კოლონიალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლონიური იმპერიების რუკა, 1800
კოლონიური იმპერიების რუკა, 1914
კოლონიური იმპერიების რუკა, 1945

კოლონიალიზმიეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და იმპერიალისტური ქვეყნისათვის მათი დამორჩილების პოლიტიკა.[1] კოლონიები თავდაპირველად წარმოადგენდნენ სავაჭრო, სამიწათმოქმედო, სამესაქონლეო და სამხედრო-სამიწათმოქმედო ტიპის დასახლებებს, რომლებიც იქმნებოდა უმთავრესად ანტიკურ ეპოქაში რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა მასობრივი მიგრაზიის გზით. ეს კოლონიები, როგორც წესი, მეტროპოლიებისგან დამოუკიდებელი იყვნენ, ანდა მათი მოსახლეობა ისეთსავე მდგომარეობაში იყო, როგორც მეტროპოლიებში. თავისებურ კოლონიურ პოლიტიკას ატარებდნენ ჯერ კიდევ რომი და სხვა მონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც მიზნათ ისახავდნენ დაპყრობილი ქვეყნების ძარცვასა და მონების ხელში ჩაგდებას. ფეოდალიზმის ეპოქაში XV საუკუნემდე კოლონიური პოლიტიკა არ იყო დიდად განვითარებული, რადგანაც ნატურალური მეურნეობა ვერ ქმნიდა სათანადო სავაჭრო-ეკონომიკურ პირობებს.[2]

მნიშვნელოვანი მასშტაბის კოლონიური დაპყრობები დაიწყო ჯერ კიდევ კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს. პირველი კოლონიური იმპერიები — ესპანეთისა და პორტუგალიისა შეიქმნა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების კვალდაკვალ. XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში, როგორც მსხვილი კოლონიური სახელმწიფო დაწინაურდა ჰოლანდია, რომელმაც XVII საუკუნის შუა წლებში დაიპყრო პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა აღმოსავლეთში. ნიდერლანდის კოლონიური ჰეგემონია დაამხო ინგლისმა ინგლის-ჰოლანდიის ომების შედეგად.[2]

XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში კოლონიური დაპყორობების გზას დაადგა საფრანგეთი. კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში კოლონიურ პოლიტიკას ახორციელებდნენ სპეციალურად შექმნილი მსხვილი სავაჭრო კომპანიები. კოლონიური პოლიტიკა იყო უზარმაზარი მოგების წყარო, ამავე დროს ის ახდენდა სხვადასხვა სახის ზემოქმედებას მეტროპოლიებზე.[2]

პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებაში კოლონიებისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის ბრძოლას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. დამარცხებულმა გერმანიამ მთლიანდ დაკარგა თავისი კოლონიები. კოლონიური სისტემის კრიზისის ახალი ეტაპი გაიშალა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და განსაკუთრებით ომის შემდგომ წლებში.

1956-1965 წლებში აფრიკაში სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა 33 ქვეყანამ.[2] ისტორიულად კოლონიალიზმი ევროპის სახელმწიფოების სახელთან არის დაკავშირებული და მთელი დანარჩენი მსოფლიო, აზიის რამდენიმე და აფრიკის ორი (ეთიოპია და ლიბერია) ქვეყნის გარდა, სხვადასხვა დროს ევროპის ქვეყნების კოლონია იყო.

მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კოლონიალიზმი როგორც სისტემა აღარ არსებობს.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]