ხორვატთა თავდაცვის ძალები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხორვატთა თავდაცვის ძალები
HOS flag.svg
ხორვატთა თავდაცვის ძალების ალამი
აქტიური 22 იანვარი 199116 აპრილი 1993
ქვეყანა Flag of Croatia.svg ხორვატია
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
შემადგენლობა ხორვატები

National Symbol of Bosniaks in Sandzak.png ბოსნიელები

ტიპი მოხალისეთა შენაერთი
მეტსახელი შავები(ხორ. Crnci)
დევიზი სამშობლოსთვის მზად ვართ!
(ხორ. Za dom spremni)
ფერები     
ბრძოლები ხორვატიის ომი

ბოსნიის ომი

დაიშალა Flag of Croatia.svg 1991

Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg 1993

მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
ბლაჟ კრალევიჩი
განმასხვავებელი ნიშნები
სამკლაური ქრისტიანი მებრძოლებისთვის Patch of the Croatian Defence Forces.svg
სამკლაური მუსლიმი მებრძოლებისთვის Patch of the Croatian Defence Forces for Muslims.svg
ბოსნიური სამკლაური Patch of the Croatian Defence Forces in BiH.svg

ხორვატთა თავდაცვის ძალები (ხორ. Hrvatske obrambene snage; შემოკლებით HOS) — ხორვატთა უფლებების პარტიის სამხედრო ფრთა. ხორვატიის ომის დასაწყისში პარტიამ ჩამოაყალიბა რამდენიმე ბატალიონი, რომლებიც მოქმედებდნენ იუგოსლავიის სახალხო არმიის წინააღმდეგ, ალყაში მოაქციეს ხორვატიაში მდებარე ყაზარმები. აბრევიატურა HOS, რომელიც გამოიყენებოდა რაზმის სიმბოლიკაზე, ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების (ხორ. Hrvatske oružane snage) აბრევიატურის ანალოგიური იყო. შავი უნიფორმა და სლოგანი სამშობლოსთვის მზად ვართ! (ხორ. Za dom spremni), ასევე ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სიმბოლიკიდან იყო გადმოღებული.

ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატთა უფლებების პარტიის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუგოსლავიაში მრავალპარტიული სისტემის დაშვების შემდეგ აღდგენილი იქნა ხორვატთა უფლებების პარტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალული იყო. მის პარალელურად არსებობდა ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანება, რომელსაც ფრანიო ტუჯმანი ედგა სათავეში. მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვება სწორედ ტუჯმანის ორგანიზაციამ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობით.

იუგოსლავიის დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იუგოსლავიის დაშლა.

იუგოსლავიის დაშლის პარალელურად სერბები იწყებენ ზრუნვას იმისთვის, რომ უმცირესობაში არ დარჩნენ. ისინი აცხადებენ რამდენიმე ავტონომიურ რეგიონს ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიაზე, რომელთა საბოლოო მიზანი სერბეთთან გაერთიანება და დიდი სერბეთის შექმნა იყო. ფედერალური არმიისგან მიღებული ტექნიკის, იარაღისა და საჭურვლის დახმარებით კი სერბული ანკლავები სერიოზული სამხედრო ძალის მფლობელები ხდებიან.[1] 1991 წლის მარტში ბოსნიელ სერბთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, სერბთა დემოკრატიულ პარტიას ფედერალურმა არმიამ გადასცა 23 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო სერბულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს 51 ათასი.[2]

კარაჯორჯევოს შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიის მთავრობას ასევე შემოჰქონდა კონტრაბანდული იარაღი ხორვატების შესაიარაღებლად ხორვატიაში, ხოლო როდესაც სერბებმა ბოსნიის ტერიტორიის გამოყენება დაიწყეს კრაინის მხარდასაჭერად, ხორვატიის მთავრობამ ბოსნიის ხორვატების შეიარაღებაც დაიწყო. ტუჯმანსა და ჯერ კიდევ იუგოსლავიის პრეზიდენტ მილოშევიჩს შორის 1991 წლის 25 მარტს კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს, მოხდა შეთანხმება იუგოსლავიის გადანაწილების გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე ნერეტვამდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.[3]

