აცტეკების იმპერიის დაპყრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აცტეკების იმპერია ესპანელთა დაპყრობების მიჯნაზე

მექსიკის დაპყრობა — ესპანეთის უმსხვილესი საბრძოლო კამპანია ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში. კონკისტადორების უმრავლესობას მეთაურობდა ერნან კორტესი.

დაპყრობების საწყისი პერიოდი[რედაქტირება]

იუკატანის აღმოჩენა[რედაქტირება]

კუბის გუბერნატორმა, დიეგო ველასკეს დე კუელარმა, რომელიც ახალ სამყაროში (ამერიკაში) ქრისტეფორე კოლუმბთან ერთად 1493 წელს ჩამოვიდა, 1519 წელს შეკრიბა ფლოტი მექსიკის დასაპყრობად და ექსპედიციას სათავეში ჩაუყენა ერნან კორტესი (1485 - 2 დეკემბერი, 1547), ადამიანი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა ჯარისკაცებს შორის.

კოსუმელის დაპყრობა[რედაქტირება]

კორტესი და მალინჩი (მალინალი) მუნტესუმასთან ტენოჩტიტლანში, 1519 წლის 8 ნოემბერი.

1519 წლის 10 თებერვალს ანტონიო ალამინოსი „ოქროს ქვეყნისკენ“ გაუძღვა კორტესის ცხრა ხომალდს 600 ჯარისკაცთან ერთად. კუნძულ კოსუმელზე, სადაც იყო მაიას ხალხის ტაძარი, კორტესის ბრძანებით ყველა წარმართული კერპი განადგურდა, ტაძარი კი ქრისტიანულად გადაკეთდა. მაიამ პრაქტიკულად ეგრევე მიიღო ქრისტიანობა (ჯვარს იუკატანის ინდიელები პატივს სცემდნენ, ქრისტეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე). ინდიელებთან პირველი შეტაკება გაიმართა ტაბასკოში, სამხრეთ სანაპიროზე. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, კორტესმა სამი დანაყოფი გაგზავნა ქვეყნის შიგნით. როდესაც მსხვილ საბრძოლო ძალებს შეხვდნენ, დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. ინდიელები დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და იარაღებისა და ცხენებისაც კი არ ეშინოდათ. მაშინ კორტესმა კავალერიით უკნიდან შეუტია.

ტაბასკოდან ფლოტილია კ. სან-ხუან-დე-ულუამდე გავიდა. 21 აპრილს ესპანელები სანაპიროზე ჩამოვიდნენ და დააარსეს ქალაქი ვერაკრუსი, რათა ზურგი დაეცვათ. ესპანელებს მექსიკელებისადმი დიდი უპირატესობა ჰქონდათ: ცეცხლსასროლი იარაღი, რკინის აბჯარი, საბრძოლო ცხენები. აცტეკების მმართველობა რაიონში სუსტი იყო, მათ მიერ დაპყრობილი ხალხები ეძებდნენ დამპყრობლებისგან გათავისუფლების გზას. კორტესმა ისინი თავის მხარეს გადაიბირა შეპირებებით, მოსყიდვითა და მუქარით. ამგვარად, კორტესის გზამკვლევი ერთ-ერთი დამორჩილებული ტომის ბელადის ქალიშვილი, მალინჩი, იყო.

ტენოჩტიტლანი[რედაქტირება]

აცტეკებს ჰქონდათ მითი თეთრ, ზღვიდან მოსულ წვერიან ღმერთზე, კეცალკოატლზე. ზოგიერთი აცტეკელი მღვდელი, მათთან ერთად კი მთელი ერი, თვლიდა, რომ კორტესი, თეთრკანიანი წვერიანი ადამიანი, ჯავშნით აღჭურვილი და უცნაური მხედრების წინამძღოლი (ადამიანი და ცხენი ადგილობრივების აღქმაში ერთი მთლიანი იყო), — ეს იყო კეცალკოატლი, რომელიც ციდან ჩამოვიდა. მაგრამ იმპერატორი მონტესუმა II სხვაგვარად თვლიდა. მოგვებმა იწინასწარმეტყველეს მისი იმპერიის დაცემა და მას სწამდა, რომ წინასწარმეტყველებამ ახდენა დაიწყო.

მონტესუმა, აცტეკების უზენაესი წინამძღოლი, ცდილობდა ესპანელების მოსყიდვას, რათა მათ უარი ეთქვათ მის დედაქალაქზე თავდასხმაზე. მაგრამ რაც მეტ ოქროსა და ძვირფასეულობას ჩუქნიდა მონტესუმა ესპანელებს, მით უფრო მეტად ილტვოდნენ ისინი ტენოჩტიტლანის აღებისკენ. მონტესუმა არადამაჯერებლად მოქმედებდა და გადაწყვიტა კონკისტადორები დედაქალაქში შემოეშვა. მონტესუმას სახელით კორტესი მართავდა ქვეყანას. მან აიძულა აცტეკების წინამძღოლებს ესპანეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცათ, შემდეგ კი მოითხოვა ხარკის გადახდა ოქროთი. ესპანელებმა აღმოაჩინეს მონტესუმას განძი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ მას სამი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. ნადავლის გაყოფის შემდეგ კორტესმა მიიღო განძის დიდი ნაწილი.

