ელ-მუჯაჰიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუჯაჰიდების რაზმი
Flag of Jihad.svg
შავი ალამი, რომელსაც იყენებდნენ ბოსნიელი მუჯაჰიდები
აქტიური 19921995
ქვეყანა Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
შემადგენლობა Flag of Jihad.svg მოხალისე მებრძოლები ისლამური სამყაროდან

National Symbol of Bosniaks in Sandzak.png ბოსნიელები

ტიპი მოხალისეთა შენაერთი
როლი საიერიშო ბატალიონი
ბანაკი პოლევიცა, ტრავნიკი
დევიზი არ არის ღვთაება გარდა ღმერთისა და მუჰამმადი მისი მაცნეა.

არაბ. لا إله إلا الله محمد رسول الله‎‎
ლა ილაჰა ილლა ლ-ლაჰ, მუჰამმადუნ რასულუ ლ-ლაჰ

ფერები               
ბრძოლები ბოსნიის ომი
დაიშალა 1995
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
ანვარ შა'ბანი

აბუ 'აბდულ-'აზიზი

განმასხვავებელი ნიშნები
შავი ალამი Flag of Afghanistan (1880–1901).svg
ძირითადი სიმბოლო Flag of Jihad.svg
შავი ალამი ბეჭდით. AQMI Flag.svg

ელ-მუჯაჰიდი (არაბ. كتيبة المجاهدين‎‎; ქათიბათ ალ-მუჯაჰიდინ; ბოსნ. odred "El Mudžahedin"მუჯაჰიდების რაზმი), ასევე ცნობილი ბოსნიელებში როგორც ბოსნიელი მუჯაჰიდები (ბოსნ. Bosanski mudžahedini) — ბატალიონის დონის ქვედანაყოფი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში, რომელიც ჩამოაყალიბეს ბოსნიელების დასახმარებლად უცხოეთიდან ჩასულმა მუსლიმებმა, თუმცა ომის დასასრულს უკვე ბევრი ადგილობრივიც შეუერთდა მათ.[1] ისინი ნომინალურად მესამე კორპუსს ექვემდებარებოდნენ, თუმცა რეალურად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.[2]

იბრძოდნენ როგორც ხორვატების, ასევე სერბების წინააღმდეგ და გამოირჩეოდნენ რელიგიური შეუწყნარებლობით. დატყვევებულ სერბებს ისინი ხშირად აიძულებდნენ ისლამის მიღებას და იძულებით წინდაცვეთასაც კი უტარებდნენ. იძულებით რელიგიის შეცვლის შემთხვევები ბოსნიის ომის მანძილზე იშვიათობა იყო მიუხედავად იმისა, რომ მთელ კონფლიქტს დაჰყვებოდა რელიგიური შტრიხები. მებრძოლ მხარეებს მიაჩნდათ რომ ადამიანი ტრადიციულად მისდევდა რელიგიას და სხვა რელიგიის მიმდევრებს სხვა ეთნოსად განიხილავდნენ, ამგვარად მათი "მოქცევა" შეუძლებლად მიაჩნდათ, მხოლოდ მათი განადგურება ან კონკრეტული ტერიტორიიდან განდევნა სურდათ.

ამ შენაერთის შემადგენლობაში იბრძოდნენ შემდგომში საერთაშორისო ტერორიზმში ან ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის აბუ ჰამზა ალ-მასრი (მუსტაფა ქამილ მუსტაფა)[3][4], ამირ ხატტაბი (სამირ სალიჰ ას-სუვაილიმი), აბუ ლ-მა'ალ ალ-ჯაზაირი ('აბდუ ლ-ყადირ მუხთარი), აბუ ჰიშამ ალ-მაღრიბი (ქარიმ საიდ ათმანი). ასევე ამ შენაერთის ორმა ყოფილმა მებრძოლმა ხალიდ ალ-მიჰდარმა და ნავაფ ალ-ჰაზმიმ, მონაწილეობა მიიღეს 11 სექტემბრის ტერაქტში, მათ მიერ გატაცებული რეისი 77 პენტაგონს დაეჯახა.[5]