სამხედრო ფრთის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბული საფრთხის გამო ხორვატთა უფლებების პარტია ქმნის ხორვატთა თავდაცვის ძალებს, რომლებიც იწყებენ ფედერალური არმიის ყაზარმების ალყას ხორვატიაში, რადგან ეს ფედერალური არმია ღიად იჭერდა კრაინელი სერბების მხარეს.[4] ბოსნიაშიც ყალიბდება თავდაცვის ძალების ადგილობრივი უჯრედი, რომლებიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პირობით, რომ ისინი იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ.[2]
ბოსნიაში ხორვატიის მთავრობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმებითაა ნაკარნახევი – 1991 დეკემბერში ტუჯმანი საიდუმლოდ ატყობინებს ბოსნიელ ხორვატებს, რომ ბოსნიის სუვერენიტეტს პერსპექტივა არ გააჩნდა, თუმცა ჯერჯერობით მისთვის მხარდაჭერა ჯობდა სერბებზე ზეწოლის მოსახდენად, 1992 იანვარში ტუჯმანის მითითებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების რადიკალურმა ფრთამ დაიწყო მიზეზების ძიება, რომ სტეპან კლუიჩი პარტიის ლიდერობიდან გადაეყენებინათ, რადგან იგი ბოსნიელებთან თანამშრომლობის მომხრე იყო და მის მაგიერ მოეყვანათ მათე ბობანი, რომელიც კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად, ბოსნიის ხორვატული ტერიტორიების ხორვატიასთან შეერთების მომხრე იყო.[2]
ხორვატთა თავდაცვის ძალები, მიუხედავად მწირი შეიარაღებისა, გარკვეულ წარმატებებს აღწევენ საბრძოლო მოქმედებებში. ისინი ხორვატული საზოგადოებისა და დიასპორის ყურადღების ცენტრში ექცევიან, იღებენ მათგან შემოწირულობებს, რაც საშუალებას აძლევს უკეთ შეიარაღდნენ და უფრო აქტიურად იმოქმედონ სერბების წინააღმდეგ.

თავდაცვის ძალების დაშლა ხორვატიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედმეტად აქტიური მოქმედებების გამო ხორვატთა თავდაცვის ძალები გამოდიან კარაჯორჯევოს შეთანხმების საზღვრებიდან, რადგან ისინი ტუჯმანის მოლაპარაკებას სერბებთან არ ცნობენ და აგრძელებენ მოქმედებას იმ ზონებშიც, რომელიც მილოშევიჩ–ტუჯმანის შეთანხმების თანახმად სერბებს ეკუთვნოდათ. ამის გამო ტუჯმანი ცდილობს თავიდან მოიშოროს ეს ორგანიზაცია. ორგანიზაციის ლიდერი, ანტე პარაჯიკი ზაგრებში პოლიციის ბლოკპოსტზე მოკლეს, რაც მოგვიანებით მთავრობამ შემთხვევითობით ახსნა. შემდეგ ცხადდება საყოველთაო მობილიზაცია ხორვატიის არმიაში, რომელიც დემოკრატიული გაერთიანების სამხედრო ფრთის, ეროვნული გვარდიის (ხორ. Zbor narodne garde Republike Hrvatske; ZNG RH) საფუძველზე შეიქმნა. თავდაცვის ძალების მებრძოლთა დიდი ნაწილი არმიის შემადგენლობაში გადადის და ხორვატთა თავდაცვის ძალები წყვეტს ოპერაციებს ხორვატიის ტერიტორიაზე.[4]

