ბეატრიქს შვაბიელი
ბეატრიქს შვაბიელი | |
---|---|
საღვთო რომის იმპერატრიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივლისი, 1212 |
მმართ. დასასრული: | 12 აგვისტო, 1212 |
წინამორბედი: | კონსტანცია სიცილიელი |
მემკვიდრე: | მარია ბრაბანტელი |
გერმანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივლისი, 1212 |
მმართ. დასასრული: | 12 აგვისტო, 1212 |
წინამორბედი: | ირენე ანგელინა |
მემკვიდრე: | მარია ბრაბანტელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | აპრილი, ან ივნისი, 1198 |
დაბ. ადგილი: | ვორმსი, შვაბია, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 12 აგვისტო, 1212, (14 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნორდჰაუზენი, თიურინგია, გერმანია |
დაკრძ. ადგილი: | ბრაუნშვაიგი, გერმანია |
მეუღლე: | ოტო IV, საღვთო რომის იმპერატორი |
დინასტია: | ჰოენშტაუფენები |
მამა: | ფილიპე, გერმანიის მეფე |
დედა: | ირენე ანგელინა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბეატრიქს შვაბიელი (გერმ. Beatrix von Schwaben; დ. 1198 — გ. 12 აგვისტო, 1212) — ჰოენშტაუფენთა დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიის მეფე ფილიპ შვაბიელისა და დედოფალ ირენე ანგელინას ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსასა და ბიზანტიის იმპერატორ ისააკ II-ის შვილიშვილი. ველფების დინასტიის პირველი საღვთო რომის იმპერატრიცა და გერმანიის დედოფალი 1212 წლის 22 ივლისიდან გარდაცვალებამდე როგორც იმპერატორ ოტო IV-ის პირველი მეუღლე.
ადრეული წლები და წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეატრიქსი დაიბადა 1198 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში. იგი იყო გერმანიისა და შვაბიის მეფე ფილიპ შვაბიელისა და მისი მეუღლის, დედოფალ ირენე ანგელინას უფროსი ქალიშვილი. მისი უმცროსი დები იყვნენ ბოჰემიის დედოფალი კუნიგუნდა შვაბიელი, ბრაბანტის ჰერცოგინია მარია შვაბიელი და კასტილია-ლეონის დედოფალი ელიზაბეთ შვაბიელი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა და მისი ცოლი, სიცილიის დედოფალი კონსტანცია I იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II ანგელოსი და დედოფალი ირენე პალეოლოგინა. მამის მხრიდან მისი ბიძა საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ VI იყო, რომლის შემდეგაც საღვთო რომის იმპერატორიცა და გერმანიის მეფეც ჰერცოგი ოტო IV ბრაუნშვაიგელი გახდა 1198 წელს.
მოლაპარაკებები და ნიშნობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკვე 1203 წლიდან, ფილიპ შვაბიელმა რომის პაპ ინოკენტი III-ის შუამავლობით დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები ბეატრიქსისა და იმპერატორ ოტო IV-ს შორის ქორწინებასთან დაკავშირებით. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მარია ბრაბანტელის მშობლები, რომელიც ოტოზე 1198 წლიდან მოყოლებული იყო დანიშნული ქორწინებას აჭიანურებდნენ. 1204 წელს, მათზე განრისხებულმა ოტომ ჩაშალა მარიასთან არსებული ნიშნობა და შვაბიელებთან უფრო აქტიურად გააჩაღა მოლაპარაკებები. 1207 წელს ფილიპმა ოტოს ოფიციალურად შესთავაზა ბეატრიქსის ხელი, მაგრამ უარი მიიღო, რადგანაც ამ პერიოდში მათ შორის ტახტის გამო უთანხმოება იყო ჩამოვარდნილი. იმავე წლის 21 ივნისს ფილიპე ბავარიის ჰერცოგმა ოტო VIII ვიტელსბახმა მოკლა, რის შემდეგაც იმპერატორი დასთანხმდა ბეატრიქსზე ქორწინებას. აღსანიშნავია, რომ მას მის დაზე, კუნიგუნდაზე დაქორწინება სურდა, რაზეც ირენე ანგელინასგან უარი მიიღო, რის გამოც იმპერატორმა დედოფალს ამის კომპენსირება მოსთხოვა. ირენე ანგელინამ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რასაც ოტოს მხრიდან ძალადობრივი რეაგირება მოჰყვა. დედოფალმა ირენემ სახელი გადაირქვა და მარია დაირქვა, რის შემდეგაც ოტოს შიშით გაიქცა და ჰოენშტაუფენის ციხესიმაგრეში შეიკეტა, სადაც ამავე წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა.
