ზარზმის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზარზმის მონასტერი
Zarzma church.jpg
ზარზმის ხედი სამხრეთიდან
ჯაბა ლაბაძის სურათი

ზარზმის მონასტერი მდებარეობა საქართველო

Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°40′41″ ჩ. გ. 42°39′13″ ა. გ. / 41.67806° ჩ. გ. 42.65361° ა. გ. / 41.67806; 42.65361
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ზარზმის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.

ისტორია[რედაქტირება]

მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე).თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.

ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დომეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.

ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ზარზმის ფერისცვალების ხატი

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI სს., თბ., 1955;
  • მისივე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970;
  • ბერიძე ვ., ქსე, ტ. 4, გვ. 485, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ზარზმის საიტი