ბოსნია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატთა თავდაცვის ძალები მოქმედებს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზეც, სადაც ისინი მონაწილეობდნენ ფედერალური არმიის შენაერთების დაყოვნებასა და შეფერხებაში ხორვატიისკენ სვლის დროს. 1992 წლის 3 იანვარს დობროსლავ პარაგა, უფლებების პარტიის ლიდერი ბოსნიაში სამხედრო ფრთის ლიდერად ნიშნავს ბლაჟ კრალევიჩს. [5] კრალევიჩი, ხორვატი ემიგრანტი, რომელიც ხორვატთა ემიგრანტულ ნაციონალისტურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული და ავსტრალიიდან დაბრუნდა იუგოსლავიის დაშლის დროს, ბოსნიის ერთიანობის მომხრე იყო და ეწინააღმდეგებოდა ხორვატ სეპარატისტთა მისწრაფებებს, ბოსნიის ხორვატულ ნაწილში შეექმნათ რესპუბლიკა, რომელსაც ბოსნიელებისგან გაწმენდდნენ და საბოლოოდ ხორვატიას შეუერთებდნენ.[6]

ბოსნიის დამოუკიდებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 9 იანვარს სერბები აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ. სერბთა პოზიციის დასაძლევად ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალია იზეთბეგოვიჩმა დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[7] 1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.[8] ამ დროს სარაევო დაყოფილია ეთნიკური ნიშნით და მიმდინარეობს სისხლიანი დაპირისპირება – 1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[9] სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს მწვანე ბერეტების ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.[10] მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა.[8]

ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 აპრილს ბოსნიის ომის დაწყებისთანავე სერბებმა გამოიყენეს ფედერალური არმიისგან აღებული საჭურველი და დაიწყეს მათი რესპუბლიკის ტერიტორიული პრეტენზიების განხორციელება. 8 აპრილს ჩამოყალიბდა ხორვატთა თავდაცვის ვეჩე, ხორვატი სეპარატისტების სამხედრო ორგანიზაცია, ხოლო 15 აპრილს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია, რომლის ორ მესამედს ბოსნიელები შეადგენდნენ, ერთ მესამედს კი სერბები და ხორვატები.[11]

გრაცის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 მაისს სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიის ხორვატთა ლიდერი მათე ბობანი ხვდებიან ერთმანეთს გრაცში, სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.[12] თავდაცვის ძალების ლიდერმა კრალევიჩმა, ისევე როგორც ბოსნიელ ხორვატთა ლიდერების ნაწილმა (ტომისლავ დრეტარმა, სტეპან კლუიჩმა), უარყო ეს შეთანხმება. კრალევიჩის თქმით, მისი სურვილი იყო ხორვატია დრინამდე, მაგრამ ეს ბოსნიის მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა და არა მას. ეთნიკური წმენდა, რაც ხორვატ სეპარატისტთა მოქმედების ქვაკუთხედი იყო, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.[13]

ბოსნიელებისა და ხორვატების დაპირისპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატთა თავდაცვის ძალები სოფელ კლეპცისთან, ჩაპლინას ახლოს. 1992

