კაიშაურნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიშაურნის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნის ცენტრალურ ნაწილში. სამშენებლო წარწერის მიხედვით, აგებულია 1899 წელს. ეკლესიის აგებაში დიდი მონაწილეობა მიუღიათ ადგილობრივ მღვდელს შ. კაიშაურსა და ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებთ.

ეკლესია დარბაზულია (16,4 x 7,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვითა და თლილი ქვით. კედლები ძირითადად ნატეხი ქვისაა. გარეთა კუთხეები კარ-სარკმლების ღიობები, ლავგარდანი და ცოკოლი თლილი ქვითაა ნაწყობი. ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდია, რომელსაც ორი სარკმელი აქვს. აფსიდის წინ ვიწრო ბემაა, საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. ჭერი ბრტყელია. ეკლესიის ცენტრალური ნაწილი კვადრატული დარბაზია, რომელსაც დასავლეთიდან მოკლე, კამაროვანი სივრცე ერთვის. დასავლეთით ორი დამხმარე ოთახია. ოთახებს შორის — განიერი დერეფანი. ოთახებში შესასვლელი დერეფნიდანაა. ოთახებს ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების შუაში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. თითო, მაგრამ ბევრად მცირე ზომის სარკმელია ბემისა და დასავლეთის კამაროვანი სივრცის გვერდის კედლებში. დარბაზი გადახურულია შეკრული კამარით. ინტერიერი შელესილია და ლურჯი და თეთრი საღებავითაა შეღებილი. იატაკზე ქვის ფილებია დაგებული. დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის თავზე, შემორჩენილია დანგრეული ვიწრო სამრეკლოს ნაწილი. კარის თავზე, ქვაზე ამოკვეთილია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, მის ქვემოთ ჯვრის გამოსახულება და სამშენებლო წარწერაა. კარის გვერდებზე თითო ვიწრო და მაღალი, ბრტყელი თაღით დასრულებული ნიშია, ასეთივე ნიშებია ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე, სარკმლის გვერდებზე. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლებს შორის, ჯვრის გამოსახულება და ბრტყელი ნიშია. შენობა დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. კედლები კბილანებიანი ლავგარდნითაა დასრულებული. სახურავი თუნუქისაა. შენობის ცენტრალურ ნაწილზე, ოთხფერდა სახურავის კეხზე, თუნუქის ბოლქვისებრი დეკორატიული გუმბათია (დიამეტრი 1,3 მეტრი; სიმაღლე 3,3 მეტრი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]