ამავდროულად ველასკესმა ვერაკრუსში გაგზავნა ნარვაესი 18 ხომალდთან ერთად, რათა დაეჭირათ, „ცოცხლები ან მკვდრები“, კორტესი და მისი ჯარისკაცები. თუმცა ბრძოლაში თვალდაკარგული ნარვაესი ტყვედ აიყვანეს. კორტესის მიერ მოსყიდული ნარვაესის ოფიცრები და ჯარისკაცები დანებდნენ. სანამ კორტესი ტენოჩტიტლანიდან შორს იყო, ქალაქში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.

ტენოჩტიტლანში მორიგი ადამიანების მსხვერპლთშეწირვებით სავსე რელიგიური დღესასწაულის ჩატარებისთვის ემზადებოდნენ. პედრო დე ალვარადო, რომელიც კორტესის ნაცვლად დარჩა ესპანური რაზმის სათავეში, რომელიც ას ადამიანს ითვლიდა, შეეცადა ხელი შეეშალა ადამიანებთა მსხვერპლთშეწირვისთვის. მაგრამ ქალაქში თავმოყრილი იყო ასი ათასამდე მეომარი, ამიტომაც ალვარადოს მოუწია არათანაბარი ბრძოლის დაწყება. მან ტაძარში ერთი კვირა გაძლო და კორტესის დაბრუნებას დაელოდა.

კორტესი დაბრუნდა არა მხოლოდ თავის, არამედ პანფილო დე ნარვაესის მებრძოლებთან ერთადაც. მას ჰყავდა, დაახლოებით, 1300 ქვეითი და 97 მხედარი, ასევე 80 მეარბალეტე. ქალაქის ცენტრში ყოფნით ესპანელები პრაქტიკულად ასი ათასიანი ჯარის ალყაში იყვნენ. კორტესმა გადაწყვიტა ქალაქის ღამით დატოვება. ხიდები დამბებზე დაშლილი იყო აცტეკების მიერ, მაგრამ ესპანელებმა ისინი აღადგინეს ადგილობრივი მასალის მეშვეობით და ღამით ესპანელებმა დატოვეს ტენოჩტიტლანი. ავანგარდს მეთაურობდა გონსალო დე სანდოვალი, ცენტრს — ერნან კორტესი, ხოლო არიერგარდს — პედრო დე ალვარადო.

მაგრამ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ესპანელები უკან იხევდნენ და განგაში ატეხა. გემებზე მებრძოლების უზარმაზარმა მასამ შეუტია ესპანელებს. 1500 მებრძოლიდან 800 დაიღუპა. ამ ღამეს იმ დღიდან ესპანელებმა მწუხარების ღამე უწოდეს.

კორტესის რაზმმა ადამიანებთან ერთად ბევრი ცხენიც დაკარგა (დარჩა 26 დაჭრილი ცხენი). რაზმს აღარ ჰქონდა აღარც იარაღი და აღარც დენთი. თითქმის ყველა ჯარისკაცი დაჭრილი იყო. მოკავშირე ინდიელები ამის შემხედვარე დაიმალნენ თავიანთ დასახლებებში და ელოდნენ მოვლენების განვითარებას.

აცტეკების უზარმაზარი ჯარი — დაახლოებით 100 000 ადამიანი — ელოდებოდა ესპანელებს ოტუმბას დასახლების მახლობლად.

ესპანელების მცირე რაზმის ამ უზარმაზარ ჯართან შეტაკება შედგა. კორტესმა ამ ბრძოლაში მოკლა აცტეკების მთავარსარდალი — სიუაკი. ორი ათეული მხედრის მოხერხებული მოქმედებების წყალობით ესპანელებმა ეს ბრძოლა მოიგეს. ეს ბრძოლა, დემორალიზებულ მოკავშირე ინდიელებს სასწაულად ეჩვენათ და ისინი კვლავ შეუერთდნენ კორტესის ჯარს.

ესპანელები ტლაჰკალტეკებმა მიიღეს. ისინი ტლასკალაში 22 დღის განმავლობაში ისვენებდნენ და ძალებს იკრებდნენ.