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკამაც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).[6]
დამოუკიდებელ ბოსნიას სათავეში ჩაუდგა ალია იზეთბეგოვიჩი – ანტიკომუნისტი დისიდენტი და ზომიერი ისლამისტი, რომელიც იუგოსლავიის პერიოდში მრავალჯერ იყო დაპატიმრებული მუსლიმური ნაციონალიზმის გაღვივებისთვის,[7] ბოლოს იგი 1983 წელს დააპატიმრეს სხვა ბოსნიელ აქტივისტებთან ერთად. მათ წაუყენეს ბრალი "ანტისაზოგადოებრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობაში, რაც მუსლიმური ნაციონალიზმით იყო ინსპირირებული." ამის მიზეზი იზეთბეგოვიჩის მიერ ირანში მუსლიმურ კონგრესზე დასწრება იყო. კომუნისტების ძალაუფლების შესუსტების შემდეგ იზეთბეგოვიჩი გაათავისუფლეს.[8] ამგვარად, იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო ისლამურ წრეებში.

სამხედრო დანაშაულები ბოსნიელების წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუგოსლავიური ჩაფხუტები – ძველი და ახალი ემბლემებით. 1992

იუგოსლავიის არმიის არსენალი ბოსნიელ სერბებს დარჩათ. მათაც გამოიყენეს სამხედრო უპირატესობა – მათ დაიწყეს თანდათანობითი დაკავება იმ რეგიონების, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. დაიწყო სამხედრო დანაშაულები და ეთნიკური წმენდა: სერბული არმია, პოლიცია, მოხალისეთა ფორმირებები და ადგილობრივი სერბებიც კი ძარცვავდნენ არასერბებს, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქონებაზე და დაეტოვებინათ ის მხარე, უარის შემთხვევაში კლავდნენ ან გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ქალებსა და კაცებს აცალკევებდნენ, ქალები და გოგონები დატყვევებული იყვნენ საშინელ პირობებში ყოფილ სტადიონებზე, სამრეწველო შენობებში ან არმიის ბარაკებში, სადაც მათ ყველანაირად ამცირებდნენ, მათ შორის მრავალჯერ აუპატიურებდნენ. არსებობდა დატყვევების ადგილები, სადაც მსურველი სერბი ჯარისკაცი ან პოლიციელი მიდიოდა, არჩევდა გოგონებს და შემდეგ "თამაშობდა" მათთან.[9][10] აღმოსავლეთ ბოსნია, სადაც ბოსნიელების დასახლებები ხელს უშლიდა ჰომოგენური დიდი სერბეთის ჩამოყალიბებას, ეთნიკური წმენდების პირველი მიზანი გახდა. პირველი წმენდა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ბიელინაში მოხდა – რონ ჰავივი, ამერიკელი ფოტოგრაფი, მოხალისეთა გვარდიის მებრძოლებმა თავად წაიყვანეს ბიელინაში, თავისი სამხედრო წარმატებებით საამაყოდ. ჰავივი შეესწრო როგორ გამოიყვანეს ხორცის მაღაზიის პატრონი ბოსნიელი ცოლთან ერთად ქუჩაში გვარდიელებმა და დახვრიტეს. შემდეგ იქვე დახვრიტეს კიდევ ერთი ბოსნიელი ქალი. ბოლოს ერთ-ერთმა გვარდიელმა სულთმობრძავ ყასბის ცოლს თავში წიხლი ჩაარტყა. ეს მომენტი ფირზე აღბეჭდა ჰავივმა. ამ სურათმა მსოფლიო მოიარა.[11] ომის დაწყების შემდეგ ბოსნიელთა წმენდის კამპანია დაიწყო ვიშეგრადის, ზვორნიკის, ფოჩას რაიონებში. დაშინების მიზნით კლავდნენ რამდენიმე ბოსნიელს, შემდეგ კი დანარჩენებს აიძულებდნენ ქონება დაეთმოთ, შემდეგ კი საპატიმრო და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ, სადაც მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა გრძელდებოდა. მოკლულთა რიცხვი ათასებს აღწევდა.[12][13] იგივე ხდებოდა დასავლეთ ბოსნიაში, პრიედორის რაიონში,[14] სადაც ფუნქციონირებდა საკონცენტრაციო ბანაკები, მათ შორის ომარსკასთან,[15] ტერნოპოლესთან[16] და სხვა.
ბოსნიელებს დაუპირისპირდნენ ხორვატებიც – ბოსნიის ომის დაწყებიდან ორ დღეში, 1992 წლის 8 აპრილს ჰერცეგ-ბოსნიის ხელმძღვანელობამ შექმნა თავისი შეიარაღებული ორგანიზაცია – ხორვატთა თავდაცვის ვეჩე. 1992 წლის 6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიელ ხორვატთა ლიდერი მათე ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[17] შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: "სერბები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს!" კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: "ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი."[18]

