ბედონის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბედონის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან ვიწრო და დაბალი გვიანდელი მინაშენი აკრავს. მომდევნო ხანებში სამხრეთი მინაშენისათვის დასავლეთიდან კვადრატული გეგმის ორფერდასახურავიანი ნაგებობა მიუდგამთ, რომელიც ეკლესიის დასავლეთის ფასადის თითქმის ნახევრამდე აღწევს. ეკლესია აგებულია მოზრდილი ზომის, უხეშად ნათალი ქვით. წყობა უმეტესად რეგულარულია. ქვემს შორის დარჩენილი არეები შევსებულია კირის ბათქაშით.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია - მინაშენიდან. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. მინაშენის იატაკი ეკლესიის იატაკის მიმართ რამდენადმე მაღალია, რის გამოც კარის ღიობში კიბის ორი საფეხურია მოწყობილი. ეკლესიის შიდა სივრცე განათებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სარკმლით, რომლებსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვთ. აღმოსავლეთის სარკმელი სწორკუთხაა. დასავლეთისა ოდნავ მაღალია და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. საკურთხევლის ქვედა ნახევარი სწორკუთხაა, ზედა - კუთხეებში მომრგვალებული. საკურთხეველი გადახურულია საკმაოდ ტლანქად ნაწყობი კონქით. საკურთხეველში ორი ტრაპეზი დგას. ერთი სარკმლის ქვემოთაა, კედელთან, მეორე, რამდენადმე მოზრდილი - შუაში. აღმოსავლეთი კედლის ჩრდილოეთ კიდეში ერთი მცირე ზომის ნიშანია, სამხრეთ კედელში - სამი. ინტერიერის კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. ეკლესიის უსწორო მოხაზულობის კამარა მარტივ კონსოლებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. ერთი შეკიდებული საბჯენი თაღია კამარის დასავლეთ კიდეში. სამხრეთი მინაშენი განივი კედლით ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან დასავლეთისა კვადრატულია და ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. კარიბჭეში შესასვლელი თაღოვანი კარი დასავლეთის მინაშენიდანაა. კარის არქიტრავზე კაუჭებიანი წარბია ამოკვეთილი. კარიბჭის სამხრეთ კედელში ფართო სწორკუთკა სარკმელია. აღმოსავლეთით - კარი, რომლითაც კარიბჭე მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილს უკავშირდება. ამ ნაწილს ერთი სარკმელი და ორი სათოფური აქვს. დასავლეთ მინაშენში სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. მინაშენის კედლებში ოთხი სათოფური და ორი სწორკუთხა ნიშია. განათებულია დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი სარკმლით.

ეკლესიის ფასადები სადაა. აქა-იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. დასავლეთ სარკმლის თავზე ამოკვეთილია მცირედ შეღრმავებული თაღი. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის კუთხეებთან, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესია და ორივე მინაშენი ფიქლითაა გადახურული . ეკლესიის სახურავს მაღალი კეხი გასდევს, რომლის აღმოსავლეთ კიდეს ქვაში გამოკვეთილი პატარა ჯვარი აგვირგვინებს. დასავლეთ მინაშენის დასავლეთ ფრონტონის წვეროზე კი ვერძის ქანდაკებაა დადგმული.

ეკლესიის სამხრეთით, ფიქლით ნაგებ გვიანდელ კვარცხლბეგზე დგას ქვის ჯვარი, რომელზეც დაბალი რელიეფით რომბში ჩასმული მზის სიმბოლური გამოსახულებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]