წყლის მემინდვრია
წყლის მემინდვრია | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Arvicola amphibius (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
სინონიმებიი | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 2149 | |||||||||||||||||
|
წყლის მემინდვრია[1] (ლათ. Arvicola terrestris) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შესახედაობით ვირთაგვას წააგავს. სხეულის სიგრძეა 13–25 სმ, კუდისა — სხეულის სიგრძის არაუმეტეს ⅔, არეალის სხვადასხვა ნაწილში მაქსიმალური წონაა 160–320 გრამი. ბეწვი რბილია, წითურიდან შავამდე, ხშირად მურა შეფერილობის, არიან ალუბლისფერი ინდივიდებიც. გავრცელებულია ევრაზიაში — ატლანტის ოკეანიდან მდინარე ლენამდე, ტუნდრის ზონისა და არიდული ოლქების გამოკლებით.[2] საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება, ჩვენში გავრცელებულია მისი ორი ქვესახეობა: სპარსული წყლის მემინდვრია (A. t. persicus) და ოსური წყლის მემინდვრია (A.t. ognevi). კარგად ცურავს.[1] ბუნებაში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მტაცებელი მხეცებისა და ფრინველების საკვებს, განსაკუთრებით — მასიური გამრავლების წლებში. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ერთ-ერთი ყველაზე საშიში მავნებელია.[2] ზიანს აყენებს მემინდვრეობას, მეტყევეობას და მებაღეობას. ბეწვი დაბალი ხარისხისაა და სარეწაო ღირებულება არ აქვს.[1]
ცხოვრობს სოროში, რასაც სანაპიროზე თხრის.[1] ზაფხულში ბინადრობს პატარა მდინარეების და ტბების ნაპირებზე, ჭაობებში; განსაკუთრებით მაღალი რიცხოვნობითაა წარმოდგენილი დიდი მდინარეების ჭალებში, სტეპების ლელიან ტბებზე, ტენიან ალპურ მდელოებზე. იკვებება ისლით, ლაქაშით, ლელითა და სხვ.,[2] აგრეთვე მოლუსკებით, მწერებით.[1] სიცოცხლის ხანგრძლივობა 1–2 წელია. დედალი ზაფხულის განმავლობაში 4-მდე თაობას იძლევა, თითოეულზე ყრის 4–9 (მაქსიმუმ 13) ნაშიერს. ზამთარს არეალის უდიდეს ნაწილში სოროში ატარებს. იკვებება ფესურებით, გორგლებით, ბოლქვებით, აგრეთვე შემოდგომით გამზადებული საკვების მცირე მარაგით. გამოზამთრების ადგილებში მარცვლოვნების, ბოსტნეულისა და კარტოფილის მავნებელი ხდება. ხეების ფესვების გადაღრღნით ზიანს აყენებს ხეხილის ბაღებს და ახალგაზრდა ნარგავებს. სოროდან მიწის ამოყრითა და მისი გროვების გაკეთებით აზიანებს საძოვრებსა და სათიბებს, მარცვლოვნების აღების დროს პურეულის ბულულებს ფანტავს.[2]
წყლის მემინდვრიას რიცხოვნობა ხასიათდება ციკლური მერყეობებით. მასობრივი გამრავლების დროს, რომელიც ყოველ ათწლეულში მეორდება, რაოდენობა იზრდება ათასჯერ და შესაძლოა 1 ჰექტარზე 1000 ინდივიდს მიაღწიოს. ასეთ წლებში კატასტროფული ზიანი მოაქვთ მოსავლისათვის დასავლეთ ციმბირის სამხრეთ ოლქებში, საფრანგეთის დაბლობებში, შვეიცარიის სუბალპურ მდელოებზე. 1970-იან წლებში ვოლგისპირეთში, აგრეთვე ბელარუსისა და უკრაინის პოლესიეზე მასობრივი სამელიორაციო სამუშაოების განხორციელებამდე, ეს რეგიონები ძლიერ ზარალდებოდა წყლის მემინდვრიას აქტიურობით. წყაროა ისეთი ძლიერ საშიში ბუნებრივ-კეროვანი დაავადებებისა, როგორიცაა ტულარემია, ომსკის ჰემორაგიული ცხელება და სხვ.[2]
ებრძვიან სხვადასხვა ღონისძიებებით: ხაფანგებით, ვირთაგვას მახეებით, აგრეთვე გუთნის ნაღარებში ჩარჭობილი სპეციალური დამჭერი ცილინდრებითა და კონუსებით დაჭერა; მომწამვლელი სატყუარების გამოყენება.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ავალიანი რ., წყლის მემინდვრია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 368.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Пантелеев П. А. Водяная полёвка // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 512.