ანანურის კვირიკეს მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვირიკეს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, სოფელ ანანურის დასავლეთით 2 კმ–ში, ტყეში, მთის წვერზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვირიკეს კომპლექსის მთავარი ნაგებობა — სამეკლესიანი ბაზილიკა IX-X სს-ით თარიღდება. მისი ამჟამინდელი სახე მრავალგზის გადაკეთების შედეგად არის ჩამოყალიბებული. დღესდღეობით, ახლო-მახლო მცხოვრები მოსახლეობა ამ ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეკლესიანი ბაზილიკა კომპლექსის მდებარეობს. შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ეკლესია და დასავლეთის გარსშემოსასვლელია მოქცეული. შუა ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: თითო-თითო გვერდითი ეკლესიებიდან და დასავლეთის გარსშემოსასვლელიდან. სამხრეთის შესასვლელი ტიმპანითაა დასრულებული, ხოლო დანარჩენი ორი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გამოჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდი დარბაზისგან კირის ხსნარით შელესილი კანკელით არის გამოყოფილი. სამხრხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ინტერიერის კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც მსგავსი მოხაზულობის ერთ საბჯენ თარს ეყრდნობა. სამხრეთის ეკლესია ვიწრო, აღმოსავლეთით დასრულებულ სწორ კორიდორს წარმოადგენს რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის გადახურვა და წირთხლების დიდი ნაწილი ჩამოშლილია. აღმოსავლეთით ვიწრო თაღოვანი სარკმელია. შიგნით ეკლესია მცოცავი კამარით ყოფილა გადახურული, რომლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. მსგავსი ფორმისაა ჩრდილოეთის ეკლესია და დასავლეთის გარსშემოსასვლელი კამარაც.

ჩრდილოეთ ეკლესიაც უაფსიდოა. ჩრდილოეთის მხრიდან მას თაღოვანი შემოსასვლელი ჰქონია, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. გვერდის ეკლესიებში დასავლეთის გარსშემოსასვლელი მთელ სიგრძეზეა გახსნილი და განათებულია დასავლეთის კედელში მოწყობილი სწორკუთხა სარკმლით. ჩრდილოეთის ეკლესიას აღმოსავლეთიდან სწორკუთხა სადგომი — სამკვეთლო ეკვრის, რომელიც მთავარ ეკლესიას სწორკუთხა კარით უკავშირდება. მოგვიანებით, სამკვეთლოს განახლების დროს, მის აღმ. კედელში კარი გაჭრეს და იგი ეკლესიაზე აღმ-იდან მიშენებულ ორსართულიან ნაგებობას დაუკავშირეს. მთავარი და გვერდის ეკლესიების კედლები ორსაფეხურიანი ტაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული, ხოლო სახურავი ფიქალისაა.

ქართველ მკვლევარს, თინათინ ვირსალაძეს XX ს-ის 50-იან წლებში აღუწერია ამ მონასტრის ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც დაათარიღა XIV საუკუნით. ძლიერი დაზიანებების მიუხედავად, კვირიკეს მონასტრის ფრესკულ ფრაგმენტებში აშკარად შეინიშნება „პალეოლოგოსური“ ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ხატწერის მანერა.

ორსართულიანი ნაგებობა (3,8X3,2მ), რომელიც გვიანდელი შუასაუკუნეებით თარიღდება, ბაზილიკის აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ ნაწილზეა მიშენებული, ნაგებია ნატეხი ქვით. პირველ სართულზე შემოსასვლელი კარი სამკვეთლოდანაა, მეორეზე — სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, მისადგმელი კიბით. კარი სწორკუთხაა. მეორე სართულზე აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელია. შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. კედლებზე ლავგარდნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სამლოცველო (4X4მ) კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას, ნაგებია ნატეხი ქვით. იგი ძლიერაა დაზიანებული: შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, ნახევარწრიული აფსიდის ნაწილი სარკმლის დონემდე და დასავლეთ კედლის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშის კვალი ჩანს.

გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია ფრაგმენტები (მაქს. სიმაღლე 5-6 მ, სისქე - 1,2 მ). დასავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო შესასვლელი. კომპლექსის ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაშენი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის ნანგრევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]