ზემო ხორხის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხორხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხორხის სასაფლაოზე. აგებულია XVIII-XIX საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი არქიტრავიანია, აღმოსავლეთით კუთხეებმომრგვალებული, შებრტყელებული აფსიდია, რომლის ღერძზე გარეთ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთით მომრგვალებულ კუთხეში სეგმენტის ფორმის პოსტამენტია. დარბაზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში აფსიდის სარკმლის მსგავსი თითო სარკმელია. შემორჩენილია ხის კანკელის კვალი.

ფასადები სადაა. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურის რიგებით გამოყვანილი ლავგარდნით, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. სახურავის ჩრდილოეთ ფერდზე შემორჩენილია ღარიანი კრამიტი. ორფერდა სახურავის კეხზე, დასავლეთით, აღმართულია აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები პატარა სამრეკლო - ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და პირამიდული სახურავით დასრულებული ფანჩატური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]