კორტესმა არ დატოვა ფიქრები ტენოჩტიტლანის აღებასთან დაკავშირებით. ის ადგენდა აცტეკების ძირითადი ძალების განადგურების გეგმას, ამგვარად კი, მათი იმპერიის დამხობას. მდინარეზე აგებული ქალაქი, მისი გეგმით, უნდა აეღოთ ფლოტის მეშვეობით. მან გადაწყვიტა 12 ბრიგანტინის აშენება და მათი იარაღით აღჭურვა. დაეშალათ ხომალდები და ინდიური მტვირთველების დახმარებით გადაეტანათ ქვეყნის შიგნით, ხოლო ტენოჩტიტლანის გარშემო მდინარეებში კვლავ აეგოთ. ტლაჰკალტეკების წინამძღოლმა ესპანელებს საჭირო რაოდენობის მტვირთავები მისცა, რადგანაც უნდოდა ტენოჩტიტლანის დაცემის ნახვა. ის მზად იყო 10 ათასი მტვირთავი მიეცა, მაგრამ მხოლოდ 8 ათასი დასჭირდათ.

ხომალდები ააგეს, დაშალეს, გადაიტანეს (13 ბრიტანტინი) და ხელახლა ააგეს ტენოჩტიტლანში. უძველესი წინასწარმეტყველება ხდებოდა. დაიწყო ტენოჩტიტლანის ბლოკადა.

ტენოჩტიტლანის დაცემა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტენოჩტიტლანის დაცემა.
"ტენოჩტიტლანის უკანასკნელი დღეები, "მექსიკის დაპყრობა" კორტესის მიერ", XIX საუკუნის ნახატი, უილიამ დე ლეფტვიჩ დოდჯი.

ქალაქი მთლიანი ალყის შემდეგ, სამ დამბაზე გავლით უნდა დაეპყროთ.

ხიდები დამბებზე დაშლილი იყო, ისინი დამატებით კიდევ რამდენიმე ადგილას გაანადგურეს. მოიერიშეებს ისრებისა და შუბების სეტყვის ქვეშ უწევდათ დამბების აღდგენა და მოკავშირე ინდიელებთან ერთად ქალაქში შეჭრა.

შეტევა დაიწყო 1521 წლის 13 მაისს.

სამ საიერიშო მწკრივს მეთაურობდნენ — პედრო დე ალვარადო, გონსალო დე სანდოვალი და კრისტობალ დე ოლიდა. ერნან კორტესი ახორციელებდა საერთო ხელმძღვანელობას.

აცტეკები მარჯვედ ეწინააღმდეგებოდნენ ფლოტს. ისინი ღამ-ღამობით ნავებზე, დამბების გასწვრივ, პატრულირებდნენ და ამაგრებდნენ ხიმინჯებს (რომლებიც წყლით იყო დაფარული). მალევე ერთ-ერთი 13 ბრიგანტინიდან ხიმინჯს შეეჩეხა. ბრიგანტინი ესპანელებმა დაშალეს, იარაღები კი სხვა ხომალდებზე გადაიტანეს. ამ დღიდან სამ დამბაზე 4-4 ბრიგანტინი იყო გამაგრებული, რომლებიც იძულებულნი იყვნენ გარკვეული მანძილი დაეცვათ ერთმანეთს შორის. ბრძოლები დამბებზე 3 თვე გრძელდებოდა, დღისით და ღამით. ამ ბრძოლების კულმინაცია ესპანელებისთვის ტრაგიკული ეპიზოდი იყო. აცტეკებმა მახეში შეიტყუეს ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც ბრიგანტინიდან ხმელეთზე ჩამოვიდა და რომელსაც იმ დროს ერნან კორტესი მეთაურობდა. ბრძოლაში დაიღუპა 10-15 რაინდი, ხოლო 50-ზე მეტი ტყვედ ჩავარდა. შემდეგი ათი დღის განმავლობაში დოლების ხმამაღალი ბრახუნის ქვეშ მთავარ პირამიდაზე მიმდინარეობდა ამ ტყვეების ომის ღმერთისადმი, უიცილოპოჩტლისადმი, მსხვერპლთშეწირვა. ტყვეების გულებს კერპებს აჭმევდნენ, მათ თავებს კი ესპანელებს უგდებდნენ. ცრუმორწმუნეობის შიშით მოკავშრე ინდიელებმა დატოვეს ესპანელები. მაგრამ რაინდები მრავალათასიანი აცტეკების შეტევების მოგერიებით აგრძელებდნენ დამბების გამაგრებას.

ათი დღის შემდეგ მოკავშირე ინდიელები დაბრუნდნენ. ბრძოლა ქალაქში გრძელდებოდა სამი დღე. პირამიდა, რომელზეც ხდებოდა მსხვეპრლთშეწირვები, პედრო დე ალვარადომ აიღო.

1521 წლის 13 აგვისტოს გონსალო დე სანდოვალმა და მისმა სკვაირმა, გარსია ოლგუინმა, ტენოჩტიტლანის უკანასკნელი ტლატოანი, კუაუტემოკი, ტყვედ აიყვანეს. ტენოჩტიტლანი დაეცა. აცტეკების იმპერიამ შეწყვიტა არსებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]