ალფონსო XII (ესპანეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფონსო XII

ალფონსო XII (ესპ. Alfonso XII) (28 ნოემბერი 1857 - 25 ნოემბერი 1885) ესპანეთის მეფე ბურბონების დინასტიიდან 1874 - 1885 წლებში. ისაბელა II-სა და ჰერცოგ ფრანცისკ კადისელის ვაჟი. იქორწინა 1878 წელს მარია დე ლა მერსედესი და 1879 წელს მარია ქრისტინე, ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ფერდინანდის ასულზე.

1868 წელს ალფონსო დედასთან ერთად გააძევეს ესპანეთიდან. ჯერ იგი პარიზის წმ. სტეფანეს კოლეჯში სწავლობდა. 1870 წლის ზამთარში დედოფალმა შვილი რომში გააგზავნა, სადაც პაპმა იგი პირველად აზიარა. ფრანგულ პრუსული ომის დროს იზაბელა გადასახლდა ჟენევაში, სადაც ალფონსო ადგილობრივ ლიცეუმში სწავლობდა. 1872 წლის თებერვალში სწავლა განაგრძო ვენაში, თავადთა წმ. ტერეზას სახელობის სასწავლებელში. შემდეგ კი სწავლობდა ინგლისში, სანდჰერის კოლეჯში. გაძევება პრინცს მოუხდა, იგი არ იყო გაფუჭებული სამეფო კარზე ცხოვრებით, ამის ნაცვლად ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება.

იზაბელას მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, კორტესებმა მეფის არჩევნები მოაწყეს, სადაც ალფონსოს ცოტა მომხრე ყავდა. 1870 წლის ნოემბერში კორტესებმა აირჩიეს ამადეუს სავოელი მეფედ. არჩენებზე ალფონსმა მხოლოდ ორი ხმა მიიღო. მაგრამ ამადეუსმა 3 წლის შემდეგ უარი თქვა ტახტზე. ამჯერად მეფის არჩევნებზე ალფონსოს მეტი შანსი ჰქონდა. 1874 წლის 29 დეკემბერს იგი მეფედ არა კორტესებმა, არამედ არმიამ გამოაცხადა. სერანოს რესპუბლიკური სამინისტრო დანებდა. ალფონსო ამ დროს პარიზში იყო. იგი სასწრაფოდ გაემგზავრა ესპანეთში და 1875 წლის 14 იანვარს მადრიდში საზეიმოდ შევიდა.

მიუხედავად ზედაპირული განათლებისა, ესოანეთისთვის იგი განათლებული კაცი იყო, თან მას კარგად ესმოდა ქვეყნის მდგომარეობა და მისი საჭიროებები, მან გამოავლინა სიმამაცე და მოქმედების წყურვილი. საუბედუროდ, ალფონსო ტახტზე ისეთ ასაკში ავიდა, როდესაც თავისუფლება და ძალაუფლება დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მან არეული ცხოვრება დაიწყო, რაც მალე მის ჯანმრთელობაზე აისახა.

მეფეს უნდა დაესრულებინა სამოქალაქო ომი. კარლიტებმა, რევოლუციის დროს ახალი შეტევა დაიწყეს, დაკავებული ჰქონდათ ქვეყნის ჩრდილოეთი და ემზადებოდნენ მადრიდზე გასალაშქრებლად. ბასკების მხარეში აჯანყება იყო. სარაგოსა და ზოგი სხვა ქალაქი რესპუბლიკელთა ხელში იყო. მადრიდში დამკვიდრების შემდეგ, მეფე ენერგიულად შეუდგა მშვიდობის დამყარების პროცესს. მარტში მან ბასკების ამნისტიას მოაწერა ხელი და დაპირდა მათი ყველა უფლებების შენარჩუნებას. კარლისტ ოფიცრებს დაპირდა თანამდებობების შენარჩუნებას. ამ ნაბიჯებით მან განაპირობა მეამბოხეთა არმიის დაშლა, რომლებიც საბოლოოდ დამარცხდნენ 1876 წლის მარტში. შემდეგ მშვიდობა დამყარდა რესპუბლიკელებთანაც და მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, 1845 წლის კონსტიტუციაზე უფრო პროგრესული, მაგრამ უფრო მოზომილი ვიდრე 1869 წლის.

ალფონსოს მმართველობა არ იყო მშვიდი. ქვეყანა გაღატაკებული იყო, წარმოება დანგრეული, ყველგან ბანდიტები თარეშობდნენ და დრო და დრო სამხედროები ჯანყდებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად ქოლერის ეპიდემიამ ბევრი ხალხი იმსხვერპლა. მეფემ საზოგადო უბედურებებისას გამოავლინა უდიდესი ენერგია, იგი მუდამ მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში.

19 წლის ასაკში, მიუხედავად დედამისის ნებისა, ალფონსომ ცოლად თავისი ბიძაშვილი მარია მერსედესი მოიყვანა, მაგრამ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდა დედოფალი ჭლექით მოკვდა. შემდეგ წელს მან ცოლად ავსტრიელი პრინცესა მარია მოიყვანა ცოლად. ალფონსო 28 წლის ასაკში მოკვდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.