მიკტლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიკტლანი — საიქიო აცტეკების მითოლოგიაში. მიკტლანი მდებარეობდა შორს ჩრდილოეთით და იყოფოდა ცხრა წრედ [1].

მოგზაურობა მიკტლანში გრძელდებოდა ოთხი დღე. მკვდარი გადიოდა ორ მთას, რომლებიც მის ზემოთ წამოიმართებოდნენ და გასრესვით ემუქრებოდნენ. ისე უნდა გაევლო, რომ აგეცილებინა ჩამოცვენილი ქვები და გიგანტური გველებისა და ნიანგების შეტევები. შემდეგ მკვდარს უნდა გადაელახა რვა უდაბნო და ასულიყო რვა მთის მწვერვალზე. შემდეგი გამოცდა — წარმოუდგენელი ძალის ყინულოვანი ქარი, რომელიც მკვდრების სამეფოში მიმავალს ობსიდიანის დანებსა და ქვებს ესროდა. ამის შემდეგ მკვდარი ჯდებოდა პატარა ძაღლის, ტეჩიჩის, ზურგზე, რომელიც მას გზას უნათებდა თავისი ლალის თვალებით და გადადიოდა ფართო მიწისქვეშა მდინარეზე. ამის შემდეგ მკვდარი მიკტლანტეკუტლისთან, მკვდრების სამედოს მმართველთან, ხვდებოდა და მას აძლევდა იმ ძღვენებს, რომლებიც გარდაცვლილის ახლობლებმა და ნათესავებმა ჩადეს საფლავში. მიკტლანტეკუტლი ადამიანს ადგილს გამოუნახავდა 9 უფსკრულიდან ერთ-ერთში. მიკტლანში ხვდებოდა ყველა, მეომრების, დამხრჩვალებისა და მშობიარობისას დაღუპული ქალების გარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кинжалов Р. В. Мифы народов мира.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith M. E. The Aztecs (2nd ed.). Oxford: Blackwell Publishing. - 2009. p. 207. ISBN 978-0-631-23016-8 (ინგლისური)