მიუხედავად პრო-ბოსნიურ ხორვატ ლიდერთა მცდელობისა, ბოსნიის ხორვატთა ნაწილი ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას მიემხრო. მათი სამხედრო ძალა, ხორვატთა თავდაცვის ვეჩე, ბოსნიელი წევრებისგან გაწმინდეს, ხოლო იგი ჰერცეგ–ბოსნიის ტერიტორიაზე ერთადერთ ლეგალურ სამხედრო ძალად გამოცხადდა, რომელსაც იქ ყოფნის კანონიერი უფლება ჰქონდა.[2] დაიწყო დაპირისპირება ხორვატთა თავდაცვის ვეჩესა და ხორვატთა თავდაცვის ძალებს შორის, თუმცა თავდაცვის ძალებმა თავდაპირველად საკმაო წარმატებებს მიაღწიეს. მათ გაათავისუფლეს ჩაპლინა, ნეუმი, სტოლაჩი, მოსტარის დიდი ნაწილი. ივლისის ბოლოს ჩაპლინაში 700 ვეჩეს წევრი შეუერთდა თავდაცვის ძალებს. ვეჩე ასევე დატოვეს მებრძოლებმა ტომისლავგრადში, ლივნოში, მოსტარში.[14]
1992 ივლისში ხორვატთა თავდაცვის ძალებმა შეტევა წამოიწყეს ტრებინესა და ბილეჩზე. ეს ტერიტორია გრაცის შეთანხმებით სერბებს ეკუთვნოდათ, ხოლო ხორვატების შეტევა ამ სოფლებზე ამ შეთანხმებას ანულებდა. ხორვატიასა და ჰერცეგ-ბოსნიაში საბოლოოდ გადაწყვიტეს კრალევიჩის მოშორება და ამის გაკეთება იმგვარადვე დაგეგმეს, როგორც ანტე პარაჯიკის.[15] 1992 წლის აგვისტოს დასაწყისში, ტრებინეს ოპერაციის შემდეგ ალია იზეთბეგოვიჩმა კრალევიჩი მიიწვია ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის წევრად. მიწვევიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კრალევიჩი მოლაპარაკებაზე მიიწვია ბობანმაც. გზად სოფელ კრუშევოსთან ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს მებრძოლებმა მლადენ ნალეტინიჩის მეთაურობით მანქანებში ჩაცხრილეს მოლაპარაკებაზე მიმავალი კრალევიჩი და მისი რვა თანმხლები, ხორვატთა თავდაცვის ძალების შტაბის წევრები.[16]

დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლელობის შემდეგ კრალევიჩისა და მისი თანმხლებების ცხედრები სასწრაფოდ სპლიტში გადაასვენეს ვეჩეს მებრძოლებმა, თან განაცხადეს, რომ პირველი ცეცხლი სწორედ მათ გაუხსნეს თავდაცვის ვეჩეს წევრებს, როცა მათ მოთხოვეს შესამოწმებლად მანქანების გაჩერება. ხორვატული მედია ირწმუნებოდა, რომ კრალევიჩი იყო იუგოსლავიის სპეცსამსახურის აგენტი, რომელიც ავსტრალიიდან ბოსნიელ ხორვატთა ინტერესების დასაზარალებლად დააბრუნეს.[14]
ბოსნიაში ხორვატთა თავდაცვის ძალების ახალ ლიდერად აირჩიეს ანტე პრკაჩინი, რომელიც 1993 აპრილში ხორვატი სეპარატისტების მხარეზე გადავიდა და თავდაცვის ვეჩეს შეუერთდა. ხორვატთა თავდაცვის ძალები დაიშალა, მათი ნაწილი პრკაჩინთან ერთად გადავიდა თავდაცვის ვეჩეში, ნაწილი კი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში შევიდა. ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის დაპირისპირება უფრო გაღრმავდა და სრულმასშტაბიან ეთნიკურ წმენდებში გადავიდა. ხორვატთა თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფი გაუქმდა 1993 წლის 16 აპრილს.[4]

