სარეველა მცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარეველა მცენარეებიმცენარეები, რომელთა არსებობა სავარგულებზე არასასურველია. სარეველა მცენარეების რამდენიმე ატასი სახეობა არსებობს და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოში დაახლოებით 1000 სახეობაა. სარეველა მცენარეები კარგად ეგუებიან ადგილობრი პირობებს, სწრაფად ვითარდებიან და ვრცელდებიან, დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას — თრგუნავენ, ერევიან კულტურულ მცენარეებს, ნიადაგიდან დიდი რაოდენობით იღებენ ტენსა და საკვებ ნივთიერებას, ხელს უწყობენ მავნებლობისა და დაავადებების გავრცელებას, ზოგიერთი მათგანი ფესვიდან გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.

ხვიარა სარეველა (ხვართქლა, ყანის ჭლექი და სხვა) ნათესის ჩაწოლას იწვევს, რაც ართულებს მანქანით მოსავლის აღებას; ზოგი (მაგ. ბუსუსნაყოფა, ჰელიოტროპი) თესლი ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველისათვის მომშხამველია, სათიბ-საძოვრებზე შხამიანი სარეველა მცენარეებით იწამლება პირუტყვი და სხვა. არსებობს სარეველა მცენარეების 3 ბიოლოგიური ტიპი: თესლიანი მოკლეხნოვანი, ვეგეტაციური მოკლეხნოვანი და მრავალწლოვანი.

თესლიან მოკლეხნოვანთა გამრავლება, გავრცელება და განახლება ხდება თესლითა და ნაყოფით, ერთხელ მსხმოიარობენ და კვდებიან, მათ შორის არიან ერთ- და ორწლოვანები. მათგან რამდენადმე განსხვავდებიან პარაზიტი სარეველები, რომლებიც პარაზიტობენ მასპინძელი მცენარის ღეროზე (აბრეშუმა), ფესვებზე (კელაპტარა) და ნახევრად პარაზიტები (კორდისკბილა, ხრიალა და სხვა).

ვეგეტაციური მოკლეხნოვანი სარეველა თესლის გარდა ვეგეტაციურად მრავლდება, მაგ., გორგლით, ბოლქვით და სხვა.

მრავალწლოვანი სარეველების მიწისქვეშა ორგანოები დიდხანს ცოცხლობენ, ყოველწლიურად იძლევიან ამონაყარს, რომელიც 1-2 წელს ცოცხლობს და ნაყოფის მოცემის შემდეგ იღუპება. ასეთებია ფუნჯაფესვიანები, მთავარღეძიანები, ფესურიანები და ფესვნაყრიანები.

ადგილსამყოფელისა და სპეციალიზაციის მიხედვით სარეველა მცენარეები არიან რუდერალური (მრავლდებიან ნაგვის საყრელ ადგილას, საცხოვრებლის ან სანაკელის ახლოს, გზის გასწვრივ და სხვა). სეგეტალური (სარეველები სახნავში, მდელოზე, ვენახში, ხეხილის ბაღში, პარკებში და სხვაგან). ბუნებრივი სავარგულების სარეველა მცენარეები და სპეციალური ფართობების სარეველა მცენარეები ცალკე გამოიყოფა საკარანტინო სარეველები, რომელთა გავრცელებაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული (აკონტროლებს საკონტროლო სამსახური). სარეველა მცენარეების წინააღმდეგ იყენებენ აგრეთვე აგროტექნიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და კომპლექსურ ღონისძიებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]