შინაარსზე გადასვლა

ფერდინანდო მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერდინანდო მედიჩი
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1663
პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
გარდაცვალების თარიღი 31 ოქტომბერი, 1713, (50 წლის)
პიტის სასახლე, ფლორენცია, ტოსკანა
ეროვნება იტალიელები
წოდება ტოსკანის დიდი პრინცი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელი
მშობლები მამა: კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ლუიზა ორლეანელი

ფერდინანდო დე’ მედიჩი (იტალ. Ferdinando de' Medici; დ. 9 აგვისტო, 1663 — გ. 31 ოქტომბერი, 1713) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო III-ისა და მარგარიტა ლუიზა ორლეანელის უფროსი ვაჟი. ტოსკანის ტახტის მემკვიდრე 1670-1713 წლებში.

ფერდინანდო დაიბადა 1663 წლის 9 აგვისტოს პიტის სასახლეში, ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის პრინცის, კოზიმო მედიჩისა და მისი ცოლის, მარგარიტა ლუიზა ორლეანელის პირველი შვილი. მამამისი იყო ტოსკანის მოქმედი ჰერცოგის, ფერდინანდო II-ისა (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) და მისი ცოლის, ვიტორია დელა როვერეს უფროსი ვაჟი, ხოლო დედამისი თვით საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის უმცროსი ვაჟის, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარგარიტა ლოთარინგიელის უფროსი ასული იყო. მისმა მშობლებმა მის მერე კიდევ ერთი გოგონა და ვაჟი გააჩინეს. 1670 წელს მამამისი, კოზიმო III ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა, ფერდინანდო კი ტახტის პირველი მემკვიდრე. 1675 წელს მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, რის შემდეგაც დედამისი მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა და შვილები აღარასდროს უნახავს. ამის გამო, მას და მის და-ძმებს ყურადღებას ბებია, ვიტორია დელა როვერე აქცევდათ.

მიუხედავად დაშორებისა, ფერდინანდოს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელიც ხშირად სწერდა წერილებს. იგი მარგარიტა ლუიზას ფავორიტი შვილი იყო. ფერდინანდო იყო სიმპატიური, მშვენიერი ცხენოსანი და ნიჭიერი მუსიკოსი. იცოდა ამაღელვებელი სიმღერა და საოცრად დაკვრა. ყოველივე ეს, მან გენუელი რეპეტიტორის, ჯანმარია პალიარდისგან ისწავლა. ცნობილია, რომ მუსიკას, ყოველთვის დიდი როლი ეკავა მის ცხოვრებაში.

გარდა მუსიკისა, ცნობილია, რომ ფერდინანდოს ძალიან უყვარდა ინტიმური ურთიერთობები, რომელთა უმეტესობაც მას მამაკაცებთან ჰქონდა. მისი ასეთი რომანებიდან განსაკუთრებულად გახმაურებულებია სილამაზით განთქმულ მუსიკოს პეტრილოსთან და ასევე ვენეციელ კასტრატოსთან, სახელად ჩეჩინო. ფერდინანდოს ბიძას, ფრანჩესკოს, რომელიც მხოლოდ სამი წლით იყო მასზე უფროსი, დიდი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაში.

1689 წელს ფერდინანდო დააქორწინეს ბავარიის ჰერცოგ ფერდინანდ მარიასა და მისი ცოლის, ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის ასულ ვიოლანტე ბეატრიქს ბავარიელზე. მიუხედავად იმისა, რომ პატარძალიც დიდად დაინტერესებული იყო მუსიკით და გრძნობებიც ჰქონდა ფერდინანდოსადმი, მას საერთოდ არ მოსწონდა თავისი ცოლი, რის გამოც ქორწინება უიღბლო და ამასთან ერთად უნაყოფოც იყო.

1696 წელს ფერდინანდომ ვენეციაში დაისვენა. აქ მან გაიცნო და შეუყვარდა მომღერალი ქალი, რომელიც პუბლიკაში ცნობილი იყო ლა ბამბაჯიას სახელით. იგი მას ვენეციის კარნავალზე შეხვდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ მისგან ფერდინანდომ სიფილისი აიკიდა.

1710 წლიდან მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. იგი გარდაიცვალა 1713 წლის 31 ოქტომბერს ფლორენციაში, 50 წლის ასაკში, უშვილოდ. მისი ცოლი მეორედ აღარ გათხოვილა და არც სამშობლოში დაბრუნებულა, რის გამოც კოზიმო III-მ მას სიენას გამგებლის წოდება მისცა, ტახტის მემკვიდრე კი მისი უმცროსი ძმა, ჯან გასტონე გახდა.

  • Cesati, Franco (2005). "The twillight of the dynasty". In Monica Fintoni, Andrea Paoletti (ed.). The Medici: Story of a European Dynasty. La Mandragora s.r.l. pp. 131–132.
  • Holmes, William (1994) Opera observed: views of a Florentine impresario in the early eighteenth century. University of Chicago Press. ISBN 0226349713.