ბექა I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბექა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბექა.
ბექა I
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1285
მმართ. დასასრული: 1306
წინამორბედი: სარგის I
მემკვიდრე: სარგის II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1240
გარდ. თარიღი: 1306
მეუღლე: მარინე
შვილები: სარგის I
ყვარყვარე
შალვა
ჯიაჯაყ ჯაყელი
ნათელა ჯაყელი
დინასტია: ჯაყელები
მამა: სარგის I

ბექა I ჯაყელი (დ. დაახლ. 1240 ― გ. 1306) ― სამცხის მმართველი 1285-1306 წლებში.

ბექა I-ის სამფლობელო-საგამგეო (სამცხე, აჭარა, შავშეთი, ჭანეთი, კლარჯეთი, ტაოს უდიდესი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზერუმი) და შავ ზღვამდე. 1266-1334 წწ. ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოსაგან და ცალკე პოლიტიკური ერთეულს წარმოადგენდა. ბექა I ილხანთა სახელმწიფოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათს ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში). ბექა I იყო ქართული პოლიტიკური გავლენის აქტიური დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რომელსაც იმხანად საქართველოს მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა დასმა. ამისი ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის (1297-1330) დაქორწინება ბექა I-ის ასულზე. ბექა I-ის მეორე ასული ნათელა იყო დემეტრე II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა.

ბექა I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რომელიც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა („წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“), აშენდა წმ. საბას ტაძარი საფარში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბექა მანდატურთუხუცესის პირველი ცოლი ვახახი მოხსენიებულია მატიანესა და სინას მთის აღაპებში, ხოლო მეორე ცოლი — მარინე, ანჩისხატის კარედის წარწერებსა და სინოდალურ კანტორის აღაპთა ნუსხაში №507.

ანჩისხატის წარწერებში ასევე მოხსენიებულნი არიან შვილები: საგრის, ყვარყვარე და შალვასთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
სარგის I
სამცხის ათაბაგი
1285 - 1306
შემდეგი:
სარგის II