არიდული ჰავა
არიდული ჰავა (ლათ. aridus — მშრალი) — უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების ჰავა. ახასიათებს ჰაერის ტემპერატურის დიდი დღეღამური და წლიური ამპლიტუდები. ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა ან თითქმის სრული უნალექობა (100-150 მმ წელიწადში). უდაბნოებზე გამავალი მდინარეები, რომლებიც უფრო ნოტიო უბნებიდან მოედინება, აქ თხელდება და ხშირად მლაშე ტბებიან გაუდინარ ქვაბულებში იკარგება. გაშიშვლებული მიწის ზედაპირის ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად ირყევა, რის გამო მკვრივი ქანებიც კი იშლება და ქვიშად იქცევა. ქარს ადვილად გადააქვს მშრალი ქვიშა და ბარხანებისა და დიუნების ტალღოვან რელიეფს ქმნის.
არიდული ჰავა ყველაზე მკვეთრად გამოხატულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებზე (საჰარა, არაბეთის ნახევარკუნძულისა და ავსტრალიის უდაბნოები). უფრო მაღალ განედებზე დაკავშირებულია ოკეანის სიშორესთან (ცენტრალური და შუა აზიის უდაბნოები) ან იმ ქედებთან, რომლებიც ოკეანიდან წამოსულ სინოტივეს ეღობება წინ (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უდაბნოები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 566.