მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი VII უმცროსი (ფრანგ. Louis VII le Jeune; დ. 1120 — გ. 18 სექტემბერი, 1180, პარიზი) — საფრანგეთის მეფე 1137–1180 წლებში, კაპეტინგების დინასტიისა. ლუი VI-ის (1081–1137) და ადელაიდა მაურენელის (1100–1154) შვილი. განაგრძო მამის პოლიტიკა, მთავარ მრჩევლად აბატი სიუჟერი დაიტოვა. ემყარებოდა სამღვდელოებასა და ქალაქ-კომუნებს, რომელთაც ეხმარებოდა სენიორთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1147–1149) 1152 წელს გაეყარა მეუღლეს, ალიენორ აკვიტანიელს, რომელზეც მაშინვე იქორწინა ანჟუს გრაფმა ჰენრი II პლანტაგენეტმა, რომლის მფლობელობაში მოექცა საფრანგეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. დაიწყო ბრძოლა საფრანგეთის ტერიტორიებისათვის პლანტაგენეტებსა და კაპეტინგებს შორის. ლუი VII ეხმარებოდა ინგლისის მეფის ყველა მოწინააღმდეგეს, უმხედრებდა მას შვილებს. 1179 წელს თანამმართველად გაიხადა თავისი ძე ფილიპე II ოგიუსტი.