ვიტეზში ხორვატების მიერ მოკლულ ბოსნიელთა დასაფლავება

ხორვატები თანდატანობით გადავიდნენ იგივე ტაქტიკაზე, რაზეც სერბები. 1992 წლის ოქტომბერში ხორვატები თავს დაესხნენ ქალაქ პროზორს, გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და აიძულეს ბოსნიელები დაეტოვებინათ იგი. ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ სცადა ნოვი ტრავნიკისა და გორნი ვაკუფის აღება, თუმცა ბოსნიელთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს. ეს ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან მათი სეპარატისტული წარმონაქმნის ორ ძირითად ნაწილს – ლაშვის ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის მდებარეობდა. ბოსნიის ომის დროს ვეჩეს მებრძოლები იკავებდნენ ჰერცეგ-ბოსნიის ტერიტორიად მიჩნეულ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ ბოსნიელ ლიდერებს აძევებდნენ, დაამყარეს კონტროლი რადიო- და ტელესადგურებზე, საიდანაც გადასცემდნენ ხორვატულ პროპაგანდას, ხორვატული სიმბოლიკა და ვალუტა იქნა შემოღებული მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მრავალ ბოსნიელი და სერბი გაათავისუფლეს სახელმწიფო სამსახურიდან ან წაართვეს კერძო ბიზნესი. ჰუმანიტარული დახმარება არახორვატების საზიანოდ ნაწილდებოდა. ბევრი არახორვატი დაპატიმრებული და გადაყვანილი იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში – ჰელიოდრომში, დრეტელში, გაბელაში, ვოინოში, სუნეში და სხვაგან. [19]
1992 წლის ნოემბერში ბოსნიელებმა დაატყვევეს სერბთა რესპუბლიკის არმიის მოხალისე ბორისლავ ჰერაკი, სარაევოელი სერბი. მათ თვითონ აღიარა თავისი დანაშაულები ბოსნიელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც მას ბრალი წაუყენეს 32 მკვლელობასა და 16 გაუპატიურებაში. მისი აღიარების ვიდეოჩანაწერი, სათაურით "ურჩხულის აღსარება" (ბოსნ. Ispovijest monstruma) გადაიცა ბოსნიის ტელევიზიით. ჰერაკის შემთხვევა იყო პირველი, როდესაც ბოსნიაში სამხედრო დანაშაულის ბრალი იქნა წაყენებული.[20]

