ღაჟაჟო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღაჟაჟო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აბედასნაირნი
ოჯახი:  სპარასისისებრნი
გვარი:  სპარასისი
სახეობა:  ღაჟაჟო
ლათინური სახელი
Sparassis crispa (Wulfen) Fr. (1821)
სინონიმები
  • Clavaria crispa Wulfen (1781)
  • Sparassis radicata Weir (1917)

ღაჟაჟო (ლათ. Sparassis crispa) — სოკოს სახეობა სპარასისისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, რუსეთსა და იაპონიაში.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი და ნორჩი ეგზემპლარები. იზრდება წიწვოვან ტყეებში ერთეულებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ფიჭვთან. პარაზიტი სოკოა. იწვევს ფესვებისა და ხის ტანის სიდამპლეს.

სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა ბოტანიკოსმა ფრანც ქსავერ ფონ ვულფენმა 1781 წელს როგორც Clavaria crispa. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფსხეული — მომრგვალო, სფეროსებრი ან არათანაბარი ფორმის, ხორცოვანი, დიამეტრი 15–30 (10–60) სმ-ია, მასა 1–2 (10-მდე) კგ. მოაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს.[2] ნორჩობაში მოთეთროა, მოგვიანებით მოყვითალო და ბოლოს გამოშრობისას — ჟანგმიწისფერი ან მურა. შედგება მაგარი მურა ფეხისაგან და მისგან გამომავალი მრავალრიცხოვანი 2-5 სმ სიგრძის განშტოებებისაგან, რომლებიც გაფართოებული და შებრტყელებულია კრემისფერ ან ჟანგმიწოვან-ყვითელ ფირფიტებად.[3]

სოკოს რბილობი — თეთრი, მკვრივი, ნორჩობაში მყიფე, ასაკთან ერთად (აგრეთვე გამოშრობისას) უხეშდება. გააჩნია სოკოსთვის არადამახასიათებელი მძაფრი სპეციფიკური სუნი. გემოზე თხილს მოაგონებს.[4]

ჰიმენოფორი — გლუვი ან ხორკლიანი, თხელი, ცვილისებრი, მოთეთრო-ყავისფერი ან მონაცრისფრო. თითოეული ტოტი დაფარულია ჰიმენიუმით.[5]

ფეხი — ცენტრალური, სქელი (დიამეტრი — 2-5 სმ), მიწაში ღრმად ჩაფლული[6] წაგრძელებული ფესვისებურად. ნორჩობაში ფეხი მოთეთრო ან მოყვითალოა. მოგვიანებით — მომურო შავამდე.

სპორები — ელიფსისებური, გლუვი ზედაპირით, უფერული, 6–7×3–4 მკმ; სპორების მტვერი — მოთეთროდან მოყვითალომდე და ჟანგმიწისფერიდან ნარინჯისფერ-ჟანგმიწისფრამდე.

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება ნიადაგზე წიწვოვან ტყეში,[2] ფესვებზე, ხის ტანის ძირში, ფიჭვის ახალ ჯირკებზე, იშვიათად სხვა წიწვოვანი ჯიშების ხეებზე (ნაძვი, კედარი, სოჭი, ლარიქსი)[7]. ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშების პარაზიტი სოკოა, იწვევს ფესვებისა და ხის ტანის (ძირში) სიდამპლეს.[3]

ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აზიაში მრავლადაა რუსეთსა და იაპონიაში. სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირებულია ბრაზილიაში.[8] ჩრდილოეთ აფრიკაშიმაროკოში,[9] ხოლო ავსტრალიაშიკუინზლენდის შტატში.[8] გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. თუშურად ეწოდება ჯღიბლა.[10]

იშვიათი სოკოა. შეტანილია ბელგიის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, ბელორუსისა და რუსეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[11][12]

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ.[10] აქვს სასიამოვნო სოკოს სურნელი,[3] საკვებად ვარგისია ახალი[2]. გამოიყენება შემწვარი და გამხმარი სახით. ღაჟაჟოსგან ძირითადად წვნიან კერძებს ამზადებენ. საჭმელად ვარგისია მხოლოდ ნორჩობაში.[13] სიბერეში ყავისფერდება და უხეშდება.

სოკო აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. იგი შეიცავს სპარასოლს, რომელიც ხელს უშლის ობის სოკოების განვითარებას. გარდა სპარასოლისა, ღაჟაჟო შეიცავს ბიოაქტიურ კომპონენტებს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო (იმუნომოდულატორული) და ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია.[14]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fr. (1821) , In: Syst. mycol. (Lundae) 1:465
  2. 2.0 2.1 2.2 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 54, ISBN 99940-856-1-1.
  3. 3.0 3.1 3.2 Гарибова Л. В. ГРИБ-БАРАН // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 736.
  4. Nordic Macromycetes / Ed. by L. Hansen et al. Copenhagen: Nordsvamp, 1997. Vol. 3: Heterobasidioid, Aphyllophoroid and Gastromycetoid, Basidiomycetes. 444 p.
  5. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 284, ISBN 978-9941-8-4547-5.
  6. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1
  7. «Экосистема». Спарассис курчавый. დაარქივებული 2008-10-11 საიტზე Wayback Machine.
  8. 8.0 8.1 Sparassis crispa (Wulfen) Fr.. Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2023.
  9. Sparassis crispa (Wulfen) Fr.. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2023.
  10. 10.0 10.1 Sparassis crispa (Wulfen) Fr.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. fungi.biodiversity-georgia.net. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2020.
  11. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 552-553, ISBN 3-405-11774-7
  12. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 217-218, 220, ISBN 3-426-00312-0
  13. Marcel Bon (1987). The Mushrooms and Toadstools of Britain and North-western Europe. 7 Bond Street, St. Helier, Jersey: Domino Books Ltd. p. 308. ISBN 978-0-340-39935-4.
  14. Medicinal Mushrooms. Sparassis crispa დაარქივებული 2009-11-29 საიტზე Wayback Machine. .