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ლოგო შტაბი მეთაური
პირველი ბატალიონი რაინდი ივან ბრდარი
(1. bojna Ivan Vitez Brdar)
Patch of 1st battalion Ivan the knight Brdar.svg ლივნო, ბოსნია და ჰერცეგოვინა მათე შუკანი
მეორე ბატალიონი სტოიან ვუინოვიჩი – სერბი
(თავდაპირველად – ანტე პარაჯიკი)
(2. bojna Stojan Vujnović Srbin)
Patch of the 2nd Battalion Stojan Vujnovic Srbin.svg დომალევაცი, ბოსნია და ჰერცეგოვინა სტოიან ვუინოვიჩი
მეოთხე ბატალიონი
(4. bojna HOS-a)
მეექვსე ბატალიონი მარიან ბაოტიჩი
(6. bojna Marijan Baotić)
ვინკოვცი, ხორვატია
მეცხრე ბატალიონი რაინდი რაფაელ ბობანი
(9. bojna Rafael vitez Boban)
Patch of Ninth battalion Rafael the knight Boban.svg სპლიტი, ხორვატია მარკო სკეიო
პირველი ასეული ანტე პარაჯიკი
(1. satnija Ante Paradžik)
იასენოვაცი, ხორვატია
ვუკოვარის ასეული
(Vukovarska satnija HOS-a)
ვუკოვარი, ხორვატია რობერტ შილიჩი
მეცამეტე ბატალიონი რაინდი იურე ფრანცეტიჩი
(13. bojna Jure vitez Francetić)
Patch of 13th battalion Jure the knight Francetić.svg ტომისლავგრადი, ბოსნია და ჰერცეგოვინა ივან მამიჩი
რაინდები
(Vitezovi)
Patch of Vitezovi.svg ვიტეზი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ასმეერთე ბატალიონი დრინამდე
(101. bojna Do Drine)
სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მეცხრამეტე ბატალიონი რაინდი იურე ფრანცეტიჩი
(19. bojna Vitez Jure Francetić)
გოსპიჩი, ხორვატია ვალენტინ რაიკოვიჩი
შავი მგლები
(Crni vukovi)
კალესია, ბოსნია და ჰერცეგოვინა
დაღდასმულები
(Žigosani)
Patch of Zigosani.svg ნოვი ტრავნიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ასეული მონადირე
(Satnija Lovac)
Patch of Lovac.svg
ლუბუშკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ცალკეული უსაფრთხოების ასეული
(Samostalna satnija osiguranja)
ზაგრები, ხორვატია
მოსტარის ბატალიონი
(Mostarska bojna HOS-a)
მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლუბუშკის ასეული
(Ljubuška satnija HOS-a)
ლუბუშკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ზენიცის ასეული
(Zenička satnija HOS-a)
ზენიცა, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ტუზლის ასეული
(Tuzlanska satnija HOS-a)
ტუზლა, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჩაპლინის ასეული
(Čapljinska satnija HOS-a)
ჩაპლინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lukic, Reneo; Lynch, Allen (1996) Europe from the Balkans to the Urals: The Disintegration of Yugoslavia and the Soviet Union. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-829200-5. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ramet, Sabrina P. (2006). The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34656-8. 
  3. WITNESS: HRVOJE SARINIC; ICTY; Thursday, 22 January 2004
  4. 4.0 4.1 4.2 Thomas, Nigel (2006). The Yugoslav Wars (2): Bosnia, Kosovo and Macedonia 1992 – 2001. New York: Osprey Publishing. ISBN 978-1-84176-964-6. 
  5. (2002) Balkan Battlegrounds: A Military History of the Yugoslav Conflict, 1990–1995. Washington: Office of Russian and European Analysis, Central Intelligence Agency. ISBN 978-0-16-066472-4. 
  6. Bošnjak, Mladen (2007). Blaž Kraljević: pukovnik i pokojnik (Serbo-Croatian). Mostar: Radio Stari Most. ISBN 978-9958-9138-0-8. 
  7. REPORT: THE REFERENDUM ON INDEPENDENCE IN BOSNIA-HERZEGOVINA
  8. 8.0 8.1 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  9. Robert J. Donia Sarajevo: A Biography. — University of Michigan Press, 2006. — ISBN 9780472115570
  10. KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!
  11. Tanner, Marcus (2001). Croatia: A Nation Forged in War. New Haven: Yale University Press. ISBN 978-0-300-09125-0. 
  12. Herzegovina Serbs, Croats Met Secretly to Split Bosnia Los Angeles Times; May 09, 1992.
  13. Moore, Adam (2013). Peacebuilding in Practice: Local Experience in Two Bosnian Towns. Ithaca: Cornell University Press. ISBN 978-0-8014-5199-7. 
  14. 14.0 14.1 Peratović, Željko. “Je li Tuta platio atentatorima po pet tisuća maraka“, 12 May 2003. 
  15. Serbs and Croats Now Join In Devouring Bosnia's Land The New York Times; October 22, 1992.
  16. RAT U RATU: (HRVATSKO-MUSLIMANSKI SUKOB) 1992. – 1995. Erich Rathfelde; 1998.