ნიკოლო მიწიშვილი
ნიკოლო მიწიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 (20) ნოემბერი, 1896 ან 1896[1] |
დაბადების ადგილი | ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივლისი, 1937 ან 1937[1] |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ადფრ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ნიკოლო მიწიშვილი (ნამდვილი სახელი და გვარი — სირბილაძე ნიკოლოზ იოსების ძე; დ. 8 ნოემბერი, 1896, ჯვარისა, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 ივლისი, 1937) — ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა“ წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში (დღეს — ტყიბულის მუნიციპალიტეტი). 1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებში — ტობანიერსა და საჩინოში. თექვსმეტი წლის ჭაბუკმა, 1912 წელს, ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ პირველად გამოაქვეყნა ლექსი „მთებში“. შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები.
1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს „გოლოს სალდატა“. 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან („მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი „ფიგარო“. იმავე წელს გამოიცა კრებული „პოეტი გრუზიი“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი „წმინდანიანი“. იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო სტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი „შავი ვარსკვლავი“.
1922-25 წლებში ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი“, ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ახალ საქართველოსთან“.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელი, 1926-28 წლებში რედაქტორობდა მწერალთა კავშირის ჟურნალ „ქართულ მწერლობას“, იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს.
საგამომცემლო საქმიანობისთვის გუნდში შემოიკრიბა საუკეთესო მხატვრები, მწერლები, სტილისტები, კორექტორები: მხატვარი ლადო გუდიაშვილი, გრაფიკოსი ლადო ქუთათელაძე, კორექტორი ალექსანდრე ლორდელი, ძველი სტამბის მუშა ასოთამწყობი, ალექსანდრე ყაზბეგის მეგობარი ლუარსაბ ხელაძე. მისი ინიციატივით შეიქმნა სახელგამთან არსებული სემინარი სტილისტებისთვის, რედაქტორებისთვის და კორექტორებისთვის, სადაც ლექციებს კითხულობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმდროინდელი ქართული გამომცემლობების და შეიძლება ითქვას, წიგნიერების განვითარების საქმეში.
უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა „ზარია ვოსტოკას“. ცდილობდა შუამავლის როლი ეთამაშა საბჭოთა ხელისუფლებასა და ქართულ ინტელიგენციას შორის.
1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიანი, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 45-46.
- ↑ 1.0 1.1 Identifiants et Référentiels — ABES, 2011.