ვერიკო ანჯაფარიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერიკო ანჯაფარიძე
Veriko1.jpg
ვერიკო ანჯაფარიძე
დაბ. სახელი ვერიკო ანჯაფარიძე
დაბ. ადგილი ქუთაისი
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი/6 ოქტომბერი, 1900
გარდ. თარიღი 30 იანვარი, 1987
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე (დ. 23 სექტემბერი/6 ოქტომბერი, 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა ქუთაისელი ინტილიგენციის ოჯახში. ბაბუა გრიგოლ ანჯაფარიძე იყო გამოჩენილი იურისტი, მსახიობის მამა ივლიანე ანჯაფარიძე კი ნოტარიუსი. მსახიობის მამიდა ლიდია გრიგოლის ასული ანჯაფარიძე გათხოვილი იყო რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორ გიორგი ქორქაშვილზე, მეორე მამიდა მარიამ გრიგოლის ასული ანჯაფარიძე კი აზნაურ გიორგი გეგელიაზე. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში - ს. აიდაროვისა (1916-1917) და თბილისში - გ. ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 - ბათუმის თეატრისა და თბილისის „მუშათა თეატრის“, 1928-1932 - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 მუშაობდა მოსკოვის „რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის „დედაში" შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისში". იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ანჯაფარიძის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.

ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი (პიესა)“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი"), გინატრე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), აიშე

ვერიკო ანჯაფარიძე

(ი. ვაკელის „შური"), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს „მედეა"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის „გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის „მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს „პიგმალიონი“) და სხვა.

ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ და საბჭოთა კინოს განვითარებაში. შექმნა (1925-იდან) განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო („საბა", 1929), ლუიზა („კომუნარის ჩიბუხი", 1929), კნეინა ბარათაშვილისა („არსენა", 1937), რუსუდანი („გიორგი სააკაძე", სსრკ სახელმწიფო პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა („ბერლინის დაცემა" , 1949), დაფინა („სკანდერბეგი", 1956), ოთარაანთ ქვრივი („ოთარაანთ ქვრივი", 1958), ნინო („ბედნიერი შეხვედრა“, 1949), კნეინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან", 1966), მგზავრი („მონანიება", 1984) და სხვა.

ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის „ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის „მღელვარე დღეები".

ანჯაფარიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. სოციალისტური შრომის გმირი (1977). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ვ. ანჯაფარიძე 1918 წ. ცოლად გაჰყვა პოეტ შალვა ამირეჯიბს, შემდეგ კი — რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს. ჭიაურელის და ანჯაფარიძის ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი. ვერიკო ანჯაფარიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გუგუშვილი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 504-505, თბ., 1975 წელი.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 173, თბ., 1997
  • აფხაიძე შ., ვერიკო ანჯაფარიძე, თბ., 1956;
  • ვერიკო ანჯაფარიძე, საიუბილეო კრებული, შედგ. ნ. ურუშაძის მიერ, თბ., 1957;
  • ვერიკო ანჯაფარიძე, ალბომი შედგ. კ. ნინიკაშვილის მიერ, თბ., 1968;
  • Гугушвили Э., Театральные портреты, Тб., 1968;
  • Гугушвили Э., Джанелидзе Д., Грузинский гос. драматический театр им. К. А. Мардзанишвили, Тб., 1958;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]