The Quest — ინგლისური პროგრესული როკ ჯგუფ Yes-ის ოცდამეორე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2021 წლის 1 ოქტომბერს InsideOut Music-ის და Sony Music-ის მიერ. ეს არის მისი პირველი სტუდიური ალბომი ბილი შერვუდის მონაწილეობით, 1999 წლის The Ladder-ის შემდეგ. 2015 წელს გარდაიცვალა ჯგუფის მუდმივი ბას-გიტარისტი კრის სკუაირი, რომელიც შერვუდმა ჩაანაცვლა და, ამრიგად, ეს აგრეთვე არის Yes-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი მისი ორიგინალური წევრების გარეშე. აღსანიშნავია, რომ Talk-ის შემდეგ The Quest არის Yes-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი მხოლოდ ერთი წევრის პროდიუსერობით და უკანასკნელი — დრამერ ალან უაიტის 2022 წელს გარდაცვალებამდე.
2019 წლის მიწურულს ჯგუფმა დაასრულა საკონცერტო გამოსვლები და დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა. COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა 2020 წლის საკონცერტო გრაფიკის გაუქმება, რაც ჯგუფს დაეხმარა ახალ ალბომზე ყურადღების გადატანაში. სიმღერების არანჟირების დასრულების შემდეგ ალბომი იწერებოდა კალიფორნიასა და ინგლისში, ხოლო პოლ კ. ჯოისის ორკესტრული არანჟირებები მომზადდა FAMES Orchestra-ს მიერ, ჩრდილოეთ მაკედონიაში. ალბომის ტექსტების ავტორია ჯგუფის ვოკალისტი ჯონ დეივისონი, რომელმაც მუშაობისას ყურადღება გაამახვილა იმედის, ოპტიმიზმისა და გარემოს დაცვის პრობლემებზე.
The Quest გამოიცა სხვადასხვა ფორმატით — CD-ებზე, გრამფირფიტებზე, Blu-ray დისკებსა და ნაკადოვან პლატფორმებზე, ხოლო ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მე-20 პოზიციამდე მიაღწია. ჰაუს პროდიუსერულმა ნამუშევარმა და წინა ალბომ Heaven & Earth-თან შედარებით საერთო გაუმჯობესებამ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ, მათივე აზრით, ალბომი არ შეიცავდა უნიკალურ ან გამორჩეულ სიმღერებს.