ირენე ანგელინა მოკლულად ითვლება, მისი მკვლელობის საქმეში მთავარ დამნაშავედ კი ოტო IV მიიჩნევა. ამის გამო მან ორი უდიდესი მოკავშირე: ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო და რომის პაპი ინოკენტი III დაკარგა. ამასობაში, ფილიპეს მკვლელობის გამო გერმანიის ტახტი მას დარჩა. საბოლოოდ, მან ისარგებლა ჰოენშტაუფენების ოჯახში ამტყდარი არეულობით და დათანხმდა ბეატრიქსზე ნიშნობას.
1208 წლის 11 ნოემბერს, ფრანკფურტში ოტო IV გერმანიის მეფედ აირჩიეს. 1209 წლის 4 ოქტომბერს, პაპმა იგი საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა. ამ დროს ბეატრიქსი 11 წლის იყო, ხოლო ოტო 24-ის.
ქორწინება და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოტო და ბეატრიქსი პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ, როგორც დედოფალ იუდით ბავარიელის შვილიშვილები, ამიტომაც მათ ქორწინებას პაპის თანხმობა სჭირდებოდა. ვინაიდან ოტოს პაპ ინოკენტისთან უთანხმოება ჰქონდა, იგი იძულებული გახდა ნებართვის სანაცვლოდ პაპისათვის რიდაგსჰაუზენისა და ვალკენრეიდის სააბატოები დაეთმო. 1212 წლის 22 ივნისს, ნორდჰაუზენში შედგა ბეატრიქსისა და ოტო IV-ის ქორწინება, რითაც იგი საღვთო რომის იმპერატრიცა და გერმანიის დედოფალი გახდა. ქორწინებისას პატარძალი 14 წლის იყო, ხოლო სიძე 27-ის.
განსვენებულ იმპერატორ ფრიდრიხ I-ის შვილიშვილთან ქორწინებამ გაამყარა ოტოს პოზიცია საიმპერატორო ტახტზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ბეატრიქსის ბიძაშვილი ფრიდრიხი ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას, როგორც ფრიდრიხ I-ის შვილიშვილი. თუმცა, ქორწინებიდან მალევე დედოფალი ბეატრიქსი დაავადდა და ქორწინების მეცხრამეტე დღეს, 1212 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა 14 წლის ასაკში.
ბეატრიქსი დაკრძალეს ბრაუნშვაიგის კათედრალში, მისი ქმრის მშობლიურ მხარეში. იმავე წლის 9 დეკემბერს მისი ბიძაშვილი ფრიდრიხ II მაინცში გერმანიის მეფედ ეკურთხა. 1214 წელს ოტო მეორედ დაქორწინდა მარია ბრაბანტელზე, მაგრამ 1215 წელს იგი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ II შტაუფენი გახდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Amalie Fößel: Beatrix von Schwaben und Maria von Brabant – die Frauen Ottos IV. In: Bernd Ulrich Hucker, Stefanie Hahn, Hans-Jürgen Derda (Hrsg.): Otto IV. Traum vom welfischen Kaisertum. Landesausstellung Niedersachsen 2009. Petersberg 2009, ISBN 978-3-86568-500-1, S. 229–236.
- Thilo Vogelsang: Beatrix (die Ältere) von Schwaben. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 682
|