ათაბაგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათაბაგი, ათაბეგი (თურქ. ata – მამა, berg – ბატონი) — სელჩუკთა სახელმწიფოში სულთნის მემკვიდრის აღმზრდელი და მეურვე. პირველი ათაბაგი იყო მალიქშაჰის აღმზრდელი ნიზამ ალ-მელქი (XI ს.). სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ათაბაგი დამოუკიდებელი სამთავროს მეთაურის წოდებაა, ან მხოლოდ საპატიო ტიტული ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოში — მხედართმთავარი.

საქართველოში ათაბაგი იყო ერთ-ერთი ვეზირი. მის ფუნქციებში შედიოდა ტახტის მემკვიდრის აღზრდა. ათაბაგობა საქართველოში დამკვიდრდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურად განწყობილი მსხვილი ფეოდალების გაძლიერების შედეგად. 1212 წელს იგი პირველად ებოძა ივანე მხარგრძელს (ერთი მოსაზრებით, ამ სახელოს მანამდე ფლობდა ივანე ახალციხელი). ათაბაგობა იმთავითვე დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობას. ათაბაგობასთან ხშირად შეთავსებული იყო ამირსპასალარის თანამდებობაც. 1334 წელს გიორგი V-მ ათაბაგობა უბოძა თავის ბიძას, სამცხის მთავარ სარგის ჯაყელს. საქართველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ ათაბაგობა როგორც ვეზირობა მოისპო. „ათაბაგი“ სამცხის მთავართა ტიტულად იქცა (აქედან — სამცხე-საათაბაგო).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 1, გვ. 222, თბ., 1975
  • Amin Maalouf. Crusades Through Arab Eyes, 1984

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]