წითელყელა მურტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წითელყელა მურტალა
Flickr - Rainbirder - Slavonian Grebe (Podiceps auritus).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Podiceps auritus (Linnaeus, 1758)
ქვესახეობები
  • P. a. auritus
  • P. a. cornutus
სინონიმები
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22696606
გავრცელება
Slavonian Grebe-location-map-en.svg
  გამრავლება
  გამოზამთრება

წითელყელა მურტალა,[1] რქოსანი მურტალა[1] (ლათ. Podiceps auritus) — ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 31–38 სმ-ია,[3][4] ფრთისა — 13–15 სმ, ნისკარტისა — 2–2,7 სმ,[5] ფრთების შლილი 55–74 სმ,[3] მასა 400–500 გრამი.[5] სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზაფხულში ზრდასრული ფრინველის შუბლი, კეფა, კისრის უკანა მხარე, ნიკაპი და სხეულის ზურგის მხარე შავია, მაგრამ ზურგისა და მხრების ბუმბულების ცენტრები უფრო ღია ფერისა აქვს. საყელოს წაგრძელებული ბუმბულებიც შავია, თვალების ზემოთ და კეფის წაგრძელებული ბუმბულები ქარცი. კისრის წინა მხარე, ჩიჩახვი და გვერდებიც ქარცია, ფრთების ქვეშა ბუმბულები — თეთრი, ფრთების კიდეებზე მოწაბლისფრო ნარევით. მკერდი, მუცელი და გვერდები თეთრია. საჭის ბუმბულები შავია, მოწაბლისფრო-ქარცი ფერის ნარევით. მომქნევები მორუხო-მურაა, მეორე რიგის მომქნევების ნაწილი თეთრი. ზამთარში არ აქვს ყურებისა და საყელოს წაგრძელებული ბუმბულები. მთელი ზედა მხარე მუქი მურაა. თავის გვერდები, ყელი და მთელი ქვემო მხარე თეთრია. კისერი წინიდან და სხეულის გვერდები გამუქებულია.[5] ნისკარტი სწორი და შავია, აქვს უფრო ღია ფერის წვერო. ცურვის დროს კისერი ოდნავ უკან აქვს გადაგდებული.[6] გალო და გარეთა თითი გარეთა მხრიდან მომწვანო შავია. გალო შიგნითა მხრიდან და სხვა თითები მომწვანო-მურა ფერისაა. თვალები წითელია.[5]

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ზომიერ სარტყელს, ძირითადად ტყის ზოლს. ევროპასა და აზიაში ჩრდილოეთი საზღვარი გადის ისლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდანნორვეგიაზე, შვედეთსა და ფინეთზე, შემდეგ ონეგის ტბაზე, ვიჩეგდის აუზზე, სიქტივკარზე, ზემო პეჩორაზე, ენისეიზე 57-ე პარალელამდე, ანადირის აუზსა და კამჩატკაზე. სამხრეთი საზღვარი ბალტიისპირეთიდან იწყება და მიემართება მინსკის, კალინინის, ორენბურგის, ნურ-სულთანის, ბალხაშის ტბის გასწვრივ, ცენტრალურ ტიან-შანისა და ისიკ-ყულის გავლით, თათრის სრუტემდე. ზამთრობს მცირე რაოდენობით კასპიისა და შავ ზღვებზე, ხოლო მეტწილად — დასავლეთი ევროპის, ჩრდილოეთი აფრიკისა და ამერიკის სანაპიროებზე.[5] საქართველოში გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას.[4] გამრავლების პერიოდში ბინადრობს დამდგარ, მეტწილად მცირე ზომის წყალსატევებზე, აგრეთვე ტორფიან ჭაობებში ან მდინარეთა ყურეებში, კარგად განვითარებული წყლის მცენარეულობით. მიმოფრენისას და ზამთარში გვხვდება მდინარეებსა და ზღვების სანაპიროებზე.[5]

ბუდობს განცალკევებულ წყვილებად ან პატარა კოლონიებად. აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ნახევარში ბუდეს იკეთებს წყლის ხმელი მცენარეებისაგან, უშუალოდ წყალზე ან მის ნაპირთან.[5] დებს 4–5, ზოგჯერ 3–7 კვერცხს. ნაჭუჭი მოთეთრო-მომწვანო ან მოყვითალოა.[7] კვერცხის ზომა 58×39 მმ.[8] მორიგეობით კრუხავს ორივე მშობელი, უფრო მეტხანს — დედალი. ინკუბაცია 22—24 დღეს გრძელდება.[5] გამოჩეკიდან მალევე შეუძლიათ ცურვა. კვებავენ მშობლები, ზოგჯერ ზურგითაც დაჰყავთ. წელიწადში ერთ თაობას იძლევა, იშვიათად ორს. პირველი თაობის მოზარდი ზოგჯერ მეორე თაობის გამოკვებაში ეხმარება მშობლებს.

ძირითად იკვებება წყლის ორგანიზმებით: წვრილი თევზებით, ამფიბიებით, მოლუსკებით, მწერებით, აგრეთვე ობობებით, წყლის მცენარეთა თესლებით და მწვანე ნაწილებით. ადამიანის საქმიანობისათვის რაიმე ტიპის მნიშვნელობა არ გააჩნია. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში საერთო რაოდენობა მკვეთრად შემცირდა; ჩრდილოეთ ამერიკაში — დაახლ. 75%-ით, ევროპაში — დაახლ. 30%-ით.[9]

განირჩევა ორი ქვესახეობა — P. a. auritus (ევრაზიული) და P. a. cornutus (ჩრდილოამერიკული). ერთმანეთთან ახლოს დგანან და თითქმის არ განსხვავდებიან, თუმცა ევრაზიული უფრო მუქია, ამერიკულს ზურგზე აქვს ნაცრისფერი ბუმბულები, რომლებიც ევრაზიულში შეუმჩნეველია ამ საერთოდ არ არის.[10]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 65, 141, 186, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. Podiceps auritus Linnaeus 1758. The Paleobiology Database. fossilworks.org. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
  3. 3.0 3.1 Stedman (2000). "Horned Grebe (Podiceps auritus)". The Birds of North America. 505.
  4. 4.0 4.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 16, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, გვ. 40–42, თბ.: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985.
  6. Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 33–34. 432 с.
  7. Horned Grebe (Podiceps auritus). Guide to North American Birds. National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2020.
  8. Hauber, Mark E. (1 August 2014). The Book of Eggs: A Life-Size Guide to the Eggs of Six Hundred of the World's Bird Species. Chicago: University of Chicago Press, გვ. 69. ISBN 978-0-226-05781-1. 
  9. BirdLife International (2015). "Podiceps auritus". IUCN Red List of Threatened Species 2015. https://www.iucnredlist.org/details/22696606/0. წაკითხვის თარიღი: 25 აგვისტო, 2020.
  10. Parkers (1952). "Geographic variation in the Horned Grebe". Condor 54 (5): 314–315. . JSTOR 1364948.