მოხალისეების შეკრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ყოველივეს შემდეგ ბოსნიელების ტრაგედია მუსლიმური საზოგადოებების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რასაც მუსლიმურ წრეებში იზეთბეგოვიჩის კავშირებმაც შეუწყო ხელი. მრავალი მუსლიმი იმამი და მქადაგებელი მოუწოდებდა მუსლიმებს დახმარებოდნენ ბოსნიელებს, მათ შორის სალმან ალ-'ავდა, 'აბდუ ლ-მაჯიდ აზ-ზინდანი, ჰასან აიუბი, აჰმად ალ-ყატტანი, ბიშრ ალ-ბიშრი და სხვები. ბოსნიაში პირადად ჩავიდა ეგვიპტელი მქადაგებელი ანვარ შა'ბანი, რომელმაც რამდენიმე ავღანეთის ომის ვეტერანი ჩაიყვანა თან. შა'ბანმა მუსლიმებს მოუწოდა, დახმარებოდნენ გასაჭირში მყოფ მოძმეებს. მოხალისეები მთელი მსოფლიოდან დაიძრნენ ბოსნიისკენ და 1992 წლის მეორე ნახევარში უკვე ასამდე მებრძოლი ჩავიდა ბოსნიაში. მისი წევრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იყვნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და გერმანიის პაკისტანური და თურქული წარმოშობის მოქალაქეები,[21] ასევე ადგილობრივი ბოსნიელები, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ ამ შენაერთში ებრძოლათ. სერბებმა მაშინვე გააჩაღეს პროპაგანდა, სადაც თავი რადიკალური ისლამისა და მუჯაჰიდების წინააღმდეგ ევროპის დამცველებად გამოჰყავდათ, რითაც ცდილობდნენ საკუთარი სამხედრო დანაშაულების გადაფარვას, რაც გარკვეულ წრეებში დღემდე გრძელდება.[22]
ბოსნიაში კომუნისტური რეჟიმის შედეგად ბოსნიელთა უმრავლესობა ნომინალური მორწმუნე იყო, უცხოეთიდან ჩამოსული მოხალისეები კი – ღრმა მორწმუნეები და რელიგიური ცოდნის პატრონები. მათი საბრძოლო სულისკვეთება და სამხედრო გამოცდილება ბევრად აღემატებოდა ადგილობრივი ფორმირებებისას, ამიტომაც ისინი შესამჩნევ წარმატებებს აღწევდნენ და საკმაოდ გაბედულ რეიდებს ახორციელებდნენ.[21]
მაგალითად 1993 წლის 13 აპრილს ელ-მუჯაჰიდის მეომრებმა, რომლებიც ზენიცასთან ახლოს იყვნენ განლაგებული, ტყვეებში გადაცვლის მიზნით მოიტაცეს რამდენიმე ხორვატი ოფიცერი – თავდაცვის ვეჩეს ბრიგადის მეთაურის მოადგილე სამ თანხმლებ ოფიცერთან ერთად, ხოლო 15 აპრილს ვეჩეს სამხედრო პოლიციის უფროსი ჟივკო ტოტიჩი. 3 ივნისს რესპუბლიკის არმიის მებრძოლებთან ერთად მუჯაჰიდებმა გატეხეს ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს მებრძოლების წინააღმდეგობა და დაიკავეს სოფელი გუჩა გორა.[23]

ფორმირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნიის არმიის მთავარი შტაბის ახალმა უფროსმა, რასიმ დელიჩმა მიიღო გადაწყვეტილება არმიის რეორგანიზაციასა და ნახევრად ავტონომიური ფორმირებების არმიის დაქვემდებარებაში გადმოყვანის შესახებ. 1993 წლის 13 აგვისტოს მან III კორპუსის (შტაბი – ზენიცა) დაქვემდებარებაში გადაიყვანა უცხოელი მებრძოლების შენაერთი, თუმცა რეალურად უცხოელი მებრძოლები აგრძელებდნენ ნახევრად ავტონომიურად მოქმედებებს და სრულად არ ექვემდებარებოდნენ არმიის ხელმძღვანელობას.[2] დანარჩენი ნახევრად ავტონომიური ფორმირებები 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში სრულიად დაშალეს.

საბრძოლო მოქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაზმის ოფიციალურ ფორმირებამდე მუჯაჰიდების პირველი წარმატება იყო ბრძოლა ტიშინასთან 1992 წლის 28–29 სექტემბერს. სერბებმა არტილერიით დაბომბეს ის ადგილები, სადაც ბოსნიის ტერიტორიული თავდაცვა იყო განლაგებული. ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეებმა დაბომბვას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს, უკანდახეული ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების დანახვისას სერბები სამარშო წყობით შევიდნენ ქალაქში, მაგრამ მოულოდნელად მათ თავს დაესხნენ ქალაქში დარჩენილი მუჯაჰიდები მუჰამმად-ფათიჰ ალ-ბაჰრაინის სარდლობით. სერბები არ მოელოდნენ თავდასხმას და უწესრიგოდ დაიხიეს უკან მძიმე დანაკარგებით. ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები დაბრუნდნენ და მოახერხეს დასახლებაზე კონტროლის აღდგენა, მაგრამ ბოსნიელებში საბრძოლო სულისკვეთების ნაკლებობამ და რელიგიისადმი ზერელე დამოკიდებულებამ ზოგიერთ მოხალისეს გული აუცრუა ბოსნიის ომზე და მათი ნაწილი ბოსნიიდან წავიდა, თუმცა შეიხ ანვარ შა'ბანის მოწოდებებისა და ძალისხმევის გამო, დიდი ნაწილი დარჩა. მეორე მხრივ, მუჯაჰიდების წარმატებამ აამაღლა მათი რეპუტაცია ბოსნიელებს შორის და რესპუბლიკის არმიიდან მრავალი მოხალისე შეუერთდა მუჯაჰიდების რაზმს.[24]
1992 წლის ოქტომბერში სარაევოს ბრძოლებში დაიღუპა ორი უცხოელი მოხალისე – სა'უდელები აბუ ზუბაირ ალ-მადანი (მუჰამმად ალ-ჰაბაში) და აბუ ლ-'აბბას ალ-მადანი (ფადილ ალ-ა'იდი).[25] 1992 წლის 29 დეკემბერს უცხოელი მოხალისეებისა და ადგილობრივების ჯგუფმა აბუ ტალჰა ალ-მასრის მეთაურობით წამოიწყეს შეტევა ვისოკოდან ილიაშის (სარაევოს მიმდებარე დასახლება ჩრდილო-აღმოსავლეთით) მიმართულებით სარაევოს ალყის გარღვევის მიზნით. სერბებმა არტილერიისა და ვერტმფრენების საშუალებით მოახერხეს იერიშის მოგერიება თავად ილიაშზე, თუმცა მიმდებარე მაღლობებზე კონტროლი დაკარგეს.[26]
1993 წლის დასაწყისში ელ-მუჯაჰიდის მეომრებმა ჩაატარეს რიგი ოპერაციები ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს წინააღმდეგ. მანამდე ისინი თავს იკავებდნენ ხორვატებთან დაპირისპირებისგან, რადგან მათი ბოსნიაში შემოსვლის ძირითადი მარშრუტი ხორვატიაზე გადიოდა, მაგრამ 1993 წლის 16 თებერვალს მათ უცებ დააპატიმრეს სამი უცხოელი, რომელიც მოხალისედ მოდიოდა ბოსნიაში, შემდგომ კიდევ ორი თავდასხმა მოხდა, სადაც ხორვატებმა მოკლეს ერთი მოხალისე და დაატყვევეს სამი. ამის შემდეგ მუჯაჰიდთა რაზმიც გააქტიურდა სამხრეთ ბოსნიაში, მათ ტყვეებში გადაცვლის მიზნით 13 აპრილს მოიტაცეს რამდენიმე ხორვატი ოფიცერი – თავდაცვის ვეჩეს ბრიგადის მეთაურის მოადგილე სამ თანხმლებ ოფიცერთან ერთად, ხოლო 15 აპრილს ვეჩეს სამხედრო პოლიციის უფროსი ჟივკო ტოტიჩი. მუჯაჰიდები ასევე თავს დაესხნენ ხორვატულ რადიოს, რომელიც გადასცემდა ხორვატულ პროპაგანდას და დაარბიეს. მუჯაჰიდებმა ბოსნიის არმიასთან 18 აპრილს შეუტიეს ხორვატულ პოზიციებს ზმაიევაცის მთაზე და დაიკავეს იგი.[21] 1993 წლის 17 მაისს ზენიცაში გაეროს მიერ მოწყობილ ტყვეთა გაცვლაზე მოხერხდა დატყვევებული მოხალისეებისა და ასევე სხვა ბოსნიელი სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების გადაცვლა დატყვევებულ ვეჩეს ოფიცრებში.[27]
ხორვატებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და გადაკეტეს ზენიცა-ტრავნიკის გზა. 3 ივნისს ბოსნიის არმიამ მუჯაჰიდების დახმარებით ჩაატარა ოპერაცია გზის გაწმენდის მიზნით. მუჯაჰიდებმა დაიკავეს სოფლები დოლაცი, ოვჩარევო, ბრაიკოვიცი და გუჩა გორა. გუჩა გორას მოსახლეობამ თავი შეაფარა სოფელში მდებარე ფრანცისკანულ მონასტერს, მუჯაჰიდებმა გამოიყვანეს ისინი და გადასცეს UNPROFOR-ის ბრიტანულ ბატალიონს, თავად მონასტერი კი დაარბიეს, მაგრამ არ გადაუწვავთ, როგორც ამას ხორვატები ირწმუნებოდნენ.[23] ამ და სხვა წარმატებების გამო ბოსნიის არმიამ ოფიციალურად მიიღო თავის შემადგენლობაში მუჯაჰიდების ბატალიონი, რომელიც მესამე კორპუსის დაქვემდებარებაში სპეციალურ ერთეულად გამოიყო.[28] თუმცა რეალურად ისინი არ ექვემდებარებოდნენ მათ ყველა მითითებას და რიგ შემთხვევებში ავტონომიურად მოქმედებდნენ.[21][2]
1993 წლის შემოდგომაზე მუჯაჰიდებმა ჩაატარეს რამდენიმე ოპერაცია ხორვატების წინააღმდეგ გორნი ვაკუფის, ვიტეზისა და ნოვი ტრავნიკის რაიონებში.[29]
18 სექტემბერს ხორვატებთან შეტაკების შემდეგ გაათავისუფლეს კრუშჩიცა, თუმცა ხორვატებმა კონტრშეტევისას მოკლეს დაჯგუფების ამირი ვაჰიუ დ-დინ ალ-მასრი. 1993 წლის ბოლოს მუჯაჰიდები მონაწილეობდნენ სტარი ვიტეზის იერიშში. ვაჰიუ დ-დინი შეცვალა აბუ ჰარის ალ-ლიბიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა რაზმს ომის დასასრულამდე.
ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის დაზავების შემდეგ მუჯაჰიდები მოქმედებდნენ სერბების წინააღმდეგ ოზრენის შვერილზე. 1995 წლის 21 ივლისს მუჯაჰიდებმა შეუტიეს სოფლებს კრჩევინეს, კესტენს, მალიე გაისა და მალოვანის მთას. სერბების თავდაცვა გაირღვა და სერბებმა მასობრივად დაიხიეს უკან. მუჯაჰიდებმა ადვილად დაიკავეს ყველა სამიზნე ტერიტორია, დაატყვევეს რამდენიმე სერბი და გადაიყვანეს კამენიცაში, ასევე ხელთ ჩაიგდეს სერბული ტანკი, რომელიც შეშინებულმა სერბებმა მიატოვეს.[30] მუჯაჰიდებმა ამ ოპერაციას ქარამა (არაბ. كرامة‎‎; სასწაული) უწოდეს მიღწეული წარმატებების გამო.
ქარამას შემდეგ ოზრენის შვერილის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარდა კიდევ სამი ოპერაცია, სადაც მუჯაჰიდები მონაწილეობდნენ. პირველი ოპერაცია იყო "წითელი ლომი" (ბოსნ. Crveni lav). იგი ქარამას დასრულებისთანავე წამოიწყეს და მისი მიზანი იყო ოზრენის შვერილში მყოფი სერბების ალყაში მოქცევა. ამ ოპერაციის შემდეგ ჩატარდა მეორე ოპერაცია, რომელსაც "საამაყო ბრძოლა" (ბოსნ. Bitka ponosa) უწოდეს. ამ ოპერაციისას ალყაში მოექცა ოზრენის შვერილზე სერბების თავდაცვის საკვანძო პუნქტი – სოფელი ვოზუჩა. ვოზუჩის დაკავების ოპერაციას უწოდეს ქარიშხალი (ბოსნ. Uragan). იგი დაიწყო 10 სექტემბერს და იმავე საღამოს ვოზუჩაში ალყაშემორტყმული სერბული გარნიზონის ნარჩენები (სერბების არმიის 1-ლი კრაინის კორპუსის 3-ე და 4-ე ოზრენის, ასევე სრბაჩკას ბრიგადები) დანებდნენ. მუჯაჰიდებმა დაატყვევეს ასამდე სერბი და გადაიყვანეს კამენიცაში. გადაყვანამდე მუჯაჰიდების რაზმის ადგილობრივი წევრები მათ ეკითხებოდნენ იმ ნაწილების შესახებ, სადაც ისინი მსახურობდნენ ომის განმავლობაში და ცდილობდნენ გამოერკვიათ, ხომ არ მონაწილეობდა ეს ნაწილები ბოსნიელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.[31] მოგვიანებით კამენიცაში თერთმეტ ტყვეს თავები მოკვეთეს.[32] მუჯაჰიდები ასევე მონაწილეობდნენ დასავლეთ ბოსნიაში ჩატარებულ ოპერაციაში, რის შედეგადაც დასავლეთ ბოსნიის დიდი ნაწილიდან სერბები განდევნეს. 12 ოქტომბერს მოხდა საყოველთაო დაზავება ბოსნიაში და დაიწყო მოლაპარაკებები ბოსნიის მომავალ სტატუსზე ბოსნიელებს, სერბებსა და ხორვატებს შორის. ბოსნიის ტერიტორიაზე სერბული სახელმწიფო დარჩებოდა, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ბოსნიელები და ხორვატები განლაგდებოდნენ.
მუჯაჰიდების ნაწილი არ იყო თანახმა ამგვარ განაწილებაზე და მოითხოვდა ბრძოლის გაგრძელებას. დეიტონის შეთანხმებაზე ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ბლოკპოსტზე მოკლეს მუჯაჰიდების რაზმის ორი ლიდერი – აბუ ჰარის ალ-ლიბი და ანვარ შა'ბანი.[30] ამას ლოკალური შეტაკება მოჰყვა, მაგრამ ომის გაგრძელება არც ერთ მეომარ მხარეს აღარ სურდა. 1996 წლის 1 იანვარს ზენიცის არმიის სახლში მუჯაჰიდებს ოფიციალურად მოუწყვეს გამოსამშვიდობებელი საღამო და მათი შენაერთი დაშალეს. მუჯაჰიდების ნაწილი ბოსნიაში დარჩა, ნაწილმა კი დატოვა იგი.[30]

სამხედრო დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჯაჰიდების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ჩადენილი იქნა რიგი სამხედრო დანაშაულები, რაც ძირითადად ტყვეების სიკვდილით დასჯასა და მათ მიმართ უპატიო მოპყრობაში გამოიხატებოდა.

  • 1993 წლის 24 აპრილს მუჯაჰიდებმა მილეტიჩისთან დახვრიტეს ოთხი ხორვატი სამხედრო ტყვე.[21]
  • 1993 წლის 8 ივნისს მუჯაჰიდებმა ტყვედ ჩაიგდეს 200-მდე ხორვატი მებრძოლი და სამოქალაქო პირი სოფლებში მალინესა და ბიკოშში. შემდეგ მათგან გამოარჩიეს 30-მდე პიროვნება და დახვრიტეს მალინესთან.[21][30]
  • 1995 წლის 21 ივლისს მუჯაჰიდებმა კრჩევინეში ტყვედ ჩაიგდეს რამდენიმე სერბი, რომლებიც გადაიყვანეს ლივადეში სადაც ორ მათგანს მოკვეთეს თავი. იქაურ მცხოვრებ ბოსნიელებს კი საშუალებას აძლევდნენ ეცემათ და შეურაცხეყოთ დანარჩენი ტყვეები.[30]
  • 1995 წლის 11–17 სექტემბერს მუჯაჰიდებმა თავი მოკვეთეს თერთმეტ სერბ ტყვეს.[30]

ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ მუჯაჰიდების ნაწილი ბოსნიაში დარჩა. 2001 წლისთვის დაახლოებით 200 ყოფილი მუჯაჰიდი კვლავ ცხოვრობდა ბოსნიაში, რომელთა 30%ს ჰქონდა პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირები რადიკალურ ორგანიზაციებთან.[33] 2007 წელს 100 ყოფილ მუჯაჰიდს, ისევე როგორც 50-მდე ყოფილ მებრძოლებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან (სერბების მხარეს) და დასავლეთ ევროპიდან (ხორვატების მხარეს), ბოსნიის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
მუჯაჰიდების მონაწილეობამ ბოსნიის ომში განაპირობა ბოსნიაში სალაფიზმის აქტიური გავრცელება. მუჯაჰიდთა დიდი ნაწილი სალაფიტი იყო, ხოლო ისინი ელიტურ ფორმირებად განიხილებოდნენ ბოსნიის არმიაში და ასევე აქტიურად ეწეოდნენ ქადაგებას. ომის დასაწყისიდანვე ბევრი არმიელი გადმოდიოდა მუჯაჰიდთა დაჯგუფებაში, ხოლო 1993 წლისთვის ზენიცაში შეიქმნა 7-ე მუსლიმური ბრიგადა (ბოსნ. 7. muslimanska brigada), რომლებიც ელმუჯაჰიდის პირდაპირი გავლენის შედეგი იყო და ხშირად ეს ორი ქვედანაყოფი ერთმანეთში ერევათ კიდეც.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. لقاء شبكة أنا المسلم مع أمير المجاهدين العرب-سابقا- في البوسنة والهرسك
  2. 2.0 2.1 2.2 WE FOUGHT WITH THE BH ARMY, BUT NOT UNDER ITS COMMAND 09.09.2007; Sense Tribunal
  3. Nun, Jan. “U.K.: Muslim Extremist Preacher Gets Seven Years in Jail“, Radio Free Europe, 8 February 2006. 
  4. Naughton, Philippe. “Profile: Abu Hamza“, Times Online edition, 7 February 2006. 
  5. McDermott, Terry (2005). Perfect Soldiers: The Hijackers: Who They Were, Why They Did It. HarperCollins. ISBN 0-06-058469-6. 
  6. Становништво према националној припадности и површина насеља
  7. Hoare, Marko Attila (2014). Bosnian Muslims in the Second World War. Oxford University Press, გვ. 12. ISBN 9780199327850. 
  8. Binder, David. “Alija Izetbegovic, Muslim Who Led Bosnia, Dies at 78“, 20 October 2003. 
  9. PROSECUTOR V DRAGOLJUB KUNARAC, RADOMIR KOVAC AND ZORAN VUKOVIC
  10. The Prosecutor v. Gojko Janković & Radovan Stanković
  11. Photography in the Docket, as Evidence
  12. From One Serbian Militia Chief, A Trail of Plunder and Slaughter
  13. Bodies found on lake's shore may be missing Bosnian Muslims
  14. Exhibit details Bosnia ethnic cleansing
  15. Five Serbs guilty of Omarska camp atrocities
  16. Bosnian Serb's life term quashed
  17. Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia
  18. Rusmir Mahmutćehajić The Denial of Bosnia. — Penn State Press, 2000. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 9780271038575
  19. PROMINENT BOSNIAN CROATS INDICTED FOR THE "ETHNIC CLEANSING" OF THE LASVA VALLEY AREA
  20. A Serbian Fighter's Path of Brutality By JOHN F. BURNS, Published: November 27, 1992
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 ICTY THE PROSECUTOR v. ENVER HADŽIHASANOVIĆ AMIR KUBURA; Case No. IT-01-47-T; Date: 15 March 2006;
  22. Al-Qaeda in Bosnia: Bosnian Muslim War Crimes Trial; Carl Savich
  23. 23.0 23.1 PROSECUTOR v. DARIO KORDIĆ & MARIO ČERKEZ
  24. يطلبون الموت اكثر مما يسعون الى النصر الوسط تاريخ النشر: (هـ) ١٦/٤/١٤١٣ (م) ١٢/١٠/١٩٩٢
  25. من قصص الشهداء العرب في البوسنه والهرسك أبو الزبير المدني - محمد الحبشي حمد القطري
  26. من قصص الشهداء العرب في البوسنه والهرسك أبو مريم الأفغاني حمد القطري
  27. A PROFESSIONAL KIDNAPPING; 20.02.2004
  28. Prosecutor against Rasim Delić; amended indictment
  29. من قصص الشهداء العرب في البوسنه والهرسك أبو علي الكويتي - كليب المطيري حمد القطري
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 ICTY Rasim Delić - Judgement
  31. QUESTIONING PRISONERS OF WAR Sense Tribunal
  32. War crimes: "Vozuca case" ex-yupress.org.
  33. BBC News - EUROPE - Mujahideen fight Bosnia evictions.