ახალი კადოეთის გორიჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორიჯვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალი კადოეთის დასავლეთით, 1 კილომეტრზე, მთაზე. აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია. სამხრეთიდან ეკვრის თანადროული მინაშენი. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიისა და მინაშენის კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდანაა. კარი გარედან შეისრულთაღოვანია, შიგნით სწორკუთხა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია ფართო და მაღალი, თაღოვანი სარკმელი, რომელსაც შიგნით სწორი ფიცრული გადახურვა აქვს. თითო ასეთი სარკმელი ეკლესიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებშია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი, ოთხკუთხა ნიშია. მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში გარედან თაღოვანი და შიგნით სწორკუთხა თითო სარკმელია. შემორჩენილია ეკლესიის კამარის ორივე ქუსლის წყობის ნაწილები.

ფასადები მთლიანად აგურითაა ნაწყობი. სარკმლის თავზე წყობის შეღრმავებით რომბი ყოფილა გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]