პეჩორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პეჩორა
Pechora River by Pechora, Russia.JPG
მდინარე პეჩორა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები კომის რესპუბლიკა
ნენთა ავტონომიური ოკრუგი
მარჯვენა შენაკადები ილიჩი და სხვა
მარცხენა შენაკადები უნია და სხვა
სათავე ჩრდილოეთი ურალი
62°12′06″ ჩ. გ. 59°25′55″ ა. გ. / 62.20167° ჩ. გ. 59.43194° ა. გ. / 62.20167; 59.43194
სათავის სიმაღლე 676 მ
შესართავი პეჩორის უბე
68°18′27″ ჩ. გ. 54°25′00″ ა. გ. / 68.30750° ჩ. გ. 54.41667° ა. გ. / 68.30750; 54.41667
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 1809 კმ
აუზის ფართობი 322 კმ²
მდინარის სისტემა ბარენცის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 4120 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 40 ათ. მ³/წმ
პეჩორა — რუსეთი
პეჩორა
პეჩორა
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg პეჩორა ვიკისაწყობში

პეჩორა (რუს. Печора) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და ნენთა ავტონომიურ ოკრუგში. სათავე აქვს ჩრდილოეთ ურალში, ზღვის დონიდან 676 მ სიმაღლეზე. სიგრძე 1809 კმ, აუზის ფართობი 322 ათ. კმ². ერთვის ბარენცის ზღვის პეჩორის უბეს. პეჩორა მიედინება რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[1]

ზემო დინებაში წარმოადგენს ჭორომიან, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების მდინარეს. ხეობა შედარებით ვიწროა და ღრმა, მაღალი და ხშირად ფლატეებიანი ნაპირებით; კალაპოტი დაკლაკნილია, ჩეულებრივ არაგანშტოებული, პატარა, 50-დან 100 მ-მდე საშუალო სიგანით, ბევრი ჭორომითა და ჭალიანი მონაკვეთებით. მდინარე უნიის შესართავამდე მდინარის საშუალო დახრილობაა დაახლოებით 2,5–3 ‰, ქვემოთ 0,2 ‰. მდინარე ვოლოსნიცის შესართავის შემდეგ უხვევს ჩრდილოეთისაკენ და მიედინება პეჩორის დაბლობზე. მდინარე ილიჩის შესართავის ქვემოთ მდინარის ჩამონადენი თითქმის ორმაგდება, კალაპოტის კლაკნილობა მცირდება, სიგანე იმატებს (200–400 მ-მდე და მეტი), ჩნდება იშვიათი ჩქერები და კუნძულები. ნაპირების სიმაღლე მეტწილად 6–9 მ-ია. დახრილობა საშუალოდ 0,10–0,12 ‰. მდინარეების ველიუსა და შჩუგორის შესართავებს შორის კალაპოტი ხასიათდება 400–600 მ სიგანის მეანდრირებული და გაწრფევებული მონაკვეთების მონაცვლეობით.[2]

მდინარე შჩუგორის შესართავთან პეჩორა კვეთს ურალის მთების დასავლეთ განშტოებას, ნაპირებზე შიშვლდება კირქვები. შჩუგორის შესართავის ქვემოთ კუნძულების რაოდენობა კალაპოტში იზრდება; ხეობა და ჭალა ფართოვდება. მდინარე კოჟვის შესართავის შემდეგ მნიშვნელოვნად ფართოვდება, ფართო ჭალაში ბევრია ნარიონალი, კალაპოტში დიდი რაოდენობითაა ჩქერები, ცელები, ჭალაკები, კუნძულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. პეჩორის სიგანე მდინარე უსის შესართავთან 1200 მ-ია; ქვემოთ პეჩორა მიედინება დასავლეთისაკენ, სადაც ქმნის განედურ მუხლს ორი დიდი კლაკნილით. წყლოვანება თითქმის ორმაგად იზრდება და პეჩორა ხდება მძლავრი და წყალუხვი მდინარე. მარჯვენა ნაპირი ციცაბოა, სიმაღლე 50–60 მ-მდე, მარცხენა — დაბალი. მდინარე ცილმის შესართავის ქვემოთ პეჩორა ჩრდილოეთისაკენ უხვევს, აქვს 10 კმ სიგანის ორმხრივი ჭალა, რომელიც მრავალრიცხოვანი ტბებითა და ნარიონალებითაა დაფარული.[2]

მდინარე კუნძულებით იყოფა მრავალრიცხოვან ტოტებად და ფშანებად. დახრილობა 0,05 ‰-ზე ნაკლებია. პეჩორის უბიდან 120 კმ-ში დიდი პეჩორისა (მარჯვენა ტოტი) და პატარა პეჩორის (მარცხენა ტოტი) გაყოფის კვანძში იწყება 3250 კმ² ფართობის მქონე დელტა. სოფელ ანდეგის ქვემოთ ტოტების რიცხვი დელტაში იზრდება, რომელთაგან უდიდესია უტჩერ-შარი, კრესტოვი-შარი, სრედნი-შარი, მესინი. დელტაში ბევრია ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია გოლოდნაია-გუბა. პეჩორის მთავარი შენაკადებია: ილიჩი, შჩუგორი, უსა, ლაია და შაპკინა (მარჯვენა); ჩრდილოეთი მილვა, კოჟვა, იჟმა, პიჟმა, ცილმა და სულა (მარცხენა). მდინარის აუზში 34,6 ათ. ნაკადი და 62 ათ.-ზე მეტი ტბაა.[3]

დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, შემოდგომის წყალმოვარდნა და ზამთრის წყალმცირობა. საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით (წლიური ჩამონადენის 60 %); წვიმისა და გრუნტის წყლებზე მოდის 20–25%. წყალდიდობა იცის აპრილის ბოლოდან ივლისის ბოლომდე, ჩვეულებრივ აქვს ორი პიკი. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 66 % და შეინიშნება წყლის მაქსიმალური ხარჯი. ხანმოკლე ზაფხულ-შემოდგომის წყალმცირობა ირღვევა წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნით; შემოდგომის წყალმოვარდნის შემდეგ იწყება მდგრადი ზამთრის წყალმცირობა (ნოემბერი–აპრილი). წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 4120 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი 40 ათ. მ³/წმ. იცის მდგრადი და ხანგრძლივი გაძგიფვა (190–200 დღე). ყინულძვრა ზემოთიდან იწყება და ჩნდება ყინულხერგილები. რეგულარული ნაოსნობა ტროიცკო-პეჩორსკამდეა, ზოგჯერ უსტ-უნიამდე. საზღვაო გემები ნარიან-მარამდე ადიან. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვანახშირის, ნავთობპროდუქტებისა და სამშენებლო მასალის, პურისა და სხვა გადასატანად. მთავარი ნავმისადგომებია: ნარიან-მარი, უსტ-ცილმა, პეჩორა, ტროიცკო-პეჩორსკი. განვითარებულია თევზჭერა. პეჩორის აუზშია ქვანახშირის, ნავთობისა და აირის საბადოები. მდინარის ზემო წელშია პეჩორა-ილიჩის ნაკრძალი, შესართავში ნენთა ნაკრძალი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Печора — Научно-популярная энциклопедия «Вода России»
  2. 2.0 2.1 Печора | Большая российская энциклопедия
  3. Да­вы­дов Л. К. Гид­ро­гра­фия СССР. Л., 1955. Ч. 2
  4. Пыстин М., Печора» Экономико-географический очерк, Сыктывкар, 1974