კაიშაურნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიშაურნის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,3 x 4,3 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ერთადერთი სწორკუთხა შესასვლელი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში შიგნითკენ გაფართოებული თაღოვანი სარკმელია. სარკმლის წინ და საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში თითო სწორკუთხა ქვა დგას. ჩრდილო და სამხრეთ კედლებში (იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე) ერთმანეთის მოპირდაპირედ მცირე ზომის ქვის თითო თაროა მოწყობილი. დარბაზის ჩრდილო და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ჩრდილო სარკმელი სწორკუთხაა, დასავლეთისა - თაღოვანი. დასავლეთ სარკმლის თავზე პატარა სწორკუთხა ღიობია (გვიანდელია) მოწყობილი. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ფასადები სადაა. სახურავის კეხის აღმოსავლეთ კიდეში ეკლესიის ქვის პატარა მოდელი დგას, დასავლეთით - XlX საუკუნის სამრეკლო - ქვის ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და პირამიდული სახურავით დასრულებული ფანჩატური. სამრეკლოს სვეტების აღმოსავლეთ წყვილი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა დაყრდნობილი, დასავლეთ წყვილი კი ქვის ორ კონსოლს ეყრდნობა. სამრეკლოს თლილს ქვის ლავგარდანი აქვს. ეკლესია გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]