტაშისკარიდან კარნუ-ქალაქამდე (დღევანდელი ერზურუმი).

1334 წელს გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა უწყალობა თავის ბიძას, სარგის II ჯაყელს (ბექას ვაჟს). ამიერიდან სამცხის სამთავროს დაუმკვიდრდა სახელი „სამცხე-საათაბაგო“, ხოლო სამცხის მთავარს - „სამცხის ათაბაგი“.

ძველი ჯაყელების მთავარი რეზიდენცია იყო ჯაყის ციხე, საგვარეულო მონასტერი - ალის წმინდა გიორგი ეკლესია (ფოცხოვის ხეობაში); ახალი ჯაყელების (ციხისჯვარელ-ჯაყელების) მთავარი რეზიდენცია XII-XIII საუკუნეში იყო ციხისჯვარი (სამცხეში), ხოლო XIV-XVIII საუკუნეებში ახალციხე. ციხისჯვარელ-ჯაყელების მონასტრებად იქცა ყოფილი სამეფო, ხოლო შემდეგ საკათალიკოსო მონასტერი ვარძია, ყოფილი სამეფო, ხოლო შემდეგ თმოგველთა მონასტერი ვაჰანი, ზარზმისა და საფარის მონასტრები.

ჯაყელებმა თავიანთ სამთავროში საკანონმდებლო მუშაობა ჩაატარეს: ბექა I (1285-1306 წწ.) და აღბუღა I (XIV ს. II ნახევარი) სჯულმდებლები იყვნენ.

XIII-XVII საუკუნეებში ჯაყელები ქორწინების გზით უნათესავდებოდნენ საქართველოს მეფეებსა და თავადებს, ტრაპიზონის იმპერატორებს. გამოდიოდნენ ტრაპიზონის იმპერიაში ქართული ორიენტაციის აქტიურ გამტარებლებად.

საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში (XI-XIII სს.) ჯაყელების საგვარეულოს წარმომადგენლები მეწინავე სადროშოს - ზემო ქართლის ანუ მესხეთის ლაშქარს სარდლობდნენ. XI-XII საუკუნეებში ჯაყელების სარდლობით მესხებმა არა ერთი გმირული ბრძოლა გაუმართეს თურქებს, XIII საუკუნეში - მონღოლებს, XV-XVII საუკუნეებში - ირანელ და ოსმალ დამპყრობლებს. მაგრამ ამავე დროს, სამცხის სამთავროდ გამოყოფის შემდეგ, განსაკუთრებით XV-XVI საუკუნეებში ჯაყელები ატარებდნენ სეპარატისტულ კურსს საქართველოს მეფის მიმართ. XV-XVI საუკუნეებში ჯაყელებსა და საქართველოს მეფეს შორის წინააღმდეგობა აშკარა ბრძოლაში გადაიზარდა. ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაამწვავა საგარეო ვითარების გართულებამ და ამიერკავკასიის ასპარეზზე ირან-ოსმალეთის გამოჩენამ. თავიანთი სეპარატისტული მიზნების მისაღწევად იმხანად ჯაყელები ხშირად უკავშირდებოდნენ ირანელ და ოსმალ დამპყრობლებს და ამით ძირს უთხრიდნენ საქართველოს ერთიანობა-დამოუკიდებლობას.

XV-XVI საუკუნეებში ჯაყელები ქართლის საპატრიარქოსაგან სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის გამოყოფას და მის სათავეში მაწყვერელის ჩაყენებასაც ცდილობდნენ. ეს საეკლესიო ბრძოლა ქართლის კათალიკოსის გამარჯვებით დამთავრდა.

ჯაყელები ასევე აწარმოებდნენ სამამულე ბრძოლას სამხრეთ საქართველოს სხვა დიდ ფეოდალურ სახლებთან - ჩორჩანელებთან, თმოგველებთან, მხარგრძელებთან, თორელებთან, ღობიარებთან, ორბელებთან, ფანასკერტელებთან, ბოცოსძეებთან, ხურსიძეებთან და სხვა. ამ ბრძოლაში ჯაყელებმა გაიმარჯვეს. დამარცხებული ფეოდალები მათ ან განდევნეს სამცხე-საათაბაგოდან ან თავიანთ ყმა-ვასალებად აქციეს. სამცხე-საათაბაგოს თავადების XVI საუკუნის ნუსხაში იხსენიება 22 თავადი, რომელთაგან 14 დამკვიდრებულია სხვა, ადრინდელი ფეოდალის მამულში. გადაშენებულ ფეოდალურ საგვარეულოებს შორის ჩანან ძველი ჯაყელებიც - ბოცოსძენი. 1576-1578 წლებში სამცხე-საათაბაგოში მწვავე შინაომი გაჩაღდა ჯაყელებსა და მათ წინააღმდეგ აჯანყებულ ფეოდალებს შორის (შალიკაშვილები, დიასამიძეები, ამატაკისშვილები და სხვა). ამ შინაომმა გზა გაუწმინდა კარზე მომდგარ ოსმალ დამპყრობლებს, რომლებმაც 1578-1581 წლებში ხელთ იგდეს სამცხე-ჯავახეთის უმთავრესი ციხეები.

სამცხის უკანასკნელი ათაბაგი იყო მანუჩარ III ჯაყელი (1614-1625 წწ.). ის მოწამლა საკუთარმა ბიძამ ბექამ (საფარ-ფაშამ), რომელიც 1628 წელს ოსმალეთის სულთანმა ჩილდირის (ახალციხის) საფაშოს გამგებლად დანიშნა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რუსეთის დაპყრობამდე (1829 წელი) ახალციხის ფაშებად გამაჰმადიანებული ჯაყელები იყვნენ. რუსეთის ანექსიის შემდეგ ჯაყელების ერთი შტო ქვაბლიანის ხეობიდან ათაბაგ-ქვაბლიანსკად იწოდებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 546, თბ., 1987 წელი.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974
  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX ს. შუა წლებამდე), თბ., 1975
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965