წყლის მცენარეულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიმფა ალბა, დუმფარა

წყლის მცენარეულობა (ლათ. Aquiherbosa) — მცენარეთა თანასაზოგადოება, რომელშიც გაბატონებულია წყლის მცენარეები. არსებობს წყლის მცენარეულობის ორი ეკოლოგიური ჯგუფი:

  1. ჰიდროფიტები — მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ქვედა ნაწილითაა წყალში ჩაძირული, უმეტესად გვხვდებიან წყალსატევების ნაპირებთან და ჭარბტენიან მდელოებზე. აქვთ დიდი ფოთლები, არაღრმა და სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა, ბევრი უჯრედშორისები ქსოვილებში. ღეროები გადაჭრისას სწრაფად ხმება.[1]
  2. ჰიდატოფიტები — მცენარეები რომლებიც მთლიანად ან უმეტესი ნაწილით არიან წყალში მოქცეულნი. წყლის ბალახებია (ელოდეა, ვალისნერია, ქოთანა). ბინადრობენ ისეთ პირობებში, სადაც მცირე რაოდენობითაა გახსნილი აირები (ჟანგბადი, ნახშირორჟანგი) და მინერალური მარილები, ამიტომაც ამ ჯგუფის მცენარეების სხეულის ზედაპირის ფართობი თავისავე მოცულობას ბევრად აღემატება. ფოთლები ძალიან თხელია, ხშირად დანაკვთული. საკვებ ნივთიერებს იწოვენ სხეულის მთელი ზედაპირით. ღეროს თითქმის არ აქვს განვითარებული მექანიკური ქსოვილი, ისინი წყლით კავდებიან, რომელიც ჰაერზე ბევრად მკვრივია. ქსოვილებში მრავალი უჯრედშორისია (კარგად არის განვითარებული აერენქიმა), სადაც ჰაერი გროვდება.[1]

ანატომიურ-მორფოლოგიური აგებულებითა და ფიზიოლოგიური თვისებებით ისინი შეგუებულნი არიან წყალში ცხოვრების ნირს და ასეთი გარემოპირობები ოპტიმალურია მათი ზრდა-განვითარებისათვის. არსებობს წყლის მცენარეულობის 3 ტიპი:[2]

  1. ლემნური, რომელსაც ქმნის წყლის ზედაპირზე თავისუფლად მოტივტივე მცენარეები.
  2. ელოდეური, რომელშიც ჭარბობს ფსკერზე მიმაგრებული, წყალში ჩაყურსული მცენარეები.
  3. ნიმფური, რომელშიც გაბატონებულია ფსკერზე მიმაგრებული მცენარეები, რომელთა ფოთლები და გენერაციული ორგანოები წყლის ზედაპირზე ტივტივებს.

საქართველოში შედარებით ფართოდაა გავრცელებული და ტიპოლოგიურად ნაირგვარია ნიმფური ტიპი. ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად განუხრელად მცირდება წყლის მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა. საქართველოს დაბლობებში და მთის ქვედა სარტყელში გავრცელებულია წყლის მცენარეულობის 80-მდე სახეობა, ხოლო 2000 მ-ზე მაღლა თითო-ოროლა სახეობა გვხვდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ზარქუა მ., მცენარეთა ანატომიისა და მორფოლოგიის პრაქტიკული კურსი, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 170, ISBN 978-9941-17-???? Invalid ISBN.
